ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების დეტალებს 5-9 აგვისტოს სტრასბურგში გაეცნობიან საერთაშორისო უფლებადამცველები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება ასევე ევროპის ომბუდსმენსა და „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენლებთან.
მე თემირლანი დავკარგე და მას ვეღარ დავიბრუნებ, ზაზამ დათო დაკარგა და მას ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა დაიშალოს, დამნაშავეები დაისაჯონ და საქართველოში არ იყოს უწესრიგობა...მალხაზ მაჩალიკაშვილი
ევროპელ უფლებადამცველებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ ხარვეზებს პირადად გააცნობენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, და გამოცემა „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე. როგორც ელისო კილაძემ ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტრასბურგში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ევროპელმა და ქართველმა ადვოკატებმა შემდგომში ერთობლივად იმუშაონ დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარსადგენ სარჩელებზე. სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებს, საქმეების ობიექტურად გამოძიების ხელშეწყობის მიმართულებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, თუმცა, ამავდროულად, სინანულსაც გამოთქვამს იმის გამო, რომ სამართალი საქართველოში ვერ იპოვა და იძულებული ხდება დახმარებისთვის ევროპის სასამართლოს მიმართოს:
„მე თემირლანი დავკარგე და მას ვეღარ დავიბრუნებ, ზაზამ დათო დაკარგა და მას ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა დაიშალოს, დამნაშავეები დაისაჯონ და საქართველოში არ იყოს უწესრიგობა“, - განაცხადა, თავის მხრივ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაცია, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეიწირა, ტერაქტი იყო:
სტრასბურგში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აცნობეს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მათ, განსაკუთრებით მალხაზ მაჩალიკაშვილს, საზღვრის გადაკვეთაში პრობლემები არ შეექმნათ. „ოფიციალური წერილებით მივმართეთ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, რომ წერილობით მივიღოთ პასუხი, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის შემაფერხებელი გარემოება ჩვენ მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. გვინდა თავი დავიზღვიოთ, ბილეთების ასლებსაც ვაბარებთ, რომ რაიმე კითხვები არ დარჩეთ. თუ შეკითხვები ექნებათ, მათ საჯაროდ ვუპასუხებთ“, განმარტა „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ.