Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშინგტონ პოსტი“: დროა ბაიდენმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს


ჯო ბაიდენი და მიხეილ სააკაშვილი, თბილისი, 22 ივლისი, 2009 წ.
ჯო ბაიდენი და მიხეილ სააკაშვილი, თბილისი, 22 ივლისი, 2009 წ.

„ვაშინგტონ პოსტმა“ 5 მარტს სარედაქციო სვეტი გამოაქვეყნა სათაურით: „ერთ დროს რეფორმატორად აღიარებული მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში იტანჯება“.

სტატიაში ნათქვამია, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას მას „ჩემი ძვირფასი მეგობარი“ უწოდა. ახლა დროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იმავე გრძნობით უპასუხოს და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს.

„ბატონ სააკაშვილს უფლება უნდა მიეცეს, რომ სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ გაუწიონ. თუ ის ციხეში მოკვდება, ეს სავარაუდოდ მოასწავებს საქართველოს ევროპაში გაწევრიანების მცდელობის დასასრულს. ეს ბატონი პუტინის ტრიუმფი იქნება და საქართველოს 3,7-მილიონიანი მოსახლეობა კიდევ ბევრი წლით მოექცევა ავტორიტარული მმართველობის ქვეშ“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

სტატიის ავტორებად პუბლიკაციის სარედაქციო საბჭოა დასახელებული. სვეტის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისს იხსენებენ. ხაზგასმულია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის გავლენის გამტარებელი იყო ქვეყანაში. ის ორჯერ შეხვდა ჯო ბაიდენს: პირველად, როდესაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მოგვიანებით, უკვე მისი ვიცე-პრეზიდენტობისას. 2012 წელს, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ისე ახლო იყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს.

„ახლა ბატონი სააკაშვილი ციხეშია, მისი ჯანმრთელობა უარესდება და ევროპული ინტეგრაციის მიზნები ხელიდან სხლტება“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“. სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი ქარიზმატული ფიგურაა, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. „ის ხშირად არ იღებდა კრიტიკას, მაგრამ მან და მისმა რეფორმატორთა გუნდმა ეკონომიკის მოდერნიზაცია მოახდინეს, მნიშვნელოვნად შეამცირეს კორუფცია და მილიარდობით უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს“. სარედაქციო სვეტის ავტორები წერენ, რომ სააკაშვილმა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება გამოიჩინა და მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლება მას შემდეგ, რაც მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არასოდეს დაუმალავს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. მოყვანილია რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის სიტყვები, რომ პუტინისთვის მიუღებელია წარმატებული დემოკრატია საქართველოსა და უკრაინაში, რადგან ეს მის ლეგიტიმურობას და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ საქართველოს ახლა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „ქართული ოცნება“ მართავს და, რომ ყოფილი პრემიერი ახლაც ფლობს ძალაუფლებას. „ბატონი ივანიშვილის მთავრობა ბატონი პუტინისკენ იხრება და მან დაასუსტა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია“, - ნათქვამია სტატიაში.

XS
SM
MD
LG