რუსი ბავშვები “მაკდონალდსის” ბროშურებში ელტონ ჯონის მეუღლე დევიდზე ვერაფერს წაიკითხავენ. ორი მიზეზით: ჯერ ერთი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კომპანიამ ქვეყანა დატოვა. და მეორე, რუსეთში აკრძალულია ე.წ. “ლგბტ პროპაგანდა”, ანუ (ჰეტეროს გარდა) ნებისმიერი სექსუალობის და გენდერული იდენტობის ხსენება წიგნებში, ფილმებში და მედიაში.
თავდაპირველად, სახელმწიფო “პროპაგანდისგან” მხოლოდ არასრულწლოვნებას “იცავდა”. 2013 წელს მიღებულ კანონმა აკრძალა მათთვის “პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება ჰომოსექსულობაზე, ბისექსუალობაზე და ტრანსგენდერებზე”.
2022 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი კანონს, რომლითაც უკვე მთელ ქვეყანას “იცავს”. სექსუალობის განხილვაზე ტაბუს ასევე დაემატა ტაბუ “სქესის შეცვლის” ხსენებაზე. კანონის დამრღვევები დაჯარიმდებიან 400 ათასი რუბლით (დაახლოებით 12 ათასი ლარით), ორგანიზაციებისთვის კი ჯარიმა 5 მილიონ რუბლამდეა (150 ათასი ლარი).
დეპუტატები “სქესის შეცვლის” წინააღმდეგ
14 ივნისს რუსეთის პარლამენტმა (სახელმწიფო დუმამ), პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს “სქესის შეცვლის” (სქესის კვლავმინიჭების) ქირურგიულ ოპერაციას. გარდა ამისა, ტრანსგენდერი ადამიანები ვეღარ ჩაწერენ პასპორტში საკუთარ გენდერს.
კანონპროექტის მიღებას დეპუტატები “ რუსული ტრადიციული სულიერ-ზნებრივი ღირებულებების განმტკიცების” და ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებით ხსნიან.
რატომ ეროვნული უსაფრთხოების? იმიტომ, რომ დეპუტატების მტკიცებით, რუსეთში ბევრი სქესს იმისთვის “იცვლის”, რათა ჯარში არ მოხვდეს.
“ადამიანი დილით იღვიძებს და წყვეტს, რომ კაცი აღარაა, არამედ ქალია; ქალი კი არა, არამედ კაცია. მიდის კლინიკაში, იღებს ცნობას, ამ ცნობით მიდის საპასპორტო მაგიდასთან გვარის, სახელის და მამის სახელის შესაცვლელად” - თქვა დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
იურისტი ვლადიმირ კომოვი, რომელიც რუსეთში ლგბტ ადამიანებს ეხმარება, ამბობს, რომ ეს ტყუილია. 2022 წელს სამართლებრივად სქესი 936-მა ადამიანმა შეიცვალა. მათგან ნახევარმა გენდერული მარკერი მამრობითზე გადააკეთა, ანუ პოტენციური ჯარისკაცი გახდა.
“ამ გზით შიდა მტრის პოვნას ცდილობენ უკრაინაში დატრიალებული ამბების მერე. ალბათ აგრესიასაც ანთხევენ, ცდილობენ აჩვენონ, რომ ბრძოლას ქვეყნის შიგნითაც აწარმოებენ. და ალბათ სურთ, ჩაუდგნენ სათავეში რაღაც საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც გააერთიანებს ყველაფერ საშინელს, არაადამიანურს, ტრადიციულს” - უთხრა კომოვმა “ქარენთ თაიმს”.
წამების საფრთხე
კომოვს, ბევრი სხვა უფლებადამცველის მსგავსად, ეშინია, რომ კრემლი ამაზე არ გაჩერდება. დუმაში კანონპროექტის განხილვისას, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ თქვა, რომ პრეზიდენტმა ფსიქიატრიის სახელმწიფო ცენტრში სპეციალური ინსტიტუტის შექმნა დაავალა. ეს ინსტიტუტის გამოიკვლევს “ფსიქიატრიულ მეთოდებს”, რომლითაც “ამ წარმოდგენებს [გენდერულ როლებსა და სექსუალობაზე] რეალობასთან შესაბამობაში მოიყვანენ”.
კომოვი ამბობს, რომ ამით კრემლი, ფაქტობრივად დააკანონებს ლგბტ ადამიანების ე.წ. “კონვერსიულ თერაპიას”. ასე უწოდებდნენ ნახევარი საუკუნის წინ ფსევდომეცნიერულ მიდგომებს, რომლის მეშვეობითაც გეების და ლესბოსელების “განკურნებას” ცდილობდნენ. მაგალითად, ურტყამდნენ დენს, ან ასმევდნენ გულისრევის გამომწვევ წამლებს. 2020 წელს, გაეროს ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციის საკითხებში მოითხოვა, რომ “კონვერსიული თერაპია” წამებას გაუტოლდეს.
ამასთან “ნოვაია გაზეტა” და სხვა ოპოზიციური გამოცემები წლებია წერენ, რომ რუსეთში (განსაკუთრებით კი ჩრდილო კავკასიაში და მოსკოვში) არსებობს კერძო “სარეაბილიტაციო ცენტრები”, სადაც ნათესავები ქვიარებს იძულებით აგზავნიან. იქ მათ “განკურნებას” ცდილობენ. ამისთვის კი წამებას და დამამცირებელ მოპყრობას იყენებენ.