Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს არის ბულვარის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა“ - ბათუმელები ბულვარში 16- სართულიანი შენობის აგების  წინააღმდეგ


ბულვარის დამცველებად წოდებული ბათუმელები, რომლებმაც ხუთი წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ზღვისპირა პარკი ჩარევისგან დაიცვეს, ისევ გააქტიურდნენ.

„ბულვარი ისევ დასაცავია“, - დაწერეს მათ სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს ბულვარში, კოლონადებთან, საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს.

„ნამდვილად არ მეგონა, თუ ისევ მომიწევდა ბულვარის ჩაბეტონების წინააღმდეგ ბრძოლა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, - ამბობს აქტივისტი აზა გაბუნია.

აქციის მონაწილეები ისტორიულ ბულვარში, ცენტრალური შადრევნების მიმდებარედ, 16-სართულიანი შენობის აგების წინააღმდეგნი არიან, რასაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ გეგმავს:

„ძველ ბულვარში, ყოფილი ბალნეოლოგიურის ადგილას, შენდება მაღლივი სასტუმრო. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით, ვინაიდან ბულვარი არის ძეგლი და მის მთლიანობაში უხეში ჩარევა დაუშვებელია. მოვითხოვთ სასწრაფოდ შეწყდეს მშენებლობა, პასუხისმგებელმა პირებმა კი, ვინც ვალდებულია ქალაქის მემკვიდრეობა დაიცვას, გამოასწოროს შეცდომა, რაც დაშვებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, - ამბობს საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბულვარის“ წევრი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე.

„ამ მშენებლობის წინააღმდეგი ვარ. მაშინვე ცხადი იყო, რომ ეს იყო ბულვარის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, როცა რამდენიმე ათეული მეტრი სიღრმის საძირკველი ვნახეთ. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება გვერდში დაუდგა მენაშენეს, რომელმაც ასე ხელაღებით უგულებელყო ქალაქის ინტერესები. პროექტი იმის საწინააღმდეგოა, რასაც მე ჩემს არქიტექტორ სტუდენტებს ვასწავლი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა ფუნდამენტურ ცნებას ეწინააღმდგება: არღვევს გარემოსთან ჰარმონიას, არღვევს მასშტაბს, არღვევს ადგილის სულს და განაშენიანების ხასიათს“, - თქვა საპროტესტო აქციაზე არქიტექტორმა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გია რამიშვილმა.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ საძირკველი ბულვარის ცენტრში 2018 წელს გათხარა, როდესაც 4-სართულიანი შენობის აშენების ნებართვა მოიპოვა. ბათუმელები საძირკვლის სიღრმის გამო იმთავითვე ეჭვს გამოთქვამდნენ, ხომ არ აპირებდა კომპანია უფრო მასშტაბურ მშენებლობას. ეჭვები დადასტურდა: 2019 წლის ბოლოს მენაშენემ შენობის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმელების პროტესტის ფონზე პროექტის შეცვლაზე უარი თქვა, მიმდინარე წლის 21 იანვარს კი შპს „ამბასადორი ბათუმის“ პროექტის მასშტაბის 16 სართულამდე შეცვლას მხარი დაუჭირა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის კაკო ძნელაძემ, რომელიც ამ საბჭოს წევრიცაა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეც. მისი არგუმენტი ისაა, რომ არქიტექტურული პროექტი მოსწონს.

„მანამდე ამ ადგილას აშენდა კაფე „ორანჟერია“ ფრანგულ სტილში. ადრეც იყო ამ კაფეს წინააღმდეგ გამოსვლები, მაგრამ ახლა ბულვარის სახეს წარმოადგენს, ისეთი მაღალი დონის არქიტექტურაა. მის გვერდით კი, ბალნეოლოგიური ცენტრის ადგილას, სადაც ოთხი სართული უკვე აშენებულია, ახლა ისეთი არქიტექტურაა წარმოდგენილი, რომ შეესაბამება და მისადაგებულია ზუსტად სინთეზში იმ „ორანჟერია“ კაფესთან“, - აცხადებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენად მიესადაგება ახალი პროექტის მასშტაბი ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარს, მით უფრო მაშინ, როცა ისტორიული ბულვარის განაშენიანების გეგმა ახლა მუშავდება და სახელმწიფო ამაში 400 ათას ლარს ხარჯავს.

ამ დოკუმენტის შექმნაში მონაწილე სპეციალისტებმა პროექტის პრეზენტაციისას მთავარ გამოწვევად სწორედ შეუსაბამო შენობა-ნაგებობები დაასახელეს. მათ შორის იყო თამარ ამაშუკელი, თუმცა ბულვარში ახალი მასშტაბური მშენებლობის კომენტირებისას ხელოვნებათმცოდნე პირველ რიგში იმას ამბობს, რომ ირღვევა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

„ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში კორპუსი არ უნდა ჩადგეს, რა ფუნქციაც არ უნდა ჰქონდეს მას. ამას კრძალავს ბევრად უფრო მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი, კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კანონმდებლობით შემოსაზღვრულია ბულვარის ტერიტორია და იქ არავის არ შეუძლია მაღალსართულიანი ობიექტის აშენება. მე არ მეგონა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემდეგ თუ ბულვარში კიდევ დაუშვებდნენ მასშტაბურ მშენებლობას. ასე მოხდა მთელი ბათუმის განადგურება. ეს არის ქალაქი, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა სახელმძღვანელოში შევიდეს, ჯერ როგორ აშენდა ისტორიულად ძალიან მოკლე დროში და შემდეგ როგორ დაანგრიეს მთელი ქალაქი გაუმაძღარმა ინვესტორებმა და სრულიად გაუაზრებელი პოლიტიკის მწარმოებელმა ხელისუფლებებმა“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.

XS
SM
MD
LG