ვერსიები არკადი ბაბჩენკოს „მკვლელობის“ გარშემო
ავტორი: ირინა რომალიისკაია, „ნასტოიაშჩეე ვრემია“
- გამოძიების ვერსია. რუსეთის სპეცსამსახურები
- გერმანის ვერსია. СБУ-ზე მუშაობა
- სტელმაშენკოს ვერსია. დაცვის ბიზნესი
- პივოვარნიკის ვერსია. აგენტი მიმალვაში
- „დიტრიხი“ არსებობს
8 თვის წინ მსოფლიოს მოედო ცნობა, რომ კიევში მოკლეს რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, ნაქირავები ბინის ზღურბლზე, ზურგში ნასროლი ტყვიით.
ბაბჩენკო, ცნობილი თავისი ანტიპუტინური რიტორიკით, აცხადებდა, რომ რუსეთიდან წავიდა, რადგან საფრთხეს გრძნობდა ხელისუფლების მხრიდან.
ჟურნალისტის მკვლელობას განიხილავდნენ გაეროს უშიშროების საბჭო სხდომაზე.
მაგრამ მეორე დღეს გაირკვა - ჟურნალისტი ცოცხალია. მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის სპეცსამსახურის მიერ, მაგრამ, როგორც გამოძიება ამტკიცებდა, მკვლელობა ნამდვილად იყო შეკვეთილი, ხოლო შემკვეთების უკან ხედავდნენ „მოსკოვის ხელს“.
თავიდან ყველაფერი იყო მასშტაბური და საჯარო: ძალოვანი უწყებებისა და პოლიტიკოსების ხმაურიანი განცხადებები, დაპირებები, რომ ყველაფერი ცნობილი გახდებოდა ღია სასამართლო პროცესებზე. მაგრამ რვა თვის თავზე საერთო სურათი ჯერ კიდევ არ არსებობს.
გამოძიების ვერსია. რუსეთის სპეცსამსახურები
2018 წლის 28 მაისის გვიანი ღამეა. არკადი ბაბჩენკოს სახლის წინ მისი მეგობრები და კოლეგები იკრიბებიან. მათ აცნობეს, რომ ბაბჩენკო ნაქირავები ბინის ზღურბლზე მოკლეს. მეორე დღეს ბაბჩენკოს მოულოდნელ მკვდრეთით აღდგომას პირადად აანონსებს უკრაინის უშიშროების სამსახურის ( СБУ ) ხელმძღვანელი. ვასილი გრიცაკი ამბობს, რომ მკვლელობის ინსცენირება მოხდა იმისათვის, რომ გამომზეურებულიყვნენ ნამდვილი დამნაშავეები.
„რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს, მკვლელობა სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს “, - განაცხადა უკრაინის უშიშროების უფროსმა.
გამოძიების ვერსიის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული იყო კაცი, სახელად ვიაჩესლავ პივოვარნიკი, რუსეთში საცხოვრებლად გადასული უკრაინის მოქალაქე.
მან, ცნობების თანახმად, უკრაინაში დაიქირავა ბორის გერმანი, კიეველი ბიზნესმენი და იარაღით მოვაჭრე. პივოვარნიკის შეკვეთით, გერმანი აფინანსებდა უკრაინაში არსებულ პრორუსულ ორგანიზაციებს, შექმნა იარაღის სამალავი და დათანხმდა ბაბჩენკოს მკვლელობაზე.
კილერობა გერმანმა შესთავაზა ალექსეი ციმბალიუკს, ფრონტგამოვლილ ყოფილ ღვთისმსახურს. მან უარი თქვა შეკვეთის შესრულებაზე და წავიდა СБУ-ში. სწორედ მაშინ დაიწყო სპეცსამსახურმა ინსცენირების სპეცოპერაცია: ციმბალიუკმა СБУ-ს მეთვალყურეობის ქვეშ აიღო შეკვეთის მისაცემი ფული (ეს დაფიქსირებულია ვიდეოზე), გაითამაშა, თითქოს ბაბჩენკო მოკლა და ეს აცნობა გერმანს. გერმანი დააკავეს.
ორი კვირის შემდეგ СБУ-მ გაავრცელა ცნობა, რომ დააპატიმრა კიდევ ერთი ფიგურანტი. იგი აღმოჩნდა ტარას სტელმაშენკო. მაშინ მას მოიხსენიებდნენ „მოქალაქე ტ“-დ. ბაბჩენკოს საქმესთან მის პირდაპირ კავშირზე მაშინ არ ლაპარაკობდნენ. გამოძიების ვერსიით, სტელმაშენკო, გერმანი და პივოვარნიკი ერთ დანაშაულებრივ ჯგუფში შედიოდნენ.
რუსეთში მყოფ პივოვარნიკს, თითქოსდა, ორგანიზაციის ორი ფრთა ჰქონდა: გერმანი, რომელსაც შეუკვეთეს ბაბჩენკოს მოკვლა, და სტელმაშენკო. ეს უკანასკნელი პატარა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა რუსეთში, როსტოვში გაიარა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ФСБ) ინსტრუქტაჟი, ხოლო უკრაინაში დაბრუნებულს, მონაწილეობა უნდა მიეღო ტერაქტების ორგანიზებაში.
„სულ სამი კაცი იყო. დონის როსტოვში მათ გაიარეს ინსტრუქტაჟი და მომზადება, რომელიც სამომავლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობისკენ იყო მიმართული. დაპატიმრებულია უკრაინის მოქალაქე „ტ“, რომელიც ზემოხსენებულ პირთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა დონის როსტოვსა და უკრაინაში “, - განაცხადა СБУ-ს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბოგდან ტივოდარმა.
გერმანის ვერსია. СБУ-ზე მუშაობა
სასამართლოში, რომელიც ბორის გერმანის მიმართ აღკვეთის ზომებზე მსჯელობდა, განსასჯელმა განაცხადა, რომ ვიაჩესლავ პივოვარნიკმა მართლა შეუკვეთა მას სხვადასხვა სახის დანაშაული: პრორუსული პარტიების დაფინანსება, იარაღის სამალავის შექმნა, პრორუსული საპროტესტო აქციების ორგანიზება. მაგრამ როგორც კი პირველივე ასეთი შეკვეთა მიიღო, იგი, როგორც გერმანი ამბობს, მაშინვე წავიდა თავის ნაცნობთან, ვინმე დმიტრისთან, მეტსახელად „დიტრიხ“. იგი, თითქოსდა, უკრაინის კონტრდაზვერვაზე მუშაობდა.
„მე ვთანამშრომლობ შიდა დაზვერვასთან, უკრაინის ტერიტორიაზე ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართული რუსეთის ფედერაციის მოქმედების გამოვლენის მიზნით“, - ამბობდა გერმანი სასამართლოზე.
კილერი ალექსეი ციმბალიუკი კი გერმანმა დაიქირავა იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო: ყოფილი მღვდელმსახური მკვლელობას არ ჩაიდენდა და მაშინვე СБУ-ში წავიდოდა.
არკადი ბაბჩენკოზე თავდასხმის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილზე, ვიაჩესლავ პივოვარნიკზე, უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული. გამოძიება მას მიიჩნევს არშემდგარი მკვლელობის შემკვეთად, რომელიც, გერმანისა და სტელმაშენკოს დახმარებით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით სჩადიოდა დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე.
რატომ იყო ასე დარწმუნებული, რომ დაქირავებული კილერი მკვლელობას არ ჩაიდენდა? რატომ ენდო იგი კონტრდაზვერვის თანამშრომელ დმიტრის, იმავე „დიტრიხს“, რომლის გვარიც კი არ იცოდა? რატომ ქმნიდა იარაღის ნამდვილ სამალავებს პივოვარნიკის შეკვეთით, აძლევდა ფულს პრორუსულ პარტიებს?
ამ შეკითხვებზე გერმანი არეულ-დარეულ პასუხებს იძლეოდა, ხშირად საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა.
სამი თვის შემდეგ გერმანმა სრულიად აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე დათანხმდა. რატომ შეცვალა მან ასე მკვეთრად ჩვენება, გაურკვეველია. გამოძიებამ პრესას არ შეატყობინა იმ სხდომის შესახებ, რომელზეც ბიზნესმენმა და იარაღით მოვაჭრემ აღიარა დანაშაული და ცნობილი იქნა დამნაშავედ.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელისა და გენერალური პროკურორის დაპირების მიუხედავად, გერმანი გაასამართლეს დახურულ კარს მიღმა. მას მოსახდელი დარჩა ოთხ წელიწადზე ნაკლები.
სტელმაშენკოს ვერსია. დაცვის ბიზნესი
მეორე დაპატიმრებულმა, ტარას სტელმაშენკომ, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ ტერორისტი უწოდა, ადვოკატ ოლეგ იურჩენკოს საშუალებით განაცხადა, რომ არ იცნობს არც პივოვარნიკს და არც გერმანს, მაგრამ როსტოვში ნამდვილად იმყოფებოდა - მხოლოდ და მხოლოდ თავისი დაცვის კერძო ბიზნესისათვის.
სტელმაშენკო პატიმრობაში იყო ნახევარი წელი და დამნაშავედ ცნეს ჩხრეკის დროს ნაპოვნი პისტოლეტის უკანონო შენახვისათვის.
ამასთან, სტელმაშენკოს კავშირი ბაბჩენკოს მკვლელობასთან არც კი განხილულა, ხოლო პროკურატურამ უარი თქვა ტერაქტის მზადების ბრალდებაზე, თუმცა არ განუმარტავს, თუ რატომ მოიქცა ასე.
სასამართლომ სტელმაშენკოს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სამწლიანი გამოსასწორებელი ვადით, ამიტომ იგი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ამ ვერსიასაც აქვს უამრავი შეუსაბამობა: თუ სტელმაშენკო არ ამზადებდა ტერაქტებს და არ იცნობდა გერმანს, რომელმაც აღიარა დანაშაული, და არ იცნობდა პივოვარნიკს, რომელიც მიმალულია, მაშინ რატომ ფიგურირებს მათ მიმოწერაში სტელმაშენკოს პასპორტის ასლი? რატომ სთხოვდა პივოვარნიკი გერმანს სტელმაშენკოსათვის როსტოვის ბილეთების ყიდვას?
პივოვარნიკის ვერსია. აგენტი მიმალვაში
არკადი ბაბჩენკოზე თავდასხმის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილზე, ვიაჩესლავ პივოვარნიკზე, უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული. გამოძიება მას მიიჩნევს არშემდგარი მკვლელობის შემკვეთად, რომელიც, გერმანისა და სტელმაშენკოს დახმარებით, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით სჩადიოდა დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე.
ჩვენ მოვახერხეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა სკაიპის საშუალებით.
პივოვარნიკის თანახმად, მან დატოვა რუსეთი და ამჟამად უნგრეთში ცხოვრობს.
პივოვარნიკი ჰყვება (როგორც ამას თავიდან გერმანიც ამტკიცებდა), რომ ის რუსეთში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის (СБУ) აგენტი, და იქ ინფორმაციებს აგროვებდა.
„ჩემი, როგორც СБУ-ს აგენტის, საქმიანობა ემყარებოდა იმას, რომ ბიზნესინტერესების ლობირებით შევსულიყავი, ასე ვთქვათ, ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში, შევსულიყავი იმ ადამიანების წრეში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სფეროში მუშაობდნენ“.
პივოვარნიკი ამბობს, რომ იგი ჯერ კიდევ 2010 წელს გადაიბირა СБУ-ს გენერალმა, ალექსანდრ სკიპალსკიმ, უკრაინაში ცნობილმა ადამიანმა. სკიპალსკი იყო სახალხო დეპუტატი და СБУ-ს თავმჯდომარის მოადგილე.
უკრაინული მედია ხშირად ახდენს მის, როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ციტირებას.
სკიპალსკიმ პივოვარნიკი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას საერთოდ არ იცნობს: „ეგ ვის რაში სჭირდება? არავითარ ინტერესს ეგ არ წარმოადგენდა“, - ამბობს სკიპალსკი. “სიცრუეა, თითქოს იგი 2010 წელს გადამებირებინოს. მე იქ აღარ ვმუშაობდი 2007 წლის შემდეგ. 2010 წლიდან დაკავებული ვიყავი ეკოლოგიით. ანუ ოპერატიულ საქმიანობასთან არავითარ კავშირი არ მქონდა“.
პივოვარნიკი კი აცხადებს, რომ სკიპალსკი დღესაც აგრძელებს ხალხის კონსულტაციას.
პივოვარნიკი ასახელებს კიდევ ერთ კაცს: კონტრდაზვერვის თანამშრომელ ანდრეი კაპუსტინს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურიდან იყო მისი კურატორი ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ კურატორმა, პივოვარნიკის თქმით, მოიფიქრა არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა. ვითომ კაპუსტინმა მოიფიქრა, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ კრემლთან დაახლოებული პირები ჟურნალისტს მოკლავდნენ.
ვიაჩესლავ პივოვარნიკს ამისათვის უნდა მოეხდინა ინალ არძინბას პროვოცირება, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწისა, რომელიც ამჟამად მოსკოვის პატრიარქ კირილესთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელია, ხოლო 2018 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, მოადგილედ მუშაობდა.
პივოვარნიკი ამტკიცებს, რომ მივიდა არძინბასთან და შეეცადა დაეთანხმებინა ბაბჩენკოს მკვლელობაში, მაგრამ მოხელე დაფიქრდა და უარი განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა უკრაინის სპეცსამსახურმა მკვლელობის ინსცენირება, თუ ბაბჩენკოს „შეკვეთილ“ მკვლელობაში ვერ ჩააბეს რუსეთის მოქალაქე, პივოვარნიკი ასეთ პასუხს იძლევა: „ჩვენ ვიმყოფებით საინფორმაციო ომში“.
ხოლო გერმანმა, იარაღით მოვაჭრემ კიევიდან, ხელი დაადო პივოვარნიკს იმის გამო, რომ ფიქრობდა, ამით თავიდან აიცილებდა სასჯელს: „როდესაც შენ დამწყვდეული ხარ, გასაგებია, რომ ამბობ იმას, რაც მიგაჩნია, რომ გადაგარჩენს“.
უშიშროების სამსახურის (СБУ) წარმომადგენლებს „ნასტოიაშჩეე ვრემიასათვის“ დღემდე არ უპასუხიათ შეკითხვაზე, არის თუ არა მისი თანამშრომელი ანდრეი კაპუსტინი, რომელსაც პივოვარნიკი თავის კურატორად ასახელებს, და იყო თუ არა პივოვარნიკი СБУ-ს აგენტი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოდან ჩვენ მივიღეთ შემდეგი შინაარსის წერილი: ვერ გიპასუხებთ, რადგან ამ ინფორმაციაზე დაშვება შეზღუდულია. ინალ არძინბასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
„დიტრიხი“ არსებობს
დაპატიმრებისთანავე კიეველი ბიზნესმენი და იარაღით მოვაჭრე ბორის გერმანი ჰყვებოდა მავან ნაცნობ მზვერავზე, მეტსახელით „დიტრიხი“, თითქოს, გერმანი დაუკავშირდა ამ კაცს, როგორც კი რუსეთიდან ბაბჩენკოს მოკვლის შეკვეთა მიიღო.
ეს კაცი, დმიტრი, რედაქციას დაუკავშირდა. მას არ სურს საჯაროდ ლაპარაკი, ამიტომ მისი ვერსია აქ არ იქნება მოყვანილი. ცნობილია, რომ „დიტრიხი“ ეს არის დმიტრი პონომარენკო. ათზე მეტი წლის წინ ის დანიშნეს უკრაინის სახელმწიფო საწარმო „პროგრესის“ დირექტორად.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ წყაროს მტკიცებით, დმიტრი პონომარენკოს ირიბი კავშირი ჰქონდა ბორის გერმანთან და იარაღით ვაჭრობასთან. ბაბჩენკოს საქმის ფარგლებში გამომძიებლები მას ესაუბრნენ, მაგრამ არავითარი ოფიციალური - მათ შორის მოწმის - სტატუსი პონომარენკოს არ მიუღია.
უშიშროების სამსახურის (СБУ) ხელმძღვანელმა და უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა უარი თქვეს ინტერვიუზე გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაცემაში „ღამე ტიმურ ოლევსკისთან“ ბაბჩენკოს საქმესთან დაკავშირებულ ეპიზოდებს კომენტარი გაუკეთა СБУ-ს აპარატის უფროსმა იგორ გუსკოვმა. მისი განცხადებით, ტარას სტელმაშენკოს ბრალდების ნაწილი მოეხსნა, იმიტომ რომ არ ჰქონია კავშირი ბაბჩენკოს საქმესთან და ჩვენება მისცა პივოვარნიკის წინააღმდეგ.
რაც შეეხება თავად პივოვარნიკს, გუსკოვმა იგი სიცრუეში დაადანაშაულა და დაგვპირდა, რომ მოგვაწვდის მტკიცებულებებს. “ტყუის. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ მზად ვართ გაჩვენოთ ისიც კი, თუ რატომ იყენებს ის ერთ-ერთი ყოფილი გენერლის, სკიპალსკის, გვარს, რა კავშირია მათ შორის, რასაც არაფერი აქვს საერთო გადაბირებასთან“.