Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძის მუქარაზე პროკურატურის რეაგირებას ელოდება


დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. როგორც ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ის სარალიძის მხრიდან გამოვლენილი მუქარისა და დაცვის უფლების განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტების შესწავლას ითხოვს.

„მე მუქარა რეალურად აღვიქვი. მუქარის არაერთი ფაქტი იყო. სხვათა შორის, ერთ-ერთი გაფრთხილება მე მისგან მოსამართლის თანდასწრებითაც მივიღე. ასევე ერთი გაფრთხილება იყო ქუჩაში და ერთიც - სოციალური ქსელით. აგრესიულად და არაადეკვატურად იქცეოდა... მეუბნებოდა - ჩემს შვილს თავი დაანებე და ჭკვიანად იყავიო.... რას ნიშნავს ეს ჭკვიანად იყავი, პროკურატურამ უნდა გაარკვიოს. მე ქუჩაში მუშტების ქნევას არ ვაპირებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ თოდუამ.

ზურაბ თოდუას გადაწყვეტილებას - მიემართა პროკურატურისთვის, ზაზა სარალიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. „2017 წლის 1 დეკემბერს ჯგუფურად იქნა მოკლული ორი არასრულწლოვანი, ერთერთი ბრალდებულის,რომელსაც წარდგენილი აქვს ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში,"მ.კ."-ს უფლება დამცველმა საჩივარი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ,რაზედაც გამოძიება დაწყებულია და დავიკითხე კიდეც. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველანაირი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, - წერს სარალიძე და თხოვნით მიმართავს ზურაბ თოდუას:

"გთხოვთ უმორჩილესად,თავად გაასაჯაროვოთ მედიის თანდასწრებით ყველა დეტალი თქვენს მიერ შეტანილი საჩივარიც და გმოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიც...პ.ს. მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება ბატონო ზურაბ,მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება!!!!!"

ინტერნეტსივრცეში იძებნება არაერთი პოსტი, როცა მოკლული დავით სარალიძის მამა უკმაყოფილებას გამოხატავს მიხეილ კალანდიას დაცვისა და მისი უდანაშაულოდ გამოყვანის მიზანთან დაკავშირებით.

ზაზა სარალიძე უკვე დიდი ხანია, თავს იკავებს მედიასთან კონტაქტისგან. მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ადვოკატი თოდუა პროკურატურისგან მოითხოვს ასევე სათანადო რეაგირებას ზაზა სარალიძის ბრალდებებზე.

„ჩემი საჩივრის შეტანის შემდეგ, მალევე, შსს-ში საჩივარი შეიტანა ზაზა სარალიძემაც. ის გვაბრალებს, რომ თითქოს, კალანდიას ახლობლები სასამართლოს დარბაზში შესვლამდე ახორციელებენ ზეწოლას მოწმეებზე და ამის გამო ეს მოწმეები არ იძლევიან სასამართლოში სათანადო ინფორმაციას... ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან სასამართლოში მანდატურის სამსახური ამის საშუალებას არავის მისცემს“.

ადვოკატის თქმით, ის ყოველთვის აცნობიერებდა სარალიძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმეს და ეს არაერთხელ გამოუხატავს; თუმცა არ აპირებს, რომ უარი თქვას მიხეილ კალანდიას დაცვაზე - „სრულიად უდანაშაულო ადამიანს დავიცავ, ამაში წინ ვერავინ დამიდგება. არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც კალანდიას დანაშაულს დაადასტურებდა“.

როგორც საქმის პროკურორი მირიან მეგრელიშვილი განმარტავს, კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება - რამდენად საკმარისი იქნება ეს კონკრეტული ბრალის დასამტკიცებლად.

ასეთი მტკიცებულებები რომ არ არსებობდეს, საქმე არსებით განხილვამდე საერთოდ არ მოვიდოდა და რამდენად საკმარისია ეს უკვე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ამას ჯერ მხარეები შევაფასებთ და შემდეგ უკვე შეაფასებს სასამართლო თავის განაჩენში - განაცხადა მეგრელიშვილმა.

"ხორავას ქუჩის" საქმეზე მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი დახურულია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG