ცოტა ხნის წინ ევროპაში, ესპანეთში, კიდევ ერთხელ მოსინჯეს ნიადაგი მენსტრუაციის გამო შვებულების დაწესებაზე - შესაძლებელია თუ არა მსგავსი დისკუსია დაიწყოს საქართველოშიც, სადაც ამ სიტყვის ხმამაღლა თქმა სირცხვილია, თავად მენსტრუაციას ტაბუ ადევს და ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ქალთა უფლებების გულშემატკივრებს შორისაც კი?
როგორ მოვუსმინოთ ჩვენს სხეულებს
პირველად მაშინ შეეშინდა, როცა უთხრეს, რომ ბავშვობა დასრულდა და ქალობა დაიწყო. დედა და ბებია ნერვიულობდნენ. თვითონ კი იჯდა და ტიროდა. მარი კურტანიძე იმ დროს 12 წლის იყო და ყველა იმ გოგოსი შურდა, ვისაც მენსტრუაცია ჯერ კიდევ არ დასწყებოდა.
„მეგონა, რომ მათ მეტი დრო ჰქონდათ ბავშვებად დარჩენილიყვნენ“.
ძალიან დიდხანს ვერც ამ სიტყვას წარმოთქვამდა ხმამაღლა. მხოლოდ ქალებთან და ახლობლებთან შეეძლო ჩურჩულით ეთქვა: „ის მომივიდა“.
პირველი, რაც მარის სიტყვა მენსტრუაციაზე ახსენდება, არის ტკივილი, შემდეგ სირცხვილი და კიდევ იმის შიში წარსულიდან, რომ „უწმინდური“ იყო. „თუ დაემთხვეოდა, რომ ექსკურსიისას მენსტრუაცია მქონდა, ძალიან განვიცდიდი, რადგან ვიცოდი, რომ ეკლესიის ზღურბლს არ უნდა გადავცდენოდი. ასე გვასწავლიდნენ, რომ ჩემი სხეული უწმინდური იყო. არ მინდოდა ეს ვინმეს სცოდნოდა“.
მაშინ, მარი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ მომავალში, ის, როგორც ფემინისტი, თავის აქტივიზმს იმ მითებისა და სტიგმების დანგრევას დაუთმობდა, რაც თავადაც გამოიარა.
მან ბრძოლის მკვეთრი ფორმა აირჩია. ეს მისი მყარი გადაწყვეტილება იყო - ელაპარაკა სხეულის და სექსუალობის თემაზე ისე, როგორც სხვები არ ლაპარაკობდნენ - შეულამაზებლად.
ხანდახან ძალიან ძლიერ მენსტრუალურ ტკივილს განიცდიდა - ამაზე ლაპარაკი მიღებული არ იყო, ტკივილი კი ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. ვერ ხვდებოდა, რატომ ირჩევდნენ სხვები დუმილს და ნელ-ნელა, ბრაზი, რომელიც მასში გროვდებოდა, აქტივიზმის რადიკალურ ფორმებში გადაიზარდა - ერთ დღეს ფეისბუკზე მან საკუთარსისხლიანი მენსტრუალური ჭიქის ფოტო დადო.
„თვეში ერთხელ, მე საკუთარ სისხლს ყოველდღე ვეხები ხელით. ეს სისხლი ყველას ბინძური და უწმინდური ჰგონია. იმის დაშვებაც კი არ შეუძლიათ, რომ ამას შეიძლება ეხებოდე. მეც არ შემეძლო. თუმცა დღეს მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება საკუთარ თავს უნდა ვაპატიო. ჩემი საქციელით და ამაზე ღია ლაპარაკით, საკუთარ თავთან და სხეულთან ვბრუნდები და თან სხვა გოგოებს და ქალებსაც ვეუბნები, რომ უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავებთან დაახლოების გზა. კი, ჩემი მენსტრუალური ჭიქის გამოფენა ბევრისთვის შემზარავი იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს რაღაც შედეგებს ნელ-ნელა მაინც მოიტანს“.
დღეს მარი კურტანიძეს მკაფიო პასუხი აქვს კითხვაზე - უნდა შეეძლოთ თუ არა ქალებს შვებულების რამდენიმე დღის აღება მენსტრუაციის გამო.
მას არ უნდა, რომ თავი ყველას ისე მოაჩვენოს, თითქოს არაფერი ხდება, იბუპროფენით გაჭყეპილმა საკუთარ თავს აჯობოს და ქუჩაში გავიდეს, საქმე აკეთოს ისეთივე შემართებით, როგორც სხვა დღეებში, რადგან ამას კულტურა აიძულებს.
„ამ დროს ჩემი სხეული ძალიან იტანჯება. მინდა, რომ მქონდეს საშუალება, მას ვუსმინო და ისე ვიარსებო“.
მუდმივი ტაბუ - ვის ეშინია მენსტრუაციის?
ორი წლის წინ, როცა ნატა 14 წლის იყო, მათემატიკის გაკვეთილზე, შემთხვევით, ჩანთიდან ამოღებულ რვეულს, ჰიგიენური პაკეტი ამოჰყვა და იატაკზე დაუვარდა. სანამ აღებას მოასწრებდა, მთელი კლასი ახარხარდა.
ამ დღის შემდეგ მენსტრუაციის დღეებში ის სკოლას ან აცდენდა, ან საგულდაგულოდ მალავდა, რომ მენსტრუაცია ჰქონდა.
„ახლა ამაზე აღარ ვდარდობ, სხვა სკოლაში გადავედი და იქ ეგეთი რამეები არ არის სირცხვილი, მაგრამ ბევრ სკოლაში ისევ ისეა“.
კი, მენსტრუაციას ტაბუ ადევს სკოლებში.
ამ თემაზე დღემდე ჩურჩულით ლაპარაკობენ. მისი ნებისმიერი ნიშნის გამოჩენა ბულინგის მიზეზი ხდება. ეს ნიშანი კი, შესაძლოა, გახდეს ჩანთიდან ამოვარდნილი ჰიგიენური საფენიც, სისხლის ლაქა შარვალზე თუ უეცრად დაწყებული ტკივილი.
2020 წელს, ორგანიზაციამ „ქალთა ფონდი საქართველოში“ საქართველოს საჯარო სკოლებში მენსტრუაციის სტიგმა და მასთან დაკავშირებული უფლებადარღვევები იკვლია.
მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, გამონაკლისის გარეშე, ამბობდნენ, რომ მენსტრუაცია, მართალია, ბუნებრივი პროცესია, მაგრამ თან, ამ პროცესს, ყველა აღწერდა როგორც „ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან, ბაქტერიებისგან განთავისუფლებას“.
სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მკვლევარი ელენე ქაიხოსროშვილი, რომელიც ამ ინტერვიუებს იწერდა, იხსენებს, რას პასუხობდნენ ისინი შემხვედრ კითხვაზე, საიდან ხვდებოდა ეს ამდენი ბაქტერია მათ სხეულში. „დაბინძურებული ჰაერი ან ცუდი საჭმელი“, - პასუხობდნენ მოსწავლეები.
„მერე ვეკითხებოდით, კი, მაგრამ, ბიჭებიც ხომ იმავე საჭმელს ჭამენ? მხოლოდ ამის შემდეგ უფიქრდებოდნენ იმას, რომ ეს სტიგმა მხოლოდ ქალობასთან და გენდერთან იყო კავშირში“.
სიტყვა მენსტრუაციას სკოლაში სხვადასხვა მოგონილი სინონიმით და კოდური სიტყვებით ანაცვლებდნენ.
მთავარი და ყველაზე გავრცელებული სინონიმი იყო „ის“, „ის“ მომივიდა“.
გოგონები ძლიერი მენსტრუალური ტკივილების დროს ამბობდნენ, რომ უბრალოდ, თავი სტკიოდათ.
სექსულობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი იმდენად ტაბუირებული იყო, რომ მოსწავლეებს ამაზე ლაპარაკი არათუ მასწავლებლებთან, ექიმებთანაც კი უჭირდათ.
ბევრ ბავშვს მენსტრუალური ტამპონის ხსენებისას ეგონა, რომ მისი გამოყენება ქალიშვილობასთან იყო კავშირში.
ზოგი ამბობდა, რომ ამ დღეებში დაბანა არ შეიძლებოდა.
რომ ცურვა აკრძალულია.
მიღებული ამბავია ტკივილი მენსტრუაციის დროს - ამბობდნენ, რომ ასე იყო მათი დედა, მათი ბებია და რომ გამაყუჩებლის მიღებით პრობლემა გვარდებოდა.
გოგონები ჰყვებოდნენ, როგორ დასცინოდნენ მენსტრუაციის გამო და რა გადახდათ მათ თანაკლასელებს, როცა სისხლმა გაჟონა და ტანსაცმელი ან სკამი დასვარეს.
„ეს დაბულინგება ყველა სხვა გოგოსთვის ხდება დამაშინებელი ფაქტორი და იმის საფუძველიც, რომ მენსტრუაციის დღეებში აცდენენ სკოლას მაშინაც, როცა მათ ტკივილი არ აწუხებთ“, - გვეუბნება ელენე.
ელენე ქაიხოსროშვილს, როგორც ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტს, ფემინისტს, ვკითხეთ, რას ფიქრობს მენსტრუაციის გამო შვებულების დაწესებაზე საქართველოში და თავად თუ მიემხრობოდა ამას.
კიო, მაგრამ ამ „კი“-ს არაერთი „ვაითუც“ მოჰყვა. ელენე ამბობს, რომ არსებობს შიშები, რომ „მენსტრუალურ შვებულებაზე“ ლაპარაკს აუცილებლად მოჰყვება ქილიკი და უხერხულობა, კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი დამსაქმებლისთვის, სამუშაოზე ქალის ნაცვლად კაცი აიყვანოს.
„შეიძლება შეგიმჩნევიათ, როგორ რეკლამას უკეთებენ მენსტრუალურ პროდუქტებს - მენსტრუაცია მაქვს, თუ გინდათ რინგზე გავალ! ან, მაგალითად, ვხედავთ ქალს, რომელიც ძალიან ბედნიერი ცეკვავს და ამ დროს, ერთადერთი დისკომფორტი თითქოს ის არის, რომ საფენი რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს, რომ არ გამოჩნდეს - ესეც აძლიერებს სტიგმას. ბავშვობაში, სანამ გავიგებდი რა იყო მენსტრუაცია, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ ასხამდნენ საფენებზე ლურჯ სითხეს და მას რატომ დებდნენ წიგნში... იმ რეკლამებში სისხლიც კი არ ჩანდა. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ეს კითხვაც, ხომ არ გამოვა, რომ მენსტრუაციის მედიკალიზაციას შევუწყობთ ხელს? ხომ არ გამოვა, რომ ჩვენ, ქალები, ჩვენივე თავის დისკრედიტაციას მოვახდენთ? ხომ არ ვამყარებთ განწყობას, რომ მენსტრუაცია რაღაც განსაკუთრებულია, ქალი ცუდად არის ამ დროს, ის არ არის შრომისუნარიანი და ა.შ. ბევრი კითხვა არსებობს, თუმცა, რაც ზუსტად ვიცი, ჩვენ ამას არ უნდა დავუპირისპიროთ განწყობა „მენსტრუაციის დროს, თუ გინდა, რინგზე გამიშვი“, რადგან ძალიან ბევრი ქალისთვის ეს დღეები არის პრობლემა. ჩემი ყველა შიში სწორედ იმას უკავშირდება, საით წავა ეს დისკუსია საქართველოში“.
„კი“, „არა“, „დავფიქრდებოდი“ - რას ფიქრობენ ქალები მენსტრუალურ შვებულებაზე
სოციალურ ქსელში, ქალთა ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფში, „მენსტრუაციის მიზეზით შვებულების“ და ამ დღეებში განცდილი ტკივილის შესახებ ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას რამდენიმე წუთში ათობით ქალი გამოეხმაურა.
ასზე მეტ კომენტარში ქალები უპირობოდ ემხრობოდნენ მენსტრუაციის გამო თუნდაც ორდღიანი შვებულების დაწესების იდეას.
ქეთი: მენსტრუაციის პირველი 2-3 დღე დასვენება აუცილებელია. შეიძლება, არიან ქალბატონები, ვისაც არ აწუხებს მტკივნეული მენსტრუაცია, თუმცა ვიცით, რომ მენსტრუაცია მხოლოდ ტკივილით არ შემოიფარგლება. მას უამრავი დისკომფორტი ახლავს თან. ფიზიკური თუ მენტალური. გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი, დაღლილობა, წელის ტკივილი. ის ქალებიც გავიხსენოთ, რომლებიც ენდომეტრიოზით იტანჯებიან - მათი რიცხვი სულაც არ არის მცირე.
ია: ვემხრობი და ვთვლი აუცილებლად. მენსტრუაციის მქონე ქალების ძალიან დიდ ნაწილს ამ დროს საშინელ დისკომფორტში უწევს მუშაობა. იძულებულია უარი თქვას საკუთარ კეთილდღეობაზე, გადაახტეს თავს და აკეთოს საქმე, მხოლოდ იმიტომ, რომ პატრიარქალური სოციუმი ქალის საჭიროებებს არ არის მორგებული. თუ ხმა აიმაღლე შენი ინტერესებისთვის, უბრალოდ „დაგაშეიმინგებენ“ და გიწოდებენ სუსტს.
თამთა: რა თქმა უნდა, ვემხრობი. პირადად მე, მენსტრუაციის პირველი დღე მაქვს მხოლოდ მტკივნეული, ვიღებ ტკივილგამაყუჩებელს და მალევე მშველის, თუმცა ამ დღეს არც პროდუქტიული ვარ და ადვილად ვღიზიანდები. არიან ქალები, ვისაც მსუბუქი გამაყუჩებელი ვერ ეხმარება და მათთვის მუშაობა წარმოუდგენელად რთულია. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს კანონით გაწერილი ისე, რომ დამსაქმებელს არც უარის თქმის უფლება ჰქონდეს და არც ალმაცერად შეხედვის.
ეკა: კარგი იქნება, შინაგანაწესით რეგულირდებოდეს ეგ საკითხი და ქალს ჰქონდეს დასვენების შესაძლებლობა ყველაზე კრიტიკულ დღეებში. მე არ გამომიცდია არასდროს მენსტრუალური ტკივილები, მაგრამ ვიცი, რომ ქალები იტანჯებიან და შეუძლებელია მაგ დროს რამე გააკეთო ფიზიკურად.
ქეთი: ასევე იმ ქალებს დაეხმარება, ვისაც ფეხზე დგომა უწევთ მთელი დღე და ფიზიკური შრომა. ოღონდ შვებულებას არ უნდა ჩამოეჭრას და იყოს ბიულეტენის სახით ანაზღაურებადი. მაგრამ ბევრი ქალი, ალბათ, ვერც ისარგებლებს მორიდების ან შესაძლო დამოკიდებულების გამო თანამშრომლების მხრიდან.
ქალების მეორე ნაწილი დაეჭვდა: ისინი წერდნენ, რომ ასეთი კანონი ქალთა დისკრიმინაციას გააღრმავებს. ნაწილს ქალების კეთილსინდისიერების იმედი არ ჰქონდა და წერდნენ, რომ ამით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა:
სალომე: რატომღაც მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში მენსტრუაციის გამო გამოყენებული „დეი ოფი“ უფრო გააძლიერებს სტიგმას.
ნინო: ისედაც არ გვაკლია ქალებს დისკრიმინაცია და კიდევ ეგ გვინდა? დამსაქმებელს როცა შეუძლია აირჩიოს ვინმე გიორგი, რომელიც მთელი თვე უპრობლემოდ იმუშავებს და მარიამი, რომელსაც თვეში რამდენიმე დღე შვებულება უნდა, რომელს დაიქირავებს, თქვენი აზრით?
თამუნა: არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ყველას არა აქვს მტკივნეული მენსტრუაცია, ზოგს 10 დღე აქვს და ზოგს 3. პლუს ამას, ვინ როგორ გამოიყენებს და რა მექანიზმია კონტროლის, გაურკვეველია. არაკეთილსინდისიერად გამოყენება მარტივია, თუ ექიმის რეკომენდაცია არ იქნა.
ანა: მაგიჟებს ეს ხალხი! ერთი კვირა დასვენება და ბარემ 2 დღე ვიმუშაოთ. როცა ცუდად ვარ მენსტრუაციის გამო, ისედაც მიხსნის ექიმი ბიულეტენს. ნამდვილად არ მჯერა, რომ კეთილსინდისიერად და მიზნობრივად გამოიყენებენ საქართველოში თუნდაც მაგ შვებულების დღეებს.
მელანო: ისედაც საღათას ძილშია მთელი ერი ბოლო 50 წელია მაინც და კიდე ეს გვინდა?
„ჩემს დროს არც ვამხელდით, რა გვჭირდა“
გაზაფხულზე ეთერ ბახტაძე 97 წლის გახდა.
მას კარგად ახსოვს, როგორ საგულდაგულოდ მალავდნენ ის და მისი დები ერთმანეთისგან, დედისგან და ყველასგან მენსტრუაციის ყველა კვალს. ეს სიტყვაც კი არასოდეს უხსენებია ხმამაღლა. ეს იყო „სასირცხვილო“ დღეები.
- მაშინ ვინ იტყოდა მაგ სიტყვას.
- რომელს?
- აი, რაც შენ თქვი.
- მენსტრუაციას?
- ხო. ჩვენს დროს ამბობდნენ, თვიური მომივიდაო. რიგსაც ეძახდნენ. მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა.
- დედასთანაც არ?
- არა. დედა ხომ ახლობელია, რატომ არ უნდა სცოდნოდა და რატომ მრცხვენოდა მისი? მაგრამ არა! ხუთი და მყავდა და ერთმანეთს არ ვუზიარებდით. თავის დროზე ხომ ყველას ყველაფერი მოუვიდა, რად ვდუმდით? არც არსაიდან ვიგებდით რამეს. ვისა ჰქონდა ეგეთი აზრები.
- თავს როგორ უვლიდით?
- არც როგორ. ნაჭრებს ვხმარობდით, მაშინ ხომ არ იყო, ახლა რომ არის, პაკეტები.
- რისი გრცხვენოდათ?
- რა ვიცი რისი. უკვე დიდი ვიყავი, გათხოვილი, დედაჩემს ვუვლიდით მე და ჩემი და, მაგ დროს მქონდა თვიური და ის ნაჭრები ჩემს ჩექმაში დავმალე, ჩემს დას რომ არ ენახა. ვითომ რა მოხდებოდა, რომ ენახა? მაგრამ ასეთი სირცხვილი იყო. ქმართანაც რას გაამხელდი. ვიყავით ჩუმად.
რას ვგრძნობთ, რატომ გვტკივა და რა ხდება მენსტრუაციის დროს ქალის ორგანიზმში?
მენსტრუალური ციკლის ქონა იმას ნიშნავს, რომ ქალი რეპროდუქციულად ჯანმრთელია. სწორედ ამ ციკლის არსებობით ემზადება ქალი ორსულობისთვის - არის მენსტრუაცია? ესე იგი, მთელი რეპროდუქციული რგოლის თანხმობა არსებობს დაორსულებაზე.
„ხოლო როცა ეს არ ხდება, იწყება მენსტრუაცია“, - გვიხსნის გინეკოლოგი მადონა ჯუღელი.
ციკლის სიხშირე, როგორც წესი, 24-დან 38 დღემდეა.
რეპროდუქციულ ასაკში მენსტრუაცია 8 დღემდეც შეიძლება გაგრძელდეს.
მენსტრუალური ჩამონაშალის რაოდენობა არ უნდა იყოს იმდენი, რომ ამან ცხოვრების ხარისხზე იმოქმედოს და ორგანიზმმა ყოველთვიურად რკინის დეფიციტი არ განიცადოს.
თუ გამონადენი ძალიან ჭარბია - ამ დროს ექიმთან წასვლა და მიზეზის გაგებაა საჭირო.
მენსტრუაციის დროს, ქალი, საშუალოდ, 80 მილილიტრ სისხლს კარგავს. ამის გამოთვლა მარტივადაც შეიძლება.
მაგალითად, ქალი ავსებს დღეში 4 პაკეტს, 1 ცალი პაკეტი დაახლოებით 20 მილილიტრს ისრუტავს, 20 გამრავლებული 4-ზე - გამოდის 80 მილილიტრი დღეში.
რატომ გვტკივა?
გვტკივა იმიტომ, რომ მენსტრუალური ციკლის დროს იწყება სისხლძარღვების იშემია, კუნთები იკუმშება, რასაც ტკივილი მოსდევს.
მაგრამ ყველა ერთნაირ ტკივილს არ განიცდის.
„ტკივილის ზღურბლი, შესაძლოა, იყოს ძალიან დაბალი ვიღაცისთვის, მისი სოციალური პირობების, სტრესული მდგომარეობის გამო“, - ამბობს მადონა ჯუღელი.
მენსტრუალურ ტკივილს დისმენორეა ჰქვია.
ის ზოგ ქალს ციკლის დაწყებისთანავე აწუხებს. ზოგს კი რამდენიმე წლის მერე ეწყება - ამ შემთხვევაში მიზეზი რომელიმე დაავადებაში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, ენდომეტრიოზში. ამ დროსაც ექიმია საჭირო.
ქალი ცუდად გრძნობს თავს მენსტრუაციის წინაც - პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომი ხშირად არანაკლებ შემაწუხებელია, ვიდრე თავად მენსტრუაცია.
რა უნდა იცოდნენ ქალებმა თავიანთ მენსტრუაციაზე?
პირველ რიგში, როდის ეწყებათ და უმთავრდებათ. ამაში მათ მენსტრუალური კალენდარი დაეხმარება.
ის, რომ ჰიგიენის დაცვისას სასურველია ინტიმგელის მოხმარება, რომლის მჟავე-ტუტოვანი ბალანსი (PH) უნდა იყოს 3.8.
ის, რომ ხშირად გამოიცვალონ ჰიგიენური პაკეტი. სასურველია, რომ ატარონ ბამბის თეთრეული.
თუმცა აქ უკვე სხვა პრობლემა ჩნდება - სიღარიბე. ძალიან ბევრ ქალს საქართველოში პაკეტისთვის ფული არ ჰყოფნის.
ევროპა - ჯერ მხოლოდ დისკუსიის ეტაპზე
ევროპის ქვეყნებში ჯერჯერობით არსად დაუწესებიათ შვებულება მენსტრუაციის გამო, თუმცა ეს საკითხი აქტუალურია.
მაგალითად, 2017 წელს, შვებულებაზე იმსჯელეს იტალიის პარლამენტში. კანონპროექტი რომ კანონად ქცეულიყო, მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალებს, იტალიაში, თვეში სამი დღით დასვენების უფლებას მისცემდნენ. პროცესი ბოლომდე არ მისულა. განხილვებს თან მწვავე დისკუსიები ახლდა: კრიტიკის ავტორების მთავარი არგუმენტი ხუთი წლის წინაც იგივე იყო, რაც დღესაა:
- ხომ არ დაირღვეოდა ამ კანონით ისევ დასაქმებული ქალების უფლებები;
- ხომ არ გაიზრდებოდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საფრთხე.
ეს შიში ისევ გაიხსენეს ცოტა ხნის წინ ესპანეთშიც, სადაც ასევე დარეგისტრირდა კანონპროექტი ე.წ. მენსტრუალური შვებულების შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით, იმ ქალებს, ვისაც ძლიერი მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ, ანაზღაურებადი სამედიცინო შვებულების აღების უფლება უნდა ჰქონდეთ.
თუმცა ჯერჯერობით არც ამ კანონის ბედია ცნობილი.
თუ ქვეყნის პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც ე.წ. მენსტრუალური შვებულება ამოქმედდება.
იაპონია, ზამბია და სხვები - კანონი არსებობს, მაგრამ ვინ სარგებლობს?
მენსტრუაციის გამო შვებულება დღეს მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.
მაგალითად, იაპონიამ ასეთი შვებულება ჯერ კიდევ 1947 წელს შემოიღო. დამსაქმებლებს შეუძლიათ შვებულების გაცემა ერთი კალენდარული დღის, ნახევარი დღის ან საათის მიხედვით. ქალებმა უბრალოდ უნდა მოითხოვონ, განსაკუთრებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო არ არის.
თუმცა ბოლო გამოკითხვებმა იაპონიაში აჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა საკამათო აღმოჩნდა და დისკრიმინაციის შიშიც გააძლიერა. Nikkei Intelligence Group-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, „მენსტრუალურ შვებულებას“ იაპონელი ქალების 10 პროცენტზე ნაკლები იყენებს.
ინდონეზიამ იგივე გადაწყვეტილება მიიღო 1948 წელს. მენსტრუალური შვებულების შემოღებას იქ განიხილავდნენ როგორც სამრეწველო უფლებას მაღაროებსა თუ ქარხნებში მომუშავე ქალებისათვის.
ინდონეზიაშიც, განსაკუთრებით მომსახურების სექტორში მომუშავე ქალები ძალიან იშვიათად იღებდნენ შვებულებას ამ მიზნით და მას უხერხულობად აღიქვამდნენ.
1990-იან წლებში ინდონეზიელი საქმიანი ქალების ასოციაციამ ამ პოლიტიკის საერთოდ შეცვლა მოითხოვა - მათ მიაჩნდათ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგებოდა ქალთა ემანსიპაციის მიზნებს. თუმცა 2003 წლის ხელახალმა რეფორმამ ვითარება შეცვალა. ახლა კანონი აღარ აწესებს ორდღიან ანაზღაურებად შვებულებას, მაგრამ ამ თემაზე მოლაპარაკება შეიძლება დამსაქმებლებსა და პროფკავშირებს შორის.
სამხრეთმა კორეამ 2001 წელს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრა, რომ დასაქმებულს შეეძლო მოეთხოვა ამ მიზნით თვეში ერთ დღე ანაზღაურებადი შვებულება. ხოლო ის დამსაქმებლები, რომლებიც დაარღვევენ კანონს - ან ორ წლამდე პატიმრობით დაისჯებიან, ან დაახლოებით 7500 ევროთი დაჯარიმდებიან.
თუმცა სამხრეთ კორეაში ამ თემამ მამაკაცების ნაწილი აღაშფოთა - ისინი ამტკიცებდნენ, რომ ე.წ. მენსტრუალური შვებულება „საპირისპირო სექსიზმის“ ნიშნებს შეიცავდა.
ტაივანმა ასეთი შვებულება პირველად შემოიღო 2002 წელს, კანონი 2013 წელს შეცვალეს და დღეს ტაივანის მოქმედი კანონმდებლობით, ქალებს შეუძლიათ წელიწადში, მაქსიმუმ, სამი დღის აღება მენსტრუალური შვებულების მიზნით, თუმცა ამ დღეებში ისინი იღებენ რეგულარული ხელფასის ნახევარს.
ზამბიაში (სამხრეთი აფრიკა) ე.წ. მენსტრუალური შვებულება დაწესდა 2017 წელს. ქალებს შეუძლიათ ყოველთვიურად დაისვენონ ერთი დღე. სამედიცინო ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის. არც დამსაქმებლისთვის მიზეზის განმარტებაა აუცილებელი - ამ დღეს სასაუბრო ენაში უწოდებენ „დედის დღეს“, მიუხედავად იმისა, რომ მისით სარგებლობა შეუძლია ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ჰყავს თუ არა მას შვილი.
ქართველი კანონმდებლები - იქნება ერთ დღეს ასეთი განხილვა პარლამენტში?
მენსტრუაციის გამო შვებულების გამოცდილების კვლევისას იტალიის პარლამენტში ამ თემაზე გამართული დებატების ვიდეოს გადავაწყდით - დეპუტატები მსჯელობდნენ, რა სიკეთეს მოიტანდა ამგვარი კანონი ან პირიქით, რა საფრთხეს გაზრდიდა. შესაძლებელია, რომ ასეთი დისკუსია, ერთ დღეს, ქართველი დეპუტატებისგანაც მოვისმინოთ?
იმ დღეს, როცა ეს შეკითხვა ქართველი პარლამენტარების ნაწილს დავუსვით, საკანონმდებლო ორგანოში მწვავე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავდნენ. მენსტრუაციის გამო შვებულების საკითხი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - რამდენიმე წუთით ყველა დაფიქრდა. დღეს რომ ამ თემაზე ლაპარაკი იწყებოდეს, პარლამენტის წევრები ამას ასეთი განწყობით შეხვდებოდნენ:
ლევან ბეჟაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“: ამაზე არასოდეს მიფიქრია, არც სამართლებრივ დასაბუთებას ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი იხილება მაღალ დონეზე. თუ ამ საკითხის ინიცირება ჩვენთანაც მოხდება, არც პარლამენტმა უნდა უარყოს და განხილვებშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“: ძნელად წარმომიდგენია ამ პარლამენტში ამ თემაზე სიღრმისეული დისკუსია ისე, რომ სტიგმა კიდევ უფრო არ გავამყაროთ, რადგან აქ არც ქალების ნაწილისგან ველი ამ საკითხზე მხარდაჭერას. შეიძლება მეტი დრო უნდა დავუთმოთ ჯერ დახურულ კარს მიღმა ამ საკითხის შესწავლას, ჩვენი კოლეგების დარწმუნებას და მერე დავიწყოთ საჯაროდ ამაზე ლაპარაკი“.
გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. სწორედ იმისთვის არსებობს პარლამენტი, რომ ასეთი დისკუსიაც არსებობდეს.
თაკო ჩარკვიანი, „კანონი და სამართალი“: ეს არ არის უბრალო თემა. ვიცი, რომ მუსიკოსებს, განსაკუთრებით ვოკალისტებს, იმ წამსვე ექნებათ ამაზე რეაქცია, რადგან პირდაპირ კავშირშია ეს ვოკალთან, რადგან ეს მდგომარეობა ცვლის ხმას. ეს ეხება ჯანმრთელობას და არაფერი ამაში საუხერხულო არ არის.
სალომე სამადაშვილი, „ლელო“: მე ძალიან ფრთხილად ვუყურებ ყველანაირ ორმაგ სტანდარტებს, რაც ქალების სამუშაო უფლებებს შეეხება, რადგან ძალიან დიდხანს, ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაცია მიმდინარეობდა იმ გზით, რომ არსებობდა ქალების ე.წ. დაცვითი კანონმდებლობა, რაც რეალურად იყო დისკრიმინაციული. ეს ვითომ პოზიტიური დისკრიმინაცია სინამდვილეში ქალების შრომით უფლებებზე უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ ასეთი კანონი, შესაძლოა, ქალების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული სამუშაო ბაზარზე - თუ დამქირავებელს ეცოდინება, რომ ქალს უნდა გამოუყოს მეტი გადახდილი დრო სხვადასხვა მიზეზებით, ამას აუცილებლად გამოიყენებენ დისკრიმინაციისთვის. მე კარგად ავწონ-დავწონიდი და სხვა ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასაც გავეცნობოდი“.
დავით სერგეენკო, „ქართული ოცნება“: პირველი რეაქცია, რაც თავში მომდის, უფრო სწორად, მაგალითი, არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში - შესაძლოა პირდაპირი მაგალითი არ არის, მაგრამ მაშინ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობასა და დაავადების პრევენციასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სტიგმასთან ბრძოლა - სტიგმა იმდენად დიდი ბარიერი აღმოჩნდა, რომ ლამის მკურნალობის თანასწორი ძალისხმევის ჩადება დაგვჭირდა. აქაც ვფიქრობ, რომ სწორი კონსულტაციები, საზოგადოების განწყობის ზუსტი გაზომვაა საჭირო, სანამ საკითხს სამსჯელოდ გავიტანთ“.
თამუნა კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი: სტიგმის გამო, ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხის ღიად წამოწევა, ალბათ, საშიშიც არის, მაგრამ თან აქტუალურია იმის აღიარება, რომ ქალს შეიძლება უფრო მძიმე პერიოდები ჰქონდეს. პრობლემაა ისიც, რომ ამას საზოგადოებაში სერიოზულად არ აღიქვამენ. შესაძლოა, ჩვენ შემოვიღოთ ეს კანონი, მაგრამ ქალებმა არ გამოიყენონ ის. თუნდაც იმიტომ, რომ მათი თანამშრომლები არ იყვნენ მზად ამისთვის და ამას მოჰყვეს ქილიკი. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ჯერ უნდა დავიწყოთ ამაზე დისკუსია, რომელიც ჯერ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: სხვათა შორის, იქნება მაგაზე დისკუსია. ძალიან კარგი რაღაცაა ეგ.
თუ ერთ დღეს საქართველოში ე.წ. მენსტრუალური შვებულება დაწესდა, ეს ცვლილება შრომის კოდექსში შევა.