Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი: გაფრინდაშვილი რუსი პოლიტიკოსების დახმარებით გავათავისუფლეთ


„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილი ისე სწრაფად გაატარა ერგნეთის გამშვებ პუნქტზე, რომ მან მისალმებაც ვერ შეძლო. ეს მაშინ, როდესაც, ინაშვილის თქმით, ექიმის გათავისუფლება სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დიახ, ჩვენ - საქართველოს პატრიოტებმა - კონკრეტულად, დავით თარხან-მოურავმა, მე - ირმა ინაშვილმა, ჩვენ ვიღვაწეთ იმისათვის, რომ ეს ფაქტი განხორციელებულიყო. მე ვლაპარაკობ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ეპიზოდზე. თორემ ის, რომ მანამდე ხარჯავდა ძალისხმევას ხელისუფლება, ხარჯავდა ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობა, ეს ჩვენ არ უარგვიყვია და არც ახლა უარვყოფთ. მაგრამ კონკრეტულად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდა ჩვენი შრომის შედეგად“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა 28 დეკემბერს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მიზანს რუსეთის დუმის დეპუტატებთან კომუნიკაციისა და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების შუამდგომლობის შედეგად მიაღწიეს.

„ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს რუს კოლეგებთან ერთად. მოგეხსენებათ, რომ არის დიალოგის ფორმატი ჩვენს დეპუტაციასა და რუსეთის დუმის დეპუტატებს შორის. ამ ფორმატმა აჩვენა მისი ეფექტურობა. დიალოგმა, პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა - ეს გათავისუფლების ფაქტი არის ამის გამოხატულება... ჩვენი პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი, ორჯერ იყო ჩასული მოსკოვში ამ თემასთან დაკავშირებით. მან ჯერ კიდევ 18 დეკემბერს მიიღო მტკიცე, მყარი პირობა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან (მე ამას ხაზს ვუსვამ), რომ შუამდგომლობას გაგვიწევდნენ ჩვენ, რათა გათავისუფლებულიყო ვაჟა გაფრინდაშვილი და ეს პირობა რუსულმა მხარემ შეასრულა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი განმარტებით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს უნდა გათავისუფლებულიყო, არ ფლობდა არც ხელისუფლება და არც ოჯახი. ეს იცოდნენ მხოლოდ მან და დავით თარხან-მოურავმა - „გახსოვთ, მარტო ვიდექი ერგნეთის გამშვებ პუნქტთან და მედიის გარეშე ვიყავი იმიტომ, რომ საფრთხე არ დამუქრებოდა ამ პროცესს, არ გაჟონილიყო ეს ინფორმაცია“.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუს პოლიტიკოსებთან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ აქტიურ სამუშაო პროცესზე ლაპარაკობდა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. სწორედ გაფრინდაშვილის საკითხი დასახელდა ბურჯანაძის მოსკოვში ბოლო ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხად.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თარიღად ნინო ბურჯანაძე 13 დეკემბერს ასახელებდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.

„ძალიან დიდი ძალისხმევა იყო განხორციელებული რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო გათავისუფლება. კონკრეტულ ადამიანებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ძალისხმევა დასრულდა ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებით.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში, ზოგი პროტესტით, ზოგი თანაგრძნობით, ზოგი განცხადებით, ამან ყველაფერმა თავისი წვლილი შეიტანა და მე ყველა ამ ადამიანს ვუხდი მადლობას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 28 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შემდეგ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონკრეტულად „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ რუდენკოსა და ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ კოსაჩოვს“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

20 დეკემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით.

28 დეკემბერს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ, ექიმი გორიდან თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა. ის ავტომობილს თავად მართავდა. მანამდე, გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

XS
SM
MD
LG