Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მორწმუნისათვის ლოცვა, მარხვა და კეთილი საქმის აღსრულება სახლშიც შესაძლებელია და უდაბნოშიც


„როგორ იქცევა მშობელი, როდესაც იცის რომ სკოლაში ეპიდემია ან სხვა რაიმე საშიშროებაა?! ის არ უშვებს შვილს სკოლაში და ტოვებს სახლში დროებით, სანამ არ გადაივლის საფრთხე! როგორ იქცევა მზრუნველი და მოსიყვარულე სამღვდელოება სულიერი შვილების, ანუ მრევლის მიმართ, როდესაც ხალხმრავალ სივრცეები (თუნდაც ტაძარში მასობრივი თავშეყრა, გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებაც ასევე) ქმნის დიდ საფრთხეს?! ის მოუწოდებს სულიერ შვილებს, რომ გაითვალისწინონ მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციები, დარჩნენ სახლებში დროებით, ილოცონ შინ... ასე მოიქცა მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ალბანეთის და კრეტის ეკლესიები, ასე მოიქცა ათონის მთაც... თვით მუსლიმური თემი მრავალ ქვეყანაში, იმისათვის რომ ეპიდემიის მასობრივი გავრცლებისათვის ხელის შემწყობნი არ გამხდარიყვნენ, შეაჩერეს საზოგადო, ანუ მასობრივი მსახურებები. და რას ვხედავთ ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაგან?!“ - ეს სიტყვები და ბოლო შეკითხვაც მანჩესტერისა და ბირმინგემის ქართული სამრევლოს წინამძღვარს, დეკანოზს ილია ჭიღლაძეს ეკუთვნის - 22 მარტს, საკვირაო ქადაგებაში მან სწორედ ამ სიტყვებით მიმართა თავის მრევლს.

სინოდის განჩინება კორონავირუსის ჟამს

იმავე 22 მარტს, საქართველოს ტაძრებში შეკრებილი მრევლიც ისმენდა თავიანთი სულიერი მოძღვრების ქადაგებებს. დიდმა ნაწილმა საკვირაო ქადაგება კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორისგან მოისმინა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის და ჯანდაცვის მსოფლიო რეკომენდაციების მიუხედავად, დაიცვან სოციალური დისტანცია, ხალხი მაინც შეიკრიბა.

წინა დღით, უკვე მიღებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებაც რომლის თანახმად, საქართველოს ეკლესიებში ღვთისმსახურება არ შეწყდება და რომელშიც წერია, რომ ახალმა კორონა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, ხოლო ამ მოვლენის სულიერი მიზეზი - ადამიანის ღვთისგან დაშორებაა.

რატომ გაიყო მორწმუნეთ აზრი ამ საკითხზე? რა უდგას წინ შინ ლოცვას? რატომ არ გაიზიარა საქართველოს საპატრიარქომ სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებები? რა უნდა იცოდეს მრევლმა? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ სთხოვა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეს დღეები სულ ვფიქრობ ამაზე, რომ საეკლესიო კანონებში ნათლად არაფერი წერია, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ეპიდემიის დროს. უნდა შეჩერდეს თუ არა საჯარო მსახურება და ა.შ. იქედან გამომდინარე, რომ დიდი რჯულის კანონი მრავალი წლის წინ დაიწერა, მაშინ კი არც ასეთი სამედიცინო გამოცდილება არსებობდა, არც ცოდნა და არც ვირუსის გადადების ფორმები იყო დადგენილი, ეს საკითხი, საეკლესიო კანონიკურ სივრცეში, ღიად და გადაუწყვეტლად არის დატოვებული.

მეორე მხრივ, საქართველოს ეკლესიაც და სხვა ეკლესიებიც, ერთი საუკუნეა ამგვარი ვითარების წინაშე არ აღმოჩენილან, როცა არის გრიპის პანდემია, რომელმაც, შესაძლოა, შეიწიროს უამრავი ადამიანი. ჩვენ ვიცნობთ ე.წ. „ისპანკას“ სახელით ცნობილ ეპიდემიას, მაგრამ მას შემდეგ გავიდა 100 წელი და გამოცდილება დაკარგულია. ის თაობა აღარ არსებობს, ჩვენი კი მოუმზადებელი აღმოჩნდა და ვერც საშიშროება გააცნობიერა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ არა იმაზე, თუ რამდენად გადამდებია ზიარების კოვზი, არამედ იმაზე, რომ შეკრებებია საშიში. მუსლიმებს საერთოდ არა აქვთ ზიარება, მაგრამ შეწყვიტეს საჯარო შეკრებები სწორედ იმიტომ, რომ მასობრივი თავშეყრის საფრთხე დაინახეს.

თუ გადავხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა სინოდების განჩინებებს, ვნახავთ, რომ ეკლესიათა სრულმა უმრავლესობამ საჯარო შეკრებების შეწყვეტის და ტაძრებში მხოლოდ მღვდელმსახურთა მიერ წირვა-ლოცვის აღვლენის გადაწყვეტილება მიიღო. მათ მოუწოდეს მრევლს სახლში დარჩენისკენ - წირვა-ლოცვის მოსმენა და ყურება შესაძლებელია პირდაპირი ტრანსლაცის დროსაც, ფეისბუკზე, ტელევიზიითა თუ რადიოს საშუალებით. და მათ ასევე მოუწოდეს მრევლს სახლში ლოცვისაკენ.

დღეს, შეიძლება ვიღაცამ თქვას, დარჩეს შინ ავადმყოფი, დანარჩენმა იაროს, რა პრობლემააო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ავადმყოფობა, შესაძლოა, ერთი და ორი კვირაც არ გამოჩნდეს, ადამიანს არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, დადიოდეს ქალაქში, შედიოდეს ეკლესიაში და ისე ავრცელდებდეს ვირუსს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამაზე. აი, ამიტომ არის სავალდებული დავიცვათ სახლში ყოფნის რეჟიმი.

რადიო თავისუფლება: მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ არგუმენტების მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. თქვენი აზრით, რატომ?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: სანამ სინოდი შეიკრიბებოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ფანატიკოსთა დაჯგუფებები, ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მათი ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ავრცელებდნენ პოსტებს და ითხოვდნენ, არ შეწყვეტილიყო საჯარო მსახურება ეკლესიებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქზეც იყო ფანატიკოსთა ერთგვარი ზეწოლა, შესაძლოა, შანტაჟი და მუქარაც.

მრევლი მოქმედებს მათი მოძღვრების ინსტრუქციის მიხედვით. აქ მრევლის პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც მათ უკან მდგომი მღვდლების პრობლემა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და ცრუ საღვთისმეტყველო მორწმუნეობრივი იდეებით აღტკინებულები მართავენ თავიანთ სულიერი შვილებს.

ფაქტობრივად, ვიხილეთ კიდეც, რომ საპატრიარქომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. როდესაც სინოდის განჩინებაში წერია, დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილებები და რეკომენდაციები და ამ დროს, მაინც არ წყვეტ საჯარო მსახურებებს, ეს ნიშნავს, რომ სინოდის განჩინების ორი პუნქტი ეწინააღმდეგება ერთმანეთს და გამოდის სიცრუე - თან მოუწოდებ მრევლს გაითვალისწინონ მედიკოსთა რჩევები და თან ეუბნები, რომ იქვე დაარღვიონ. ამიტომ არის ჩემი აზრითეს განჩინება ხარვეზიანი და კოლიზიური.

რადიო თავისუფლება: ასეთ ვითარებაში რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ რას იტყვიან სასულიერო პირები, რა განცხადებებს გააკეთებენ ისინი?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მრევლი მოქმედებს მათი მოძღვრების ინსტრუქციის მიხედვით. აქ მრევლის პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც მათ უკან მდგომი მღვდლების პრობლემა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას და ცრუ საღვთისმეტყველო მორწმუნეობრივი იდეებით აღტკინებულები მართავენ თავიანთ სულიერი შვილებს. დღეს ქართულ ენაზე გავრცელდა ათონელი დიდი გერონდის (მოძღვარი, ბერი) ნექტარიოსის მიმართვა, სადაც ის აღწერს თუ რატომ უნდა დარჩეს მორწმუნე ქრისტიანი დღეს სახლში და არ მივიდეს ეკლესიაში. ეს უნდა გააცნობიერონ იმ მღვდლებმა, ვინც ჯერ ვერ ხვდებიან ამას. თუმცა, ისინიც, ინსტრუქციას იღებენ წმინდა სინოდისა და პატრიარქისგან. პირამიდის პრინციპია - როცა თავში არის კოლიზია, შეუთანხმებლობა, არასწორი პოზიცია, ეს პირამიდის ფსკერზეც აისახება. საბედნიეროდ, არის სამღვდელოების ნაწილი, ვინც ხვდება არსებულ საშიშროებას, მაგრამ თავი და თავი მაინც არის სინოდი, საპატრიარქო, რომელსაც ამ პროცესის ადმინისტრირება ევალება.

რადიო თავისუფლება: ზიარების წესის ცვლილებასა და ეკლესიაში წირვის ჩატარებაზე, კორონავირუსის საფრთხის გამო, სასულიერო პირების აზრი საქართველოში თავიდანვე გაიყო, თუმცა საპატრიარქომ მათ მოუწოდა, სინოდის სხდომამდე თავი შეეკავებინათ განცხადებებისგან. თქვენ როგორ აფასებთ ამ მოწოდებას?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ჩემთვის ეს განცხადება არის კურიოზული, ჩვენ კი არ უნდა გავაჩეროთ ასეთ დროს სამღვდელოება, უნდა მოვუსმინოთ მათ, გავიგოთ, როგორია მათი არგუმენტები, ლოგიკა. ამ შეხედულებების ანალიზი უნდა მომხდარიყო წმინდა სინოდზე. ეპისკოპატი ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას თუ მათ არ იციან, რას ფიქრობემ მღვდლები, რას ფიქრობენ მეცნიერები, საზოგადოების სხვა ჯგუფები.

მე მგონია,რომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომელ შენობაშიც არ უნდა ისხდნენ და რომელ ორგანიზაციასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, რომ ყურადღებით უნდა მოუსმინონ განსხვავებულ აზრს.მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან აწონილ-დაწონილი, ხოლო საფრთხე გათვალისიწინებული. და არა ის, რომ ვასიამოვნოთ ფანატიკოსებს, ბრმად მორწმუნეებს, რომლებსაც არ უნდათ ერთი თვე სახლში დარჩენა და სახლში ლოცვა. და ეს მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ბრძანებს, რომ „შევედ შენს ოთახში და ილოცე დაფარულად და მამა შენი ზეციერი მოგისმენს შენ“.

რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება. წინასწარმეტყველი ძველი აღთქმიდან ასეთი შინაარსის რამეს ამბობს, რომ ღვთის საშინელი ჟამის დროსო, და აქ იგულისხმება ომები, ეპიდემიები და ა.შ. შედით, დაიმალეთ თქვენს სახლში, ილოცეთ იქ, ვიდრე არ გადაივლის ეს მძიმე ჟამიო.

შესაბამისად, ზოგიერთის ჭირვეულობა და ეგოისტური გამოხდომები, რომ ისინი არ შეწყვეტენ რამდენიმე კვირით ეკლესიაში სიარულს, ეს არის აბსოლუტურად უგუნური და ანტიქრისტიანული გადაწყვეტილება. მე მათ ვურჩევდი, კარგად წაიკითხონ წმინდა სახარება, ბიბლია და ეს ერთთვიანი ვადა გამოიყენონ ამისთვის. რადგან ჩვენ გვყავს ისეთი მორწმუნე თუ ეკლესირი ხალხი, ვისაც სახარება საერთოდ არ გადაუშლია. ან თუ წაუკითხავთ, არ ესმით ძველქართული ენის შინაარსი. ცხადია, ეს არ ეხება ყველას, საუბარია მათზე, ვისაც აჟიტირებითა და ფსიქოზით არეულობა შემოაქვთ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელებას.

რადიო თავისუფლება: ბოლო დღეებში ბევრი კითხვა დაისვა, რატომ არ აირჩია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის გზა, რომლისკენაც მსოფლიო საპატრიარქომ მოუწოდა ეკლესიებს. წერდნენ იმაზეც, რომ საქართველოს ეკლესია ამჯერადაც რუსული ეკლესიის ორბიტაზე ტრიალებსო. საჯარო წირვა-ლოცვა არც იქ შეწყვეტილა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: სხვათა შორის, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, რუსეთის საპატრიარქოს ბევრად წინგადადგმული ნაბიჯები ჰქონდა. თუნდაც ზიარების კოვზის დასპირტვის შემოტანით მან, ფაქტობრივად, თქვა, რომ ეკლესიაში არსებობს ვირუსის გადადების საფრთხე. ეს უკვე არის მრევლის გაფრთხილება. ამას გარდა, რუსეთის პატრიარქმა გაავრცელა განცხადება, რომ მავნე ადამიანები, ცრუმორწმუნეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არაფერი მოუვათ, რადგან ღმერთი სწამთ, არიან ამპარტავნებაში მყოფნი, ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ საზოგადოებას, ეკლესიას, თავის თავს და უნდა დავიცვათ სამედიცინო რეკომენდაციებიო. მე მგონი, ეს ძალიან ცხადია განცხადებაა და გამგები გაიგებს. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის ეკლესიას საჯარო მსახურებები ოფიციალურად ნამდვილად არ შეუწყვეტია.

როცა ასეთი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და მსოფლიო, მაშინ ეს რელიგიური, ეგოისტური, თავკერძა განცხადებები, რომ როგორ შეიძლება ტაძარში არ მივიდე კვირა დღეს, არ ვეზიარო და ა.შ. არის აბსოლუტურად ფშვინვიერი, არასულიერი.

მე მაწუხებს, რომ ჩვენი საპატრიარქოს განცხადებები არ ემთხვევა მედიკოსთა რეკომენდაციებს. მხოლოდ ის, რომ დავიცვათ ერთმეტრიანი დისტანცია ტაძრებში, პრევენცია არ არის, რადგან ვირუსი ყველგან არის, ზედაპირებზე, ნივთებზე, ტანსაცმელზე და ა.შ. მთავარი რეკომენდაცია არის - დარჩი სახლში!. მხოლოდ გარდაუვალი საჭიროებისთვის უნდა გავიდეთ გარეთ - საკვებისთვის მაგალითად. საჭმელი - ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ხოლო ეკლესიაში არმისვლა ერთი თვე - ეს სავსებით შესაძლებელია. მორწმუნისათვის ღმერთი, ლოცვა, საღმრთო წერილის კითხვა და მარხვა, კეთილი საქმის აღსრულება სახლშიც შესაძლებელია, უდაბნოშიც შესაძლებელია.

ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია და ზიარება უნდა უარვყოთ. არა. მხოლოდ როცა ასეთი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და მსოფლიო, მაშინ ეს რელიგიური, ეგოისტური, თავკერძა განცხადებები, რომ როგორ შეიძლება ტაძარში არ მივიდე კვირა დღეს, არ ვეზიარო და ა.შ. არის აბსოლუტურად ფშვინვიერი, არასულიერი.

არაერთი მაგალითი არსებობს ეკლესიაში ფანატიკური ამბოხებებისა, როდესაც ადამიანები აფეტიშებდნენ ფორმას, რაღაც გარეგნულ წესებს, მაგრამ რეალურად ავიწყდებოდათ ქრისტეს მცნება და სახარება. და ასე შორდებოდნენ ეკლესიას. როცა ნამდვილ რწმენას, საღმრთო წერილის,კანონების, საეკლესიო ისტორიის, წმინდანთა ცხოვრების ცოდნას ჩაენაცვლება რაღაც ფანატიკური აღტკინებები, იქ უკვე ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად ვიღებთ ყალბ რწმენას, რომელიც საფრთხის შემცველია, პირველ რიგში, თავად იმ ადამიანებისთვის, და შემდგომ უკვე მთელი საზოგადოებისათვის.

რადიო თავისუფლება: თქვენ რას ეტყოდით თქვენს მრევლს - მათ, ვისაც სჯერა, რომ სახლში ლოცვაც შესაძლებელია და მათაც, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებლად ეკლესიაში უნდა წავიდეს?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: უპირველესად უნდა დაემორჩილონ სახელმწიფო კანონებს, რადგან კანონმორჩილი ადამიანი აშენებს ღირსეულ ქვეყანას და ღირსეულ საზოგადოებას. კარგად წაიკითხონ ბიბლია. არა ზედაპირულად, არამედ ღრმად და გააზრებულად. გააძლიერონ ლოცვა სახლში. და ახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისცემა, როგორც იესო ქრისტე ამბობს, არის არა რომელიმე ქვის ტაძარში, არამედ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემენო ღმერთს - სულიერ თაყვანისცემაში ის იგულისხმება ის, რომ ის არ არის ადგილით შეზღუდული.

ასე რომ მე ყველას ვუსურვებდი ღვთის მადლს, რათა სიბრძნითა და გონიერების აღარსრულონ თავიანთი ვალდებულებები და მოვალეობები, ღმერთის წინაშე, სახელმწიფოს წინაშე, ადამიანების წინაშე და საკუთარი ოჯახის წინაშე.

პს: 19 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც წინ არაერთი სხვა ქრისტიანული დღესასწაული უსწრებს და რადგან საქართველოს ტაძრებში ღვთისმსახურება შეწყვეტილი არ არის, ეკლესიას ბევრი ხალხი მიაკითხავს. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ჩაკეტილია 2 მუნიციპალიტეტი, 24 მარტის მონაცემებით კი კორონავირუსი აქვს 67 ადამიანს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG