Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუსტრაციის ჩეხური მოდელის თავისებურებები


ჩეხოსლოვაკია იყო ვარშავის ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც 1991 წლის შემოდგომაზე მიიღეს კანონი ლუსტრაციის შესახებ, ლუსტრაციის დიდი აქტი, რომელიც დღემდე მოქმედებს. რატომ გაგრძელდა უვადოდ გარდამავალი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ლუსტრაციის კანონის მოქმედება და რამდენად ეფექტურია კანონით განსაზღვრული შეზღუდვები?

„ლუსტრაცია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გარდამავალი მართლმსაჯულებისთვის. არსებობს მთელი რიგი მეთოდებისა, რომელთა გამოყენებაც საზოგადოებას შეუძლია ომიდან მშვიდობაზე ან არადემოკრატიულიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლის შემდეგ - საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, განსაწმენდად", - ამბობს ვერონიკა ბილკოვა, პრაღის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

იყო ხალხი, ვინც ამას არ ეთანხმებოდა, არ სურდა ასე ცხოვრება. ისინი ან ციხეში ხვდებოდნენ, ან ემიგრაციაში მიდიოდნენ, ზოგს მთავრობა აძევებდა ქვეყნიდან. არ არსებობდა დემოკრატიის საფუძვლები, არ იყო თავისუფლება...
იანა ჩეპიჩკოვა

ლუსტრაცია ბევრ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში გამოიყენეს ან ჯერ კიდევ იყენებენ, რათა არ დაუშვან მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე, მაგალითად, ყოფილი პარტიული მაღალჩინოსნების ან სპეცსამსახურების თანამშრომლების მუშაობა.

კანონი ლუსტრაციის შესახებ ჩეხოსლოვაკიაში 1991 წლის ოქტომბერში, ანუ ხავერდოვანი რევოლუციიდან ორიოდე წელიწადში, მიიღეს. კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ჯერ ხუთი წლით ამოქმედდა, მოგვიანებით კი მათი უვადოდ ძალაში დატოვება გადაწყდა. რეჟიმის მხილებასთან ერთად, კანონის მიზანი ქვეყნის შემდგომი უსაფრთხოების დაცვაა.

ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ კომუნისტური ტოტალიტარიზმი იყო ის სისტემა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში მასობრივი რეპრესიებით აღინიშნა.

„ყველაზე უარესი იყო ის, რომ ხელ-ფეხი გქონდა შეკრული, თუ არ ემხრობოდი რეჟიმს, თუ არ იზიარებდი პარტიის შეხედულებებს. ასეთი ადამიანი ცხოვრებაში ვერაფერს გახდებოდა. იყო ხალხი, ვინც ამას არ ეთანხმებოდა, არ სურდა ასე ცხოვრება. ისინი ან ციხეში ხვდებოდნენ, ან ემიგრაციაში მიდიოდნენ, ზოგს მთავრობა აძევებდა ქვეყნიდან. არ არსებობდა დემოკრატიის საფუძვლები, არ იყო თავისუფლება“, - გვიამბობს კომუნიზმის მუზეუმის თანამშრომელი, ისტორიკოსი იანა ჩეპიჩკოვა.

იმ მონაცემების თანახმად, რომელთაც ნახავთ 1997 წელს საფრანგეთში გამოცემულ და მრავალ ენაზე გადათარგმნილ, გახმაურებულ კრებულში "კომუნიზმის შავი წიგნი", კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებს აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხოსლოვაკიის ჩათვლით, მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ ტოტალიტარიზმის გააზრებას ემსახურება კომუნიზმის მუზეუმი, რომელიც პრაღის ცენტრში მდებარეობს.

ჩეხეთის კანონები ლუსტრაციის შესახებ ეხება მხოლოდ დანიშვნით თანამდებობებს, ანუ პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან, და არა თანამდებობებს პარლამენტში, სადაც ადამიანებს ირჩევენ...
ვერონიკა ბილკოვა

იანა ჩეპიჩკოვა: "ეს არის ისტორიის რაღაც ნაწილი, ეს არის ჩეხოსლოვაკიის ისტორია, ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორია. უაღრესად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ხოლმე ეს პერიოდი, არ დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა მაშინ. ეს არის მთავარი გზავნილი, რატომაც არსებობს კომუნიზმის მუზეუმი".

თუმცა ჩეხეთის კომუნისტურ პარტიას არც ტოტალიტარიზმის კრიტიკული გააზრება უშლის ხელს და არც ლუსტრაციის შესახებ კანონი, რომ ჰყავდეს ათიათასობით მომხრე და საკუთარი ფრაქციით იყოს წარმოდგენილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

"ეს სრული სიმართლეა, რადგან ჩეხეთის კანონები ლუსტრაციის შესახებ ეხება მხოლოდ დანიშვნით თანამდებობებს, ანუ პირებს, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან, და არა თანამდებობებს პარლამენტში, სადაც ადამიანებს ირჩევენ“, - ამბობს ვერონიკა ბილკოვა და განმარტავს, რომ ეს განპირობებულია ევროკავშირის მოთხოვნით: „როგორც ევროკავშირი, ისე ევროპის საბჭო ძალზე მკაფიოდ ადგენს, რომ ლუსტრაცია არ უნდა შეეხებოდეს არჩევით თანამდებობებს".

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG