ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს ფრანგული ლიტერატურის კორიფეს, ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად ყოფილა მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა იმგვარი ნებიერი ვინმე, როგორიც ჰიუგო იყო; თუმცა თავიდან მკაცრი დედის აღზრდილი ვიქტორი ფრიად მოკრძალებული ყმაწვილი ყოფილა. მკაცრმა მშობელმა პირველი სიყვარულიც კი დაუშალა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ დართო ნება და ვიქტორიც დაქორწინდა ადელ ფუშეზე. ერთი შეხედვით, ეს იყო ბედნიერი ოჯახი, ახალგაზრდა მშობლები და ხუთი შვილი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 1833 წელს ვიქტორ ჰიუგომ, უკვე აღიარებულმა მწერალმა და დრამატურგმა თავისი პიესის, „ლუკრეცია ბორჯიის“ რეპეტიციაზე პრინცესა ნეგრონის როლის შემსრულებელი ჟულიეტ დრუე აღმოაჩინა. იმ დროს მსახიობი 26 წლისა იყო და გამოირჩეოდა ზღაპრული სილამაზით, დამოუკიდებლობითა და მგზნებარე ტემპერამენტით. პოეტისა და მისი მთავარი მუზის სიყვარული ორმოცდაათ წელს გაგრძელდა. რა სკანდალში აღმოჩნდა გახვეული ვიქტორ ჰიუგო, როგორ უშველა მას პერის ტიტულმა, რატომ დააპატიმრეს პოეტის სატრფო, რის გამო სთხოვა პატიება სიკვდილის წინ პოეტის მეუღლემ თავის მეტოქეს – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: