Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ კრიტიკა დავიწყე" - ლინკოლნ მიტჩელი ივანიშვილზე, სააკაშვილსა და 2024 წლის არჩევნებზე


ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი.

„ბიძინას ინსტინქტები არც ისეთი მახვილია, როგორც თვითონ ჰგონია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა.

მიტჩელი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ მილიარდერს რჩევებს, როგორც თვითონ ამბობს, არაფორმალურად, 2012 წლის არჩევნების წინ და შემდგომ აძლევდა. ვაჟა თავბერიძე მას ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილებებზე ესაუბრა.

მე „მიშას კაცი“ არასდროს ვყოფილვარ. მეტიც, პირველი დასავლელი მკვლევარი ვიყავი, ვინც მიშას ღიად აკრიტიკებდა.

რადიო თავისუფლება: ბოლოს 2018-ში ვისაუბრეთ - მას შემდეგ რას საქმიანობთ? „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველი წლებისგან განსხვავებით, დიდად აღარ აქტიურობთ...

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოში ბოლოს 2022 წლის გაზაფხულზე ვიყავი და ძალიან მინდა კიდევ ჩამოსვლა. ქართულ პოლიტიკას და მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებ, მაგრამ მიზეზთა გამო, დიდად აღარ ინტერესდებიან იმით, თუ რა მაქვს სათქმელი. „ქართული ოცნების“ კრიტიკა დავიწყე, რაც თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ მათთვის გამოსადეგი აღარ ვიყავი. ამას გარდა, ვაშინგტონში ჯერ კიდევ ბლომადაა ხალხი, ვინც საქართველოს და ქართულ პოლიტიკას ასე უყურებს: კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომები დაუშვა, მაგრამ პროდასავლური, დემოკრატიის მომხრე პარტია იყო, რომელიც 2012 წელს რაღაც გადატრიალებისმაგვარს შეეწირა. ასეთი ხედვა ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია ვაშინგტონში და თუ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, თუ საქართველოს ასე უყურებ, მაშინ მე ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც აზრს ჰკითხავ. რადგან მე არათუ არ ვეთანხმები ამას, არამედ ფაქტებით ვიცი, რომ ასე არ იყო. არც მაშინ გამოგადგები, თუ „ქართული ოცნებისკენ“ ხარ და გინდა მათი სახოტბო წერილები ვწერო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი შეგაცოდოთ - საწყალი ლინკოლნ მიტჩელი, რა ეშველება და ა.შ. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ბევრი მეგობარი მყავს, არაფერი მაკლია, ვასწავლი, ვწერ - მოკლედ, ბედნიერი ვარ.

რადიო თავისუფლება: მაგრამ იყო დრო, როდესაც თქვენი სახელი ძალიან მჭიდროდ ასოცირდებოდა „ოცნებასთან“ და უფრო კი ბიძინა ივანიშვილთან. ბევრი „ბიძინას ექსპერტს“ გეძახდათ, ზოგი, უფრო მოურიდებლად - „ბიძინას ჯიბის ექსპერტსაც“ კი... რას ფიქრობთ ამ რეპუტაციაზე? იყო ერთგვარად გამართლებული?

ლინკოლნ მიტჩელი: ვფიქრობ, ამ რეპუტაციას იმას უნდა ვუმადლოდე, რომ სხვა დასავლელი ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, მე „მიშას კაცი“ არასდროს ვყოფილვარ. მეტიც, პირველი დასავლელი მკვლევარი ვიყავი, ვინც მიშას ღიად აკრიტიკებდა, მაშინ როცა დასავლელი ექსპერტების უმრავლესობა, მიშას მმართველობიდან მოყოლებული სულ მცირე „ოცნების“ მმართველობის პირველ წლებამდე, მეტწილად „ნაციონალური“ მმართველობის ნარატივზე იყვნენ „მიბმულები“.... მე ეს არასოდეს ჩამიდენია, შესაბამისად, ბევრად უფრო ღია ვიყავი [ბიძინას] მოსვლის იდეის მიმართ და დღემდე ამ აზრზე ვარ. რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას არ დაგიწყებთ, რომ ბიძინას მოსვლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიამ დაისადგურა, ეს ნამდვილად არ მომხდარა, მაგრამ მწამს, რომ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებში გამარჯვებამ შეაჩერა მიშა, რომელიც ღიად ავტოკრატიული რეჟიმის კონსოლიდირებისკენ მიიწევდა. და თუ ამ აზრმა, რომლის გამოთქმაც არასდროს დამზარებია, ხალხს აფიქრებინა, რომ ბიძინას ვეჯექი ჯიბეში, რა გაეწყობა... რასაც ხალხი შენზე ფიქრობს, მათი საქმეა. მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, რაც სიმართლედ მიმაჩნია, ხალხმა რაც უნდა, ის იფიქროს, დიდი ბიჭი ვარ, უარესებიც დაუძახიათ...

თუ მიშა დაბრუნდება, ბიძინას მოუწევს ქვეყნიდან გაიქცეს. 

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ ბიძინამ საქართველოს დემოკრატია არ თუ ვერ მოუტანა - რა არის ამის მიზეზი?

ლინკოლნ მიტჩელი: მთავარი მიზეზი ისაა, რომ სამწუხაროდ, საქართველო ერთგვარი ციკლების გზით დადის. ეს ადრე საქართველოშიც ვთქვი. ჯერ ჩნდება დემოკრატიული გარდაქმნის იმედი, რომელსაც მოსდევს მარცხი, ვერ ხერხდება ამ მონაპოვრის კონსოლიდაცია და რეჟიმი გარდაუვლად მიიწევს ნაკლები დემოკრატიისკენ, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ბიძინას და „ოცნების“ „საიდუმლო“ იმაში მდგომარეობს, რომ მათ ამდენ ხანს შეძლეს საკუთარი ციკლის გაჭიანურება. ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს და თავიანთ ამომრჩევლებს აჯერებენ, რომ ქართული დემოკრატია, სუვერენიტეტი და ზოგადად გადარჩენა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ და არავინ სხვას! ეს შეუცვლელობის სინდრომია და როდესაც დაიჯერებ, რომ შეუცვლელი ხარ, ერთადერთი ხარ, ამით საკუთარ თავს ლიცენზიას აძლევ, რაც მოგეპრიანება, ის აკეთო, მათ შორის, შეავიწროო ოპოზიცია. ამას ემატება პირადი ზიზღი არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ლიდერების მიმართ. არჩევნებში, ეს ორგვარ როლს თამაშობს - პირველი: იმარჯვებენ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მათ უკმაყოფილებას იზიარებს, რასაც, სხვათა შორის, დღემდე ბოლომდე ვერ იჯერებენ დასავლეთში, მაგრამ, ამავდროულად, ეს ჯავრი და ჯიბრი სააკაშვილისადმი მათ უნერგავს უნდობლობას ზოგადად დემოკრატიისადმი, შიშს მეორე მხარის, მოწინააღმდეგის მიმართ - თუ ისინი ოდესმე არჩევნებში გაიმარჯვებენ და შენ „სკამის“ დათმობა მოგიწევს. და მართლაც - თუ მიშა დაბრუნდება, ფაქტია, რომ ბიძინას მოუწევს ქვეყნიდან გაიქცეს. მისი ხალხის ნაწილი ციხეში ჩაჯდება, ნაწილი კი გაიქცევა. და ციკლი კი ხელახლა დაიწყება, დემოკრატიის ხელახალი მშენებლობა. საქმე ისაა, რომ როგორც 2003, ასევე 2012 წელს ქართველმა ხალხმა ჩათვალა - რომ აი, დემოკრატია დადგა! ასე არ იყო: ამ ორმა მოვლენამ უბრალოდ დაგვანახვა, რომ საქართველოში დემოკრატია შესაძლებელია, დემოკრატიის პერსპექტივის დანახვიდან დემოკრატიის დამყარებამდე კი რთული და გრძელი გზაა გასავლელი.

რადიო თავისუფლება: თუ ერთ ციკლს აუცილებლად მეორემ უნდა მოსდიოს, მაშინ გვითხარით, დღევანდელი ციკლის დასასრული როდის უწევს.

ლინკოლნ მიტჩელი: ამაზე მაქვს მოკლე და ვრცელი პასუხი. მოკლე პასუხია: არ ვიცი. ვრცელი პასუხი ასეთია: წარსულში, ორივე ჯერზე, მმართველი რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი გახდა ფართო ოპოზიციური კოალიციით. „ოცნების“ მმართველობის ხანაში ეს კოალიცია ჯერ ვერ აღმოცენდა და აი, რატომ: „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ-მეორე პარტიებად რჩებიან - არცერთის ინტერესში არ შედის მსგავსი კოალიციის წარმოქმნა. ცხადზე ცხადია, „ოცნებას“ არ სურს, გაჩნდეს კოალიცია, რომელიც შეძლებდა მათ დამარცხებას. მაგრამ ამ კოალიციის გაჩენა არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობასაც“, რადგან თუ კოალიცია შეიქმნება და მას სათავეში სხვა ძალა ჩაუდგება, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს დაბრუნდება მთავრობაში და მოუწევს, მეორე ძალის სტატუსს შეელიოს.

ყველამ იცის, რომ ბიძინა ქვეყნის უმდიდრესი კაცია, რომ „წილები აქვს“. ყველამ იცის, რომ რეჟიმი სულ უფრო და უფრო ნაკლებად დემოკრატიულია, ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, რომ კორუფციაც არის, რომ სცემენ ოპოზიციას... 

რადიო თავისუფლება: და რა მოხდება მაშინ, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაუდგება სათავეში ასეთ კოალიციას?

ლინკოლნ მიტჩელი: მე რომ ამ წარმოსახვითმა კოალიციამ დამიქირაოს, ან კიდევ, მიშამ - რაც ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც. ვთქვათ, მიშა მეკითხება: აბა, რა გავაკეთოთ, რათა ბიძინა თავიდან მოვიშოროთ? მე ვეტყოდი: პირველი, რაც უნდა გააკეთო - და ბევრად უკეთესი იქნებოდა, ამას თუ მანამდე გააკეთებდა, სანამ ციხეში ამოჰყოფდა თავს - მოკლედ, პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის ის, რომ გამოხვალ და საჯაროდ იტყვი, რომ ქართულ პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდი და აღარ ჩაერევი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა, სავსებით ცხადი მიზეზების გამო. მიშა რომ ასე მოქცეულიყო, ამით ოპოზიციას მანევრირების სივრცე მიეცემოდა, ისინი იტყოდნენ: აი, დროა, ბიძინა წავიდეს, და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიშა მობრუნდება. ერთ პარალელს გავავლებ ამერიკის ისტორიიდან: სამოქალაქო ომის შემდეგ, დემოკრატიული პარტია განუხრელად იგებდა ყველა არჩევნებს სამხრეთში, მეორე მსოფლო ომის დაწყებამდე - მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ირჩევდნენ: კლერკს, ძაღლების დამჭერს, გუბერნატორს თუ პრეზიდენტს. და ამას ჰქონდა სავსებით მარტივი ახსნა: დემოკრატიული პარტიის ლიდერები კარდაკარ დაიარებოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ: თუ რესპუბლიკელებს მისცემთ ხმას, თუ აბრაჰამ ლინკოლნის პარტიას დაუჭერთ მხარს, ისინი მოვლენ და ჩვენს მიწებს ისევ დაიტაცებენ. ამას ჩვენში „სისხლიანი პერანგის ფრიალს“ ეძახიან. და მიშას ფაქტორი შესაძლებლობას აძლევს „ოცნებას“, გამუდმებით და გაშმაგებით აფრიალონ ეს სისხლიანი პერანგი. და იცით რა? ეს მუშაობს.

რადიო თავისუფლება: საპირისპირო სცენარიც ავიღოთ: მაგალითად, სააკაშვილმა დაგიჯერათ და გვერდით გადგა - მაშინ აღმოცენდება ეს კოალიცია?

ლინკოლნ მიტჩელი: თუ „ქართული ოცნების“ ნარატივებს „მიშადაბრუნდებას“ ქარგებს შემოაცლით, ხელში შეგრჩებათ შემდეგი გზავნილები: ნელი ტემპით, მაგრამ ეკონომიკა იზრდება. თქვენს ცხოვრებაში მთავრობა ისე უხეშად აღარ ერევა, როგორც ადრე. თავს არ გახვევთ დასავლურ-ლიბერალურ ღირებულებებს, რომლებიც ვფიქრობ, ქართველი ამომრჩეველის უმეტესობას დიდად არ ეხატება გულზე. რუსეთთან ომის საფრთხე აღარ დგას - აქაც, ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ამას დადებითად აფასებს. როცა ამას ემატება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ზიზღიც, საბოლოო ჯამში, საკმაოდ „დამრტყმელ“ კოქტეილს ვიღებთ, ეს ყველაფერი მუშაობს. პარალელურად, თვალი შევავლოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილებსაც. „ყველაფერს ბიძინა მართავს!“. ვფიქრობ, ამაზე, ქართველი ამომრჩევლის დიდი ნაწილი იტყვის: კი ბატონო, ასეა. მერე? რა ვუყოთ ახლა? „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს: „ბიძინა რუსებთანაა!“ პასუხად ისმის: შესაძლოა. მერე? ეს არის თემები, რომლებიც აღელვებს ელიტებს, მაგრამ ნაკლებად აღელვებს რიგით ამომრჩეველს. ყველამ იცის, რომ ბიძინა ქვეყნის უმდიდრესი კაცია, რომ „წილები აქვს“. ყველამ იცის, რომ რეჟიმი სულ უფრო და უფრო ნაკლებად დემოკრატიულია, ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, რომ კორუფციაც არის, რომ სცემენ ოპოზიციას. და ხალხს შეიძლება ეს ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ არ აპირებენ, ბედი სასწორზე შეაგდონ, სანამ ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სტაბილურად იზრდება სწორი მიმართულებით. და თუ შევხედავთ, სადაა რუკაზე საქართველო - დასავლეთისკენ ევროპის ყველაზე დიდი ომია გაჩაღებული, სამხრეთით - კიდევ უფრო უარესი ომი ღაზაში. ამ დროს, როცა საქართველოში ხარ, ჯერ დასავლეთით გაიხედავ, მერე სამხრეთით და ალბათ იტყვი: არა გვიშავს რა, ჩვენ, აქ, საქართველოში. უარესიც შეიძლებოდა. და ეს ბევრად უფრო მძლავრი გზავნილია, ვიდრე რაიმე, რისი შემოთავაზებაც ვაშინგტონში სურთ და შეუძლიათ. განსაკუთრებით იმის გამო, რომ იმ ხალხს, ვისაც ვაშინგტონში საქართველო ადარდებს, როგორც წესი, ადარდებს უკრაინაც, და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მიმართ არის ეს იმედგაცრუება - მე ნამდვილად მაწუხებს, რომ საქართველო, როგორც ჩანს, საკმარისს არ აკეთებს უკრაინისთვის, მაგრამ ამომრჩევლებს? არ ვიცი, შესაძლოა, ზოგს აწუხებს კიდეც, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც საჭიროა პოლიტიკური ცვლილებისთვის.

ღარიბაშვილს მშვენივრად ესმის, რომ ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ბიძინას.

რადიო თავისუფლება: და გამოსავალი? თუ „ოცნებას“ ასეთი „მაგარი კარტები“ უჭირავს, როგორ მოუგებ?

ლინკოლნ მითჩელი: [იცინის] პოლიტიკური სტრატეგისტი კი ვარ, მაგრამ ამაში ფულს არ მიხდით, ამიტომ უფასო რჩევით შემოვიფარგლები. „ოცნების“ დასამარცხებლად „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა გაემიჯნო, ერთადერთი შანსი ესაა - ემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ ნელა იწყებ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ბაზაზე მუშაობას - ამომრჩეველს სთავაზობ, რომ შენ იქნები ბერკეტი, მუხრუჭი იმისთვის, რომ თავგასული „ოცნება“ ვინმემ აკონტროლოს. აგვირჩიეთ არა იმიტომ, რომ ქვეყნის მომავლის აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა გვაქვს - არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ოპოზიციის ხმა პარლამენტში, ხმა, რომელიც მიშას არ ეკუთვნის. და თუ ეს კოალიცია არჩევნებში მეორეზე გავა, სახეზე გვექნება ე.წ. ერთნახევრიანი პარტიული სისტემა. იაპონიას აქვს ასეთი, ათწლეულების მანძილზე ისრაელსაც ჰქონდა... მაგრამ თუ ამის ნაცვლად, იტყვი, რომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო, მაშინ - მიშას მოწოდებები რევოლუციისკენ ბევრად უკეთესი რეკლამაა „ოცნებისთვის“, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რასაც თვითონ მოიფიქრებდნენ, თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო პოლიტიკური კონსულტანტები დაექირავებინათ.

რადიო თავისუფლება: შემისწორეთ, თუ ვცდები, მაგრამ ერთნახევრიანი სისტემის მთავარი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ მმართველი პარტია ცდილობს ოპოზიციის გადაბირებას და, როგორც წესი, ახერხებს კიდეც ხოლმე, იმის გათვალისწინებით, რომ ორი პარტიის ხედვებს შორის ფუნდამენტური, შეურიგებელი კონფლიქტი არ არსებობს. რასაც ალბათ, „ქართული ოცნებაც“ შეეცდებოდა.

ლინკოლნ მიტჩელი: დიახ, და რომც არ გამოუვიდეთ, ხალხი მაინც დაეჭვდება და იფიქრებს, რომ გამოუვიდათ, ხომ? ასეა. ამიტომ გითხარით, რომ მოკლე პასუხია: არ ვიცი. ეს არაა ფორმულა, სადაც იტყვი, რომ ქართველმა ხალხმა X Y-ით უნდა ჩაანაცვლოს და Z-ს მიიღებს. შავ-თეთრი სიტუაცია არაა. ფსიქოლოგიურ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ეს ურთიერთდამოკიდებული დისფუნქციური კავშირია, სადაც ორივე პოლიტიკური პარტია დაინტერესებულია არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე კოშმარული სცენარი ის კი არაა, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებს, არამედ ის, მეორეზე თუ ვერ გავლენ, თუ მთავარი ოპოზიციური პარტია არ იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი გაუფასურდნენ, წონა დაკარგეს. „ოცნებისთვის“ კი ყველაზე კოშმარული სცენარი არჩევნების ვერმოგებაა და საუკეთესო ხერხი კი ამ სცენარის აღსაკვეთად - „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე პარტიად შენარჩუნება. და ეს ყველაფერი უკვე მეორე ათწლეულია გრძელდება, აი, რა არის გასაკვირი.

რადიო თავისუფლება: მინდა იმ კაცზეც გკითხოთ, ვინც ალბათ ყველაზე კარგად იცის „ქართული ოცნების“ დღეგრძელობის საიდუმლო - ბიძინა ივანიშვილი ახლახან მესამედ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. როგორ ფიქრობთ - რატომ? და რატომ ახლა?

ლინკოლნ მითჩელი: პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ მე ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევდი. იმ ძველი ქანთრი სიმღერის არ იყოს: თუ არ წახვალ, როგორ მომენატრები? მოკლედ, იმას ვერ დაუბრუნდები, რაც არც არასდროს მიგიტოვებია. 2012 წლიდან მოყოლებული, ბიძინა, მიუხედავად ფორმალური სტატუსისა, ქართული პოლიტიკის მთავარი აქტორია. ამჯერად დაბრუნდა ფორმალური სტატუსით, ვეჭვობ, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, დრო შეარჩია - არჩევნებამდე დაბრუნდა. ასევე ცხადი ჩანს, რომ პრემიერის ცვლილებაც მის გეგმებში შედიოდა და სურდა, არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე განეხორციელებინა ეს მანევრი.

ღარიბაშვილი უკიდურესად ერთგულია ივანიშვილისა, კობახიძეზე მეტადაც კი, ჩემი აზრით. 

რადიო თავისუფლება: კი, მაგრამ - საინტერესო ისაა, რომ როდესაც ივანიშვილი, როგორც თქვენ ამბობთ, „დაბრუნდა“, მან ბიბლიური პეტრე მოციქულივით სამჯერ ხმამაღლა უარყო პრემიერის შეცვლის პერსპექტივა. სამჯერ ხაზგასმით თქვა, რომ ასეთი რამ არ იგეგმებოდა. გადის ერთი თვე და ღარიბაშვილს კობახიძე ანაცვლებს. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რატომღა უარყოფდა ასე დაბეჯითებით, თუ თავიდანვე ამას აპირებდა?

ლინკოლნ მითჩელი: ეს დამაბნეველია, მაგრამ ბევრი რამ არის დამაბნეველი, რასაც ბიძინა აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ბიძინა კარგი სტრატეგია, მაგრამ როდესაც საქმე პოლიტიკურ კომუნიკაციაზე მიდგება, აქ უჭირს. სტრატეგია ესმის - ბევრ სვლას წინასწარ ანგარიშობს პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე, მაგრამ პოლიტიკური კომუნიკაციის საკითხებში მოიკოჭლებს. სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ დიდად არავინ იდარდებდა იმაზე, რომ ერთი თქვა და მეორე გააკეთა, ამის ფასის გადახდა არ მოუწევდა. მთავარი კითხვა აქ ისაა, თუ რატომ ანაცვლებ ღარიბაშვილს კობახიძით, მაშინ როცა ეს უკანასკნელი კიდევ უფრო არაპოპულარულია. უცნაური სვლაა. ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ის, თუ ვინ უდგას ბიძინას ყურთან, ვინ ჩასჩურჩულებს - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არადა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. შეიძლება იყო ერთგვარი „ჩურჩულის კამპანია“ კობახიძის სასარგებლოდ, რომ მას სურდა პრემიერობა, რომ ღარიბაშვილით ხალხი გადაღლილი იყო... ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, ვის ნაჩურჩულევსაც ისმენს ბიძინა. Სხვა, რაციონალური, სტრატეგიულად გონივრული ახსნა ამ ყველაფერს არ გააჩნია. ისედაც არაპოპულარულ პრემიერს კიდევ უფრო არაპოპულარული ფიგურით ანაცვლებ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ღარიბაშვილი უკიდურესად ერთგულია ივანიშვილისა, კობახიძეზე მეტადაც კი, ჩემი აზრით. ისიცაა, რომ ღარიბაშვილმა ერთხელ უკვე ითამაშა ეს თამაში, მან იცის წესები და ბიძინამაც იცის, რომ ის გუნდური მოთამაშეა, მასზე დაყრდნობა შეიძლება და არ დააღალატებს. შეიძლება ის კიდევ ერთხელ დააბრუნონ კიდეც. ღარიბაშვილის ცხოვრება ბიძინასთან ურთიერთობამ შეცვალა, ის საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ ამ ურთიერთობას ძირი არ გამოუთხაროს, მშვენივრად ესმის, რომ ემსახურება არა ქართველ ხალხს, არამედ ბიძინას. ასე რომ, ბიძინამ ახალი წელი ამ ცვლილებით დაიწყო და ცოტათი გაურთულა საქმე მათ, ვინც კულისებიდან მმართველობაში სდებდა ბრალს. ამავდროულად, ჩემი აზრით, მას ისევ სჯერა, რომ სწორედ თვითონ, ბიძინა ივანიშვილია საუკეთესო საჯარო სახე „ოცნებისათვის“ - რომ ხალხი თუ „ოცნებას“ არა, ბიძინას მაინც მისცემს ხმას. დარწმუნებული არა ვარ, რომ ასეა და ბიძინა არ ცდება.

რადიო თავისუფლება: რატომ ფიქრობთ ასე?

ლინკოლნ მიტჩელი: ვფიქრობ, რომ ბიძინას ინსტინქტები არც ისეთი მახვილია, როგორც თვითონ ჰგონია. არ ვიცი, როგორ უყურებს დღეს ქართველი ამომრჩეველი ბიძინას: ძლევამოსილ, უმდიდრეს კაცს, მაგრამ, საერთო ჯამში, დადებით პერსონაჟს თუ როგორც პრობლემის ნაწილს.

რადიო თავისუფლება: რა მემკვიდრეობას ტოვებს ღარიბაშვილი და რას უნდა ველოდოთ კობახიძისგან?

ლინკოლნ მიტჩელი: ღარიბაშვილის მთავარი მემკვიდრეობა რუსეთთან დამყარებული ურთიერთობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მისი პრემიერობის დროს მოხდა, იყო უკრაინის ომი, და ამ ომიანობის დროს მან ატარა ქვეყანა ისეთი კურსით, რომელიც ბევრს მოსწონს, ბევრს არა... კობახიძეს რაც შეეხება, მისი უპირველესი ამოცანა არჩევნების მოგება იქნება. Პრემიერის ცვლილება არ ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში რაიმე ცვლილებას ვიხილავთ. Მაგრამ საქართველოს, როგორც ყველა პატარა ქვეყანას პრობლემურ რეგიონში, თანდათან უფრო და უფრო გაურთულდება მანევრირება მოსკოვს, პეკინს, თურქეთს, არაბულ სამყაროსა და ამერიკას შორის, და რაღაც ვერ ვხედავ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა, დღევანდელი გუნდი კონცენტრირებული იყოს ამ გამოწვევაზე.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG