Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანდატურებმა ჟურნალისტების ნაწილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს კომიტეტის სხდომიდან


ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა იურიდიული კომიტეტის სხდომისას, სადაც უზენაესი სასამართლოდ კანდიდატების დამტკიცების საკითხი განიხილება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი. მანდატურებმა განსაკუთრებული უხეშობით გაიყვანეს დარბაზიდან ტაბულას ჟურნალისტი თიკო ერაძე, რომელსაც ნაკაწრები აქვს ხელზე.


ფაქტი იმ დროს მოხდა, როდესაც ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან მივიდა და უთხრა, რომ სიტყვა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას არ ჩაატარებინებდა. მედია მათი საუბრის გადაღებას შეეცადა, მანდატურებმა კი ჟურნალისტების ადგილიდან გაყვანა ცადეს.

"ჟურნალისტებზე იძალადეს, გვცემეს, ხელები გვაქვს დალურჯებული და გადატყავებული, სხვებსაც ალბათ, მარტო ჩემზე არ არის, ყველას ასე ექცეოდნენ. ერთი გამორჩეულად მოძალადე მანდატური იყო, ალექსანდრე ყაველაშვილი ვარო და მითხრა - შენ გახვალ პირველიო, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა" -ასე ყვება თაკო ერაძე მომხდარს.

ჟურნალისტებისთვის მუშაობის ხელის შეშლაზე კომენტარებს აკეთებენ პარლამენტის წევრები. ეკა ბესელიას თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე.

"ის, რაც ახლა ხდება ამ დარბაზში, პირდაპირი ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თავიანთი საქმიანობის, მოვალეობის შესრულების პროცესში, რომლის აღსავეთად არანაირი ზომა არ მიიღეთ პირადად თქვენ, კომიტეტის თავმჯდომარემ და თქვენი დავალებით მოხდა ეს. არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასეთი მოქმედება ჟურნალისტის მიმართ, როცა ფიზიკურად თავზე გადაუარეს მას და მოხდა პირდაპირი მნიშვნელობით ფიზიკური ძალადობა, არის არათუ დაუშვებელი, არამედ უდიდესი შეურაცხყოფა კომიტეტისთვის და პარლამენტისთვის, მაშინ, როცა აქ მოსამართლეების თემაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ყველას თანდასწრებით დანაშაული იყო ჩადენილი. ვითხოვ ამაზე რეაგირებას და მიმაჩნია, რომ უნდა დადგეს თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხი", - თქვა ბესელიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფიო კილაძემ კი თქვა, რომ ყველანაირ ზომას მიიღებენ, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

"ჟურნალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ამიტომ ვცდილობდით მე და ჩემი მოადგილე რატი იონათამიშვილი, რომ შემოგვეყვანა ისევ ჟურნალისტები, დაგვეცვა თავი აი ამ რაღაც გაუგებრობისგან. ყველანაირ ზომას მივიღებთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს”- თქვა მან.

რადიო თავისუფლების პირდაპირი ჩართვაში ჩანს დეპუტატი რატი იონათამიშვილი, რომელიც ცდილობს ჟურნალისტების დაცვას მანდატურებისგან.

"ახლა რომ მოგიწოდებთ დაბრძანდითო და არ აკეთებთ, არ შეიძლება ასე, გთხოვთ დაბრძანდით, გააშუქეთ ყველაფერი. მეტი როგორ გავაკეთო, ხომ გთხოვთ“ - ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG