ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, რუბრიკით „პერსონაჟი“, გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და უნივერსალურ პერსონაჟზე, შექსპირის მეფე ლირზე. ჯერ კიდევ არისტოტელე გვასწავლიდა, რომ ტრაგედიის საუკეთესო პერსონაჟი არის კეთილშობილი ადამიანი, რომელსაც შეცდომა - „ჰამარტია“ - მოუვა. შეცდომა ადამიანურია, მაგრამ სიბრიყვეა შეცდომაში გაჯიუტება. ლირი სწორედ შეცდომაში გაჯიუტებული პერსონაჟია, რომელიც ჯერ ტკბება თავისი მრისხანებითა და ყოვლისშემძლეობით, ხოლო შემდეგ, როდესაც ღმერთი ხელახლა გაუხსნის გონებას, ვერ გადაიტანს საკუთარი უგუნურებით გამოწვეულ კატასტროფულ დანაკარგს, ერთადერთი ნამდვილი შვილის დაღუპვას. „ცხენს, ძაღლსა და ვირთხას შეუძლია ცოცხალი იყოს და შენ არა“, — ეუბნება იგი მიცვალებულ კორდელიას და ამ საბრალო საყვედურს ამოაყოლებს სულს. რატომ მოგვდის ასეთი შეცდომა, როდესაც ემოციებსა და გამოხატვას ერთმანეთში ვურევთ, როდესაც პოეზიასა და სინამდვილეს ვერ ვარჩევთ; რატომ მოეჩვენა ლირს, რომ სიმართლე უფროსი ქალიშვილების ყალბ და პომპეზურ სიტყვებში იყო და არა უმცროსის მოკრძალებულ დისკურსში; რატომ არ მიატოვა „ყველასგან მიტოვებული ლირი“ გრაფმა კენტმა, რატომ იზრდება ამ პერსონაჟის პოპულარობა დღევანდელ მსოფლიოში — ამ საკითხებზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: