თევზსავალები, რომელთა მეშვეობით თევზები მდინარის ერთი ნაწილიდან მეორეში უნდა მოხვდნენ, იმდენად რთული ნაგებობებია, რომ მათი მოხმარება არათუ თევზს, ადამიანსაც გაუჭირდება, - აცხადებენ გარემოსდამცველები.
ჰესების მშენებლობისას აუცილებელი პირობაა მდინარეში თევზებისთვის გასასვლელის დატოვება. როგორც ექსპერტები ამბობენ, დღეს თევზებს ორი პრობლემა ხვდებათ:
- ჰესის აშენების შემდეგ მდინარე წყლისგან იცლება;
- თევზსავალი საკმაოდ რთული ნაგებობაა, თანაც - უწყლო ადგილას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ თევზებისთვის მთავარი საფრთხე მაინც ის არის, რომ მდინარეში წყალი აღარ რჩება. ჰესის მეპატრონე მდინარეში წყლის მხოლოდ 10 პროცენტს ტოვებს. ის შეიძლება საერთოდ ქვებში ჩაიკარგოს ან პატარა ნაკადულად იქცეს, რაც თევზს ღუპავს.
„თევზსავალს ვალდებულების გამო აკეთებენ, თორემ ყველამ ვნახეთ დამშრალი თერგი. იქ, როგორც ჩანს, ის 10 პროცენტიც არ დატოვეს. არავინ აკონტროლებს და რეალურად პასუხს არ მოსთხოვენ ან მხოლოდ 5 ათას ლარს გადაახდევინებენ. სწორედ ამიტომ მიდის ამ რისკზე. წავა დამკვირვებელი და ისევ დაკეტავს წყალს“, - ამბობს დავით ჭიპაშვილი.
რაც შეეხება თევზსავალების სტრუქტურას, ექსპერტების თქმით, თევზი ძალიან ჭკვიანი და მიხვედრილი უნდა იყოს, რომ ამ ნაგებობებით მდინარის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა შეძლოს.
„მაგალითად, „არაგვი ჰესის“ შემთხვევაში თევზისთვის კორპუსებია აშენებული. საფეხურებია გაკეთებული ისეთი, როგორიც კორპუსებს აქვთ. წყალიც რომ იყოს, მეეჭვება, თევზმა იქ ასვლა მოახერხოს, ახლა კი წყალიც არ არის. ფარავანზე თევზი ძალიან გონიერი უნდა იყოს, რომ მიხვდეს, სად უნდა მოუხვიოს, როგორ ავიდეს, საერთოდ საიდან იწყება ეს თევზსავალი. „ხადორი 2“-ზე ბეტონია და თევზი რომც გადავიდეს, ბეტონს დაენარცხება. ალბათ, უფრო თევზაობისთვის არის“, - ამბობს დავით ჭიპაშვილი.
„მწვანე ალტერნატივის“ კიდევ ერთი წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ჯერ მცირე დროა იმის განსასაზღვრად, თუ რა ზიანი მოუტანა ბოლო წლებში აშენებულმა ჰესებმა თევზების პოპულაციას.
„ხშირად ამბობენ, აი, საბჭოთა კავშირის დროს 60-ზე მეტი ჰესი აშენდა და მათ ზიანი არ მოუყენებიათო. ზიანი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არ ჩანს, რადგან თევზებმა ლაპარაკი არ იციან. რიონზე ჰესების აშენებამდე ზუთხის ძალიან დიდ ოდენობას იჭერდნენ, მაგრამ მერე გაწყდა. არადა, დუნაი და რიონი ატლანტური ზუთხისთვის ბოლო საქვირითე მდინარეები იყვნენ. მაგალითად, რამდენად პროპორციულია 8-მეგავატიანი „არაგვი ჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იმის საპირწონედ, რომ არაგვის მთელ იხტიოფაუნას საფრთხე ექმნება?“, - კითხულობს ირაკლი მაჭარაშვილი.
გთავაზობთ „მწვანე ალტერნატივას“ გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჰესებზე მოწყობილი თევზსავალები ჩანს: