ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აცხადებს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.
დემონსტრაციების დარბევაზე ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის ის ჩამოთვლის უვიზო რეჟიმის შეჩერებას „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“; ასევე - პერსონალური სანქციების დაწესებას „27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“ და იმედოვნებს, რომ წევრ ქვეყნებს „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.
ელჩი ამბობს, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.
„ევროკავშირის დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩვენმა უმეტესობამ მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც ვთანხმდებით, რომ უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ [„ქართული ოცნების“ ქმედებებს] ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს“, - თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს ჟურნალისტებთან კომენტარში.
„საქართველოს წლების განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, დაბოლოს - კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირს აკავშირებდა საქართველოსთან ბოლო 10 წლის განმავლობაში, გადახედვას საჭიროებს. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ.
სანქციებთან დაკავშირებით კითხვაზე მან განაცხადა, რომ „ძალიან რთულია სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირისათვის, რადგან საჭიროა 27-ვე ქვეყნის ერთსულოვნება“.
„თუმცა, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზეა დამოკიდებული“.
„მე ვფიქრობ, - მე ვიმედოვნებ, - რომ ყველა დედაქალაქისათვის რთული იქნება იმ დონის ძალადობასა და სისასტიკეზე თვალის დახუჭვა, რასაც ვხედავთ. ვნახოთ, ორშაბათს დაწესდება თუ არა სანქციები“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩი.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ერთ-ერთ საპასუხო ზომად უვიზო რეჟიმის შეჩერებაც განიხილება:
„ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. პასპორტების კონკრეტული კატეგორიები შეიძლება დასანქცირდეს. ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, არამედ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობასა და სისასტიკეზე. ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით. და იმედი მაქვს, ორშაბათს ზომები იქნება მიღებული“, - უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს.
მეთორმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. პოლიცია მომიტინგეებს არბევს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებისას და დაკავების შემდეგ არაერთ ადამიანს სცემეს.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
ფორუმი