ეუთოს ექსპერტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის - ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტი მრავალთვიანი ხმაურის შემდეგ პარლამენტმა 1 მაისს მიიღო. სანამ კანონი მეორედ მოსმენაზე გავიდოდა ეუთომ თავისი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მათგან ზოგი შესრულდა, ზოგი – არა. მაგალითად, უპირატესობა მიენიჭა ფარულ კენჭისყრას, ნაცვლად ღია კენჭისყრისა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ანიჭებდნენ უპირატესობას.
„ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებითაც არის საკითხები დაურეგულირებული, მაგალითად, რა ხდება მაშინ, როცა კანდიდატი იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელია“, - ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი მათ ძალიან დაეხმარათ და მიიღეს კანონი, რომელიც მოსამართლეების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცესს უზრუნველყოფს.
„ეს გრძელი პროცედურაა და საზოგადოებას მასზე დაკვირვება შეუძლია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება და თავისი კანდიდატურის შეთავაზება საბჭოსთვის“, - თქვა მან.
კობახიძის გამოსვლას დარბაზში რეპლიკა მოყვა: „მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი დღეს მართავს იუსტიციის საბჭოს“!
ზოგადად ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმას მეტი დრო სჭირდებოდა.
„არ იყო შესაბამისი კონსულტაციები საზოგადოებასთან, ჭეშმარიტ კონსულტაციებზეა საუბარია. რეფორმები სიჩქარით არ უნდა განხორციელდეს. ეს ცვლილებები უკვე შევიდა კანონში. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული პროგრესი არსებობს, მაგრამ არის საკითხები, რომელიც კითხვის ნიშნებს ტოვებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ეუთოს და ვენეციის კომისიის მიერ გაიცა“, - ამბობს ეუთო/ოდირის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი.
ეუთოს კიდევ ერთმა ექსპერტმა ანა-ლიზა შატელენმა ჩამოთვალა პრინციპები, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლოს მოსაღწევად არის საჭირო: „დამსახურებებს უნდა ეფუძნებოდეს არჩევა და არა მის პოლიტიკურ კუთვნილებას. მოსამართლის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დამოუკიდებელმა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულმა ორგანომ“.
ეუთოს ექსპერტი მიშელ რივე კი ამბობს, რომ მოსამართლე არა მხოლოდ მიუკერძოებელი, არამედ ყველა ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს.
ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის უმრავლესობაზე ზემოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების წონამაც ვერ მოახერხა.
„ძალიან ვეცადეთ ყველა რეკომენდაცია მოხვედრილიყო კანონში, მაგრამ ეს არ მოხდა. მხოლოდ ორი რეკომენდაცია გაითვალისწინეს. ეს ვერ დაგვაზღვევს იმ პროცესისგან, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დაიწყო. იუსტიციის საბჭომ, რომელსაც ხალხის ნდობა არა აქვს, კონკურსი უკვე გამოაცხადა. ახლა მნიშვნელოვანია საბჭომ მინიმალური სტანდარტი მაინც დაიცვას“, - ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია.
დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით კი, იუსტიციის საბჭოს სურდა მოსამართლეებად თავხედურად გაეყვანა თავისი ხალხი, რასაც მთელი ეს პროცესი მოყვა. მაგრამ მიღებული კანონი მაინც ვერაფერს ცვლის.
„მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ არც ახლა ბლოკავს ამ ხალხის გაყვანას არაფერი. ავიღოთ რეკომენდაცია გამოცდის ჩაბარების შესახებ, რატომ უნდოდათ ეს? იმიტომ, რომ ვისი გაყვანაც უნდოდათ, გამოცდა ყველას ჰქონდა ჩაბარებული. ეს შეცვალეს, მაგრამ დაიტოვეს ფარული კენჭისყრა, ანუ მაინც არ აგებენ პასუხს ვის მისცემენ ხმას. ასე, ჩვენ პარლამენტში ისევ მოგვიწევს განვიხილოთ ჩინჩალაძის ან მურუსიძის გარებიძაშვილი“, - ამბობს ფოფხაძე.
ექსპერტები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მაქსიმალურ გამჭვირვალობას მოსამართლეების შერჩევის ყველა ეტაპზე, კერძოდ: ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ისე, რომ საზოგადოებას რეალურად ჰქონდეს მისი ნახვის საშუალება. უნდა გამოქვეყნდეს კანდიდატების ნუსხა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია შერჩევის პროცესის შესახებ. კანდიდატს უნდა განემარტოს რატომ ვერ გავიდა კონკურსში, ასევე უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება და ა.შ.