ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა. 87-ე შეხვედრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ 7 ივნისის შეხვედრაზე ქართულ მხარეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შუალედური დასკვნა არ წარუდგენია. კოჩიევი ამბობს, რომ დასკვნის იმ ნაწილს იცნობს, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ქართულ მხარეს აქვს ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ მე ის არ მინახავს. პრინციპში, არც მჭირდება, რადგან ჩვენ ჩვენი დასკვნა გვაქვს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი. როგორც ქართული მედიიდან გავიგე, ისინი ადასტურებენ დაზიანებების აღწერას, რომელიც მოცემულია სამხრეთ ოსეთის მიერ მომზადებულ დასკვნაში. ვერ გეტყვით, შემიძლია თუ არა ვენდო ქართული მხარის ექსპერტიზის დასკვნას, რადგან პირველი - მე ის არ მინახავს და მეორე- არ მაქვს საფუძველი გადავამოწმო, სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ბოლომდე ვენდობი“, - განაცხადა ეგორ კოჩიევმა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მან მხარეების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს ტატუნაშვილის მკვლელობის გარემოებებზე ინფორმაცია მიაწოდა და შინაგანი ორგანოების გადმოცემაც მოითხოვა. ქართულ მხარეს ერგნეთში არ ჩაუტანია სამხარაულის ექსპერტიზის თარგმნილი დოკუმენტი.
„ჩვენ მივაწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გარემოებების შესახებ, ასევე კატეგორიულად მოვითხოვეთ შინაგანი ორგანოების გადმოცემა . ჩვენი ამოცანაა ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა არსებულ კითხვას და ასევე აღსრულდეს სამართალი ამ ტრაგედიის ავტორთა მიმართ. დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე და შესაძლოა მათ ვერ მოეხერხებინათ წაკითხვა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი ჩავიდა ერგნეთში, სადაც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობდა. ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს და მნიშვნელოვანია, რომ საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ უფლებადამცველებმაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხის განხილვას და, ზოგადად, ის, რომ მთლიანობაში წამოწეული იყოს უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება და უსაფრთხოება კვლავ არ არის დაცული“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ნანუაშვილი ერგნეთში შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი ანთაძეს და მოლაპარაკების ფორმატში უფლებადამცველთა დამკვირვებლის სტატუსით ჩართვის ინიციატივა გააცნო. მომდევნო შეხვედრებზე ეს საკითხი განსახილველად დადგება. უჩა ნანუაშვილმა ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაც არ გამორიცხა.
ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.