საქართველოში დღესაც არაერთი ქალი განიცდის მენსტრუალურ სიღარიბეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ყოველთვიურად ჰიგიენური საშუალებების ყიდვა არ შეუძლიათ.
ამაზე ლაპარაკი სირცხვილია, ამიტომ ხმამაღლა არავინ ჩივის, მაგრამ თუ დააკვირდები, დროდადრო, თვეში ერთხელ, სარეცხის თოკებზე გაფენილ ტანსაცმელს გარეცხილი ნაჭრებიც შეერევა ხოლმე. ბევრ ქალს ჰიგიენური საფენი ხშირად რჩება საყიდლების სიის მიღმა.
„შეიძლება ვინმესთვის წარმოუდგენელი იყოს, რომ ვიღაც დღემდე მარლას იყენებდეს, რეცხავდეს, ხარშავდეს, აუთოებდეს და შემდეგი თვისთვის ინახავდეს, მაგრამ ასეც ხდება. პაკეტების ფული ყველას არა აქვს. თან თუ ოჯახში ერთ ქალზე მეტია“, - მორიდებით მეუბნება ნანა. ის თბილისთან ახლოს, დევნილთა ერთ-ერთი დასახლებაში ცხოვრობს, სადაც სასმელი წყალი გრაფიკით მოდის. როცა გინდა და რამდენჯერად გინდა, ვერც დაიბან.
დედაქალაქში წამოსული, საგანგებოდ შესულა იაფიანი მარკეტში, ფასდაკლების აქციის დროს რამდენიმე შეკვრა უყიდია და დასახლების ქალებისთვისაც მიუცია.
„აქ ქალებიც და კაცებიც არსებობისთვის იბრძვიან, მთავარია, ოჯახი გამოკვებონ და მაგას ვინ ჩივის“, - მეუბნება ნანა.
რა არის "მენსტრუალური სიღარიბე" და როგორ გაჩნდა period poverty-ს ქართული შესატყვისი?
როცა საკვების, წყლის, ტანსაცმლისა და საცხოვრებლისთვის საკმარისი ფული არ გაქვს, ღარიბი ხარ.
მენსტრუალურ სიღარიბეს კი უწოდებენ ისეთ სიღარიბეს, როცა მენსტრუაციის პერიოდში ქალი ვერ ყიდულობს მისთვის სასიცოცხლო ჰიგიენურ საშუალებებს - საფენს, ტამპონს, მენსტრუალურ ჭიქას და ხშირად, ვერც ტკივილგამაყუჩებელს.
საქართველოში მენსტრუალური სიღარიბე (period poverty) აქამდე არავის უკვლევია.
ზუსტად არავინ იცის რამდენი ქალი და გოგონა ცხოვრობს მენსტრუალურ სიღარიბეში.
ორგანიზაციამ „უხილავი შრომა“ და მკვლევარმა თეო ქავთარაშვილმა სცადეს გაეცათ პასუხი კითხვაზე, რა ფსიქო-სოციალური გავლენა აქვს მას საქართველოში ქალებსა და გოგონებზე.
მცირე მოცულობის კვლევაში 13-დან 43 წლამდე ათი ქალი ჩაერთო.
მთავარი მიგნებებიც სწორედ მათთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუების საფუძველზე გაკეთდა, თუმცა უფრო მყარ დასკვნებს ფართომასშტაბიანი კვლევა სჭირდება.
ამ ვიდეოში თეო ქავთარაშვილი იმ ქალების ამბებს გვიზიარებს, ვინც მენსტრუალურ სიღარიბეში ცხოვრობს. იმაზეც გვიყვება, როგორ მწვავდება ეს პრობლემა ჩაკეტილ დაწესებულებებში - ციხეებსა და ფსიქიატრულებში მყოფი ქალებისათვის.
ისევ მარლა და მიტკალი?
ქალები და გოგონები დღემდე ისევ იყენებენ „ძველებურ“ მეთოდებს - მარლას, მარლაში გახვეულ ბამბას ან მიტკლის ქსოვილს, რომელსაც შემდეგ რეცხავენ.
„ძველებურად. ბებიაჩემის და დედაჩემის ნათქვამითაც ასეა, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, 41 წლის ქალი, - ხან ვცდილობ, ჩემით რაღაცა ვიყიდო... ხან ჩემი და ყიდულობს ჩემთვის. ან ვცდილობ იაფად გამოვიდე, იაფიანი ვიყიდო, ან სულ არ ვიყიდო”.
ქალებს ძალიან უჭირთ ამ თემაზე ღიად საუბარი. ზოგიერთი ინტერვიუ თეო ქავთარაშვილმა ონლაინ ჩაწერა და ანონიმურობის პირობის მიუხედავად, ქალებს კამერის ჩართვაც მოერიდათ. მათ რცხვენიათ არა მხოლოდ სიტყვა „მენსტრუაციის“ ხმამაღლა წარ, არამედ იმის აღიარებაც, რომ სიღარიბის გამო, საფენების ყიდვას ყოველთვის ვერ ახერხებენ.
„თბილისში მე მგონია, რომ რაღაც საკითხები კიდევ უფრო სხვანაირად განიხილება, რეგიონებში არის უფრო რთულად ეს ყველაფერი... საფენის და ტამპონის საყიდლად რომ შედიხარ აფთიაქში, შავ პარკში უნდა ჩადო და მერე დამალო”, - ამბობს კვლევის ერთი მონაწილე, 30 წლის ქალი.
„აქცია როდის გექნებათ?“
თბილისის ერთ გარეუბანში, ჰიგიენური და საწმენდი საშუალებების ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის გამყიდველმა თავისი დაკვირვება გაგვიზიარა - ქალები ხშირად ელოდებიან ფასდაკლების აქციებს და მხოლოდ მერე ყიდულობენ ჰიგიენურ საფენებსო:
„ძვირიანები უფრო ძნელად იყიდება. ერთი ქალია, მხოლოდ აქციის დროს ყიდულობს, როცა ლარით ან ლარ-ნახევრით იაფი ღირს ხოლმე“.
ქსელურ მარკეტებსა და აფთიაქებში ჰიგიენური საფენების ფასი (10-ცალიანი შეკვრა) ხარისხის და წარმოების მიხედვით მერყეობს და 3 ლარიდან - 10 ლარამდე ჯდება.
ჰიგიენური ტამპონის ფასები 9 ლარიდან - 18 ლარამდე მერყეობს.
მენსტრუალური ჭიქა - 65-70 ლარი ღირს.
საბითუმო სავაჭრო ქსელებში ფასები ორი-სამი ლარით ნაკლებია.
ვლოგერმა მარიამ ბლანკმა დათვალა, რა უჯდებათ ქალებს, საშუალოდ, თვეში ჰიგიენური საფენები. თუ ისინი დღეში 5 ცალ საფენს მაინც გამოიყენებენ, 5-დღიანი ციკლის შემთხვევაში, დაახლოებით 25 საფენი დასჭირდებათ ანუ 3,5 შეფუთვა, რაც საშუალოდ 32 ლარი ჯდება.
ძველი პრობლემა - სკოლის ტუალეტები წყლის გარეშე
მაგრამ მენსტრუალური სიღარიბე არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საფენს ვერ იყიდი. ამ პრობლემის ნაწილია ჰიგიენის მართვაც, მაგალითად, სკოლებში.
ის მოზარდები, რომლებსაც თეო ქავთარაშვილი ესაუბრა, ამბობენ, რომ მათ (საჯარო) სკოლებში ტუალეტები მოუწესრიგებელია, ხანდახან არათუ თბილი, ცივი წყალიც არ მოდის. არ არის საპონი და სხვა დასაბანი საშუალება, რომ მენსტრუაციის დღეებში, გოგონებმა გამოცვლა და ხელის დაბანა შეძლონ.
„ისეთი სიბინძურეა ხოლმე, იქ უბრალოდ გაჩერებაც შეუძლებელია“, - ამბობს კვლევის მონაწილე, ერთ-ერთი რეგიონის საჯარო სკოლის 12 წლის მოსწავლე გოგონა.
ამის გამო ბავშვები სკოლას ხშირად აცდენენ.
სკოლებში წყლის პრობლემასა და ზოგადად სანიტარიულ პრობლემებზე გაეროს ბავშვთა ფონდის ეს კვლევაც მეტყველებს.
მენსტრუაციის სტიგმა და მასთან დაკავშირებული უფლებადარღვევები საქართველოს საჯარო სკოლებში ელენე ქაიხოსროშვილსაც აქვს ნაკვლევი.
ის ამ პრობლემაზე რადიო თავისუფლებასაც მოუთხრობდა.
შენობის გარეთ მომუშავე ქალები
მენსტრუალური სიღარიბე პირდაპირ ეხებათ იმ ქალებს, რომლებიც შენობების გარეთ, ქუჩაში მუშაობენ. ხშირად მათი სამუშაო ადგილის ახლოს საჯარო ტუალეტები საერთოდ არ არის. ან ფასიანია და იქ შესვლას ქალები მაქსიმალურად ერიდებიან, ან იმდენად სავალალო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ხვდებათ, რომ მენსტრუაციის დროს, ელემენტარული ჰიგიენის დაცვას ვერ ახერხებენ.
„ცოტა შორს იყო საჭირო ოთახი... მე დღეში რამდენჯერმე მჭირდება გამოცვლა, ოთხჯერ-ხუთჯერ. პრობლემური ვარ და ხანდახან... ძაან ისე ვარ... ბოდიში და ვერც დავჯდები. სულ მირჩევნია ვიდგე, ტკივილებიც მაქვს... არ არის იქ ისეთი პირობები, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აი, ბოდიში და შეგზიზღდება შესვლაც. ქაღალდი იქ არ არის, სელპაკი იქ არ არის, ყველაფერი შენ უნდა მიგქონდეს”, - ჰყვება კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
„რადიატორზე შემთბარი ბოთლები“ - ციხესა და ფსიქიატრიულში
ამ კვლევაში მონაწილეობდნენ ფსიქიატრიული დაწესებულების ყოფილი პაციენტი ქალი და ყოფილი პატიმარი ქალიც.
პირველის მონათხრობით, ფსიქიატრიულ ცენტრებში, სადაც ქალებს თვითმოვლა ფაქტობრივად არ შეუძლიათ, არასდროს ჰქონია ხელმისაწვდომობა ჰიგიენური საფენების საკმარის რაოდენობაზე: „ერთი, მაქსიმუმ ორი მოეცათ“, - ამბობს ის.
„კლინიკაში ვიყავი და თან ღამე იყო, მახსოვს და მივმართე ექთანს, ეძინა. წაიბუზღუნა, რატო გამაღვიძეო და რომ ვთხოვე, შებრუნდა ოთახში და კარგა ხანი არ დაბრუნდა და ვიფიქრე, ამდენი ხანი რას ეძებს-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ჭრიდა პამპერსს. დიდი პამპერსი იყო, ზრდასრული ადამიანის პამპერსი... და მომაწოდა ამ პამპერსიდან გამოჭრილი ოთხკუთხა ფორმის ნაწილი”.
ამ პრობლემას დაწვრილებით შეეხო სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალური ანგარიშიც „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში”.
35 წლის ყოფილი პატიმარი ქალი კი იხსენებდა, როგორ ათბობდნენ ქალები ციხეში წყლის ბოთლებს ცენტრალური გათბობის რადიატორზე, რომ ნელთბილი წყლით დაბანა შესძლებოდათ.
კიდევ უფრო ღარიბი: გააცდენ სამსახურს, შენ დაგაკლდება
ლილოს ბაზრობაზე მომუშავე ერთი ქალი კი ჰყვებოდა, როგორ უწევდა სამსახურის გაცდენა რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი მენსტრუალური ტკივილების გამო, რაც მის შემოსავალსაც ამცირებდა.
„მქონდა სადღაც 400 ლარი და ერთი ოთხმოცი ლარი მაინც ჩამომეჭრებოდა. დანაკარგი როგორ არ არის?... მერე, ბოდიში და, ჰიგიენის გარდა, საჭირო ოთახში გინდა გახვიდე, მერე მგზავრობა, ისა, ესა და არაფერი რჩება… ჰიგიენური საფენის არქონის გამო, უკანაც დავბრუნებულვარ ხშირად... რამდენი ტყუილი მითქვია, რაღაცა მომიმიზეზია, ვერ მოვდივარ ან მაგვიანდება ან რამე“...
რა თქვეს ქალებმა პირისპირ შეხვედრებზე
ამ კვლევის ჩატარების შემდეგ, „უხილავი შრომის“ გუნდის წევრებმა რეგიონებში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრები და მენსტრუალურ სიღარიბეზე დისკუსია ისევ გააგრძელეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე ადამია გვეუბნება, რომ როდესაც ადგილობრივი მთავრობა სოფელში მცხოვრებ ოჯახებს მუნიციპალური დახმარების პაკეტებს აძლევს, აზრადაც არავის მოსდის, რომ ხანდახან, პირველადი დახმარების ამ საშუალებებს, ქალებისათვის საჭირო ჰიგიენური ნივთებიც დაუმატოს.
ამ შეხვედრაზე ქალები თავადაც ლაპარაკობდნენ გამოსავალზე და ამბობდნენ, რომ მათ ძალიან შეუმსუბუქდებოდათ ცხოვრება, თუ, მაგალითად, ამბულატორიულ ცენტრებში ჰიგიენური საშუალებების უფასოდ მიღების შესაძლებლობა გაჩნდებოდა.
მშობლები ლაპარაკობდნენ იმაზეც, რა დისკომფორტი ექმნებათ მათ შვილებს მაშინ, თუ მენსტრუალური სისხლდენა გოგონებს მოულოდნელად, სკოლაში ყოფნის დროს ეწყებათ. ამის თავიდან ასარიდებლად, ისინი არჩევენ მენსტრუაციის დღეებში სკოლა საერთოდ გააცდინონ.
„დედები ამბობდნენ, რომ სკოლასაც უნდა ჰქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ ასეთ დროს, მოსწავლე გოგონებს, ვისაც სხვადასხვა მიზეზით ჰიგიენური საშუალებების ყიდვა არ შეუძლიათ, სკოლაშივე გადაუწყვიტოს ეს პრობლემა და უფასოდ შეეძლოთ ჰიგიენური საფენის აღება სკოლაში“.
სალომე ადამია გვეუბნება, რომ ამ კვლევის ჩატარებაც იმიტომ გადაწყვიტეს და ამ თემაზე სასაუბროდ ქალებსაც იმიტომ ხვდებიან, რომ როგორმე მათი საჭიროებები ცენტრალურ თუ ადგილობროვ ბიუჯეტებშიც აისახოს. მისი აზრით, თუ დისკუსია დაიწყება, შესაძლოა, ამ პროცესში ჩაერთოს თუნდაც განათლების სამინისტრო.
რადიო თავისუფლებამ თბილისის რამდენიმე სკოლაში მოიკითხა, თუ აქვთ გათვალისწინებული მოსწავლე გოგონებისათვის უფასო საფენები - გვითხრეს, რომ ასე გამოყოფილი არ არის, თუმცა „შეიძლება რამდენიმე ცალის შესაძლებლობა არსებობდეს“.
ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში კი, ექიმის კაბინეტში, სტუდენტმა გოგომ ასეთი პასუხი მიიღო: „მაგაზე არ შემაწუხოთო“.
სოფელში მცხოვრები ქალების პრობლემებზე წლებია მუშაობს გენდერის მკვლევარი, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია, რომელიც რამდენიმე წელია, თავადაც გადასახლდა თბილისიდან - მან გვითხრა, რომ გარდა ხელმოკლეობისა, ქალებს, სოფლად, ხშირად იმიტომაც არ შეუძლიათ ჰიგიენური საფენების ყიდვა, რომ ადგილზე არც მაღაზიაა და არც აფთიაქი.
„თუ სოფლის რომელიმე მცხოვრებს სახლში აქვს პატარა სავაჭრო დახლი, იქ ან ძალიან უხარისხო ჰიგიენური საშუალებები იყიდება (რადგან ხარისხიანი ძვირია და სოფლად ამ ფასიან საფენს ვერავინ იყიდის), ან პირიქით, იქ მცხოვრები ქალებისთვის ძალიან ძვირი“.
რა გამოსავალს მიაგნო მსოფლიომ?
მენსტრუალური სიღარიბე მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში მას დღემდე უშედეგოდ ებრძვიან.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 500 მილიონ ქალსა და გოგონას, მსოფლიოში, არ აქვს მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებსა და სათანადო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობა - ქალები და გოგონები დღემდე იყენებენ ძველ ნაჭრებს, გაზეთებს, ქაღალდებს, რაც სხვადასხვა ინფექციური დაავადებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს აჩენს.
კვლევებით ისიც დასტურდება, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ქალები მენსტრუაციის გამო ხშირად აცდენენ სამსახურს, კარგავენ შემოსავლის ნაწილს და კიდევ უფრო ღარიბდებიან - მაგალითად, ბანგლადეშში, ქალების 73 %, თვეში, საშუალოდ, 6 სამუშაო დღეს აცდენს.
სამსახურის გაცდენის მაჩვენებელი იქ მხოლოდ მას შემდეგ შემცირდა, რაც “Her Projet”-მა ქალებს უფასო ჰიგიენური საშუალებები დაურიგა.
განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა ნაკლებად მწვავედ, მაგრამ მაინც არსებობს.
შოტლანდიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყოველ მეხუთე ქალს ერთხელ მაინც გამოუცდია ეს პრობლემა, რაც მის ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახა.
იქ, ქალებს, საჭირო ჰიგიენური ნივთების შესაძენად თვეში 13 გირვანქა სტერლინგის დახარჯვა უწევთ (დაახლოებით 60 ლარი), სიცოცხლის განმავლობაში კი ეს ხარჯები ათასობით დოლარს აღწევს.
დიდ ბრიტანეთში, გოგოების 10%-ს შესაძლებლობა არ აქვს, ამ ხარჯებს გასწვდეს, 15% მხოლოდ დიდი ძალისხმევის შემდეგ ახერხებს მათ შეძენას, ხოლო 19%-ს საფენების ჩანაცვლება სხვა უფრო იაფფასიანი საშუალებებით უწევს.
შოტლანდია იყო სწორედ პირველი ქვეყანა, რომელმაც 2017 წელს სკოლებში ჰიგიენური საშუალებების უფასოდ დარიგება დაიწყო, 2021 წელს კი იქ ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებული გახდა ყველა საჯარო სკოლისთვის მიეწოდებინა სანიტარიული პროდუქტები, მათ შორის - მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებები.
მენსტრუალური სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა შოტლანდიაში მონიკა ლენონმა დაიწყო - მან პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა - შემდეგ კი მენსტრუალური პროდუქტები საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ საშუალებებად აღიარეს. სწორედ ამის მერე, შოტლანდიის მთავრობამ სამინისტროებს დააკისრა ვალდებულება, რომ მათი ბიუჯეტიდან გამოეყოთ თანხა მენსტრუალური პროდუქტებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დაბალშემოსავლიანი ოჯახების მომარაგებაზე.
2021 წელს, გოგოების მიერ სკოლის გაცდენების შემცირების და მენსტრუალური სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ახალი ზელანდიის მთავრობამაც დაიწყო უფასო მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების (ტამპონები და ჰიგიენური საფენები) მიწოდება საჯარო სკოლებისათვის.
ამ პრობლემის გადაჭრისთვის მუშაობენ საფრანგეთი, კენია, სამხრეთი აფრიკა, სამხრეთი კორეა, უგანდა, კანადა. ყველა ეს სახელმწიფო საჯარო სკოლებს ამარაგებს მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებით.
რა არის „ტამპონის გადასახადი“?
ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, სახელმწიფოს მასშტაბით აიკრძალოს დამატებითი ღირებულების გადასახადი მენსტრუალურ პროდუქტებზე. აშშ-ს 50 შტატიდან 30-ში მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები გათავისუფლებული არიან ამ გადასახადისგან.
ამ გადასახადს „ტამპონის გადასახადს“ (Tampon Tax) ან „ვარდისფერ გადასახადსაც“ უწოდებენ და როგორც წესი, გენდერული დისკრიმინაციის ფორმის აღსაწერად გამოიყენებენ.
რაც შეეხება ევროკავშირს, მისი ქვეყნების უმეტესობაში მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე დაწესებულია მინიმალური 5%-იანი გადასახადი, ხოლო ევროკავშირის 10 წევრ ქვეყანაში დაწესებულია დამატებითი ღირებულების გადასახადის 20%, რაც მაღალ გადასახადად ითვლება და ამ პრობლემის მოგვარება ამ ქვეყნების დღის წესრიგში დგას.
2019 წელს გერმანიამ მენსტრუალური პროდუქტები აღიარა აუცილებელ, საბაზისო საშუალებად და ტამპონის გადასახადი 19%-დან 7%-მდე შეამცირა.
თეო ქავთარაშვილიც, როგორც კვლევის ავტორი, ფიქრობს, რომ მენსტრუალური პროდუქტები საქართველომაც უნდა აღიაროს ქალებისათვის საბაზისო საჭიროებად. ხოლო მენსტრუალური სიღარიბის, როგორც პრობლემის გადაჭრა თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯით დაიწყოს და ეს ჰიგიენური საშუალებები სკოლებში მაინც დარიგდეს უფასოდ.