Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკომიგრაციის გამო კრიზისი ირანში შესაძლოა "კატასტროფად" იქცეს


ჰამუნის ტბა ირანის სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. ჭარბტენიანი არეალი ათასობით ადამიანისთვის წარმოადგენდა სურსათის და საარსებო წყაროს
ჰამუნის ტბა ირანის სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. ჭარბტენიანი არეალი ათასობით ადამიანისთვის წარმოადგენდა სურსათის და საარსებო წყაროს

ირანის ოფიციალური პირები წყლის ნაკლებობას და გაუდაბნოების გაფართოებას კლიმატის ცვლილებებს აბრალებენ. თუმცა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ ირანის ეკოლოგიური კრიზისი გამწვავდა მთავრობის არასწორი მართვისა და მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო.

ექსპერტების თქმით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის, ხანგრძლივი გვალვების, მდინარეებისა და ტბების დაშრობის გამო, ყოველწლიურად ათობით ათასი ირანელი ტოვებს საცხოვრებელ ადგილს.

ეკომიგრანტთა შორის ბევრია ფერმერი, მუშა და მეთევზე, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად, ალტერნატიული საარსებო წყაროს საპოვნელად, სოფლებიდან ირანის დიდ ქალაქებში გადადიან.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური მიგრანტების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ირანული მედიის შეფასებით, 2022 წელს დაახლოებით 42 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი კლიმატის ცვლილების შედეგების გამო, რომელთა შორისაა გვალვა, ქვიშისა და მტვრის ქარიშხლები, წყალდიდობები და სხვა სტიქიური უბედურება.

2021 წლის სავარაუდო მაჩვენებელი იყო 41 000. დამკვირვებლები ამბობენ, რომ რეალური რიცხვები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

ექსპერტების თქმით, ირანელების მზარდი რაოდენობა სოფლებს სავარაუდოდ იმიტომ ტოვებს, რომ ყოველწლიურად ირანის სულ უფრო მეტი რაიონი ხდება საცხოვრებლად გამოუსადეგარი. ამ არეალებში მიწის უმეტესი ნაწილი მშრალი ან ნახევრად მშრალია.

„ეს შესამჩნევია, რადგან ირანი ძალიან მშრალია, ნალექი მცირე მოდის და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი უდაბნოა“, - უთხრა თეირანელმა ეკოლოგმა, მოჰამადრეზა ფატემიმ რადიო თავისუფლებას. „ამის შედეგად, კლიმატის ოდნავი ცვლილება ზეგავლენას ახდენს მოსახლეობაზე“.

ფატემიმ მაგალითად მოიყვანა ჭარბტენიანი ტერიტორიების და ტბების დაშრობა სისტან-ბელუჯისტანში, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში. ჰამუნის ჭარბტენიანი რეგიონი საკვებისა და საარსებო წყაროს წარმოადგენდა ათასობით ადამიანისთვის. მაგრამ ამ ჭარბტენიანი ტერიტორიების შემცირებასთან ერთად, ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალაქებში გადაინაცვლა.

„იქ ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, [მაგრამ] გადასახლდნენ [პროვინციის დედაქალაქ] ზაჰედანში და [ქალაქ] ზაბოლში“, - ამბობს ფატემი. ახლა, მისი თქმით, ბევრი ამ ქალაქებიდან სხვა პროვინციებში გადადის.

მტვრის ქარიშხალი ზაბოლში
მტვრის ქარიშხალი ზაბოლში

ეკოლოგი მეჰდი ზარღამი თავრიზის უნივერსიტეტში მუშაობს. მისი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 10 000-მა ოჯახმა დატოვა ზაბოლი და ირანის სხვა რაიონებში გადავიდა გვალვისა და ქვიშის ქარიშხლების გამო.

ფატემის შეფასებით, მიგრაციის დაახლოებით 70 პროცენტი ირანში გამოწვეულია კლიმატის ცვლილების შედეგებით.

„ჩვენ კრიზისის ფაზაში შევედით. შემდეგი ეტაპი შეიძლება კატასტროფა იყოს“, თქვა მან.

უწყლობა

ირანის ზოგიერთი მოხელის გაფრთხილებით, დროთა განმავლობაში ირანის ბევრი რეგიონი შეიძლება გახდეს საცხოვრებლად უვარგისი, რასაც შესაძლოა ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი გასვლა მოჰყვეს.

ივნისის მონაცემებით, ქვეყნის ერთ მილიონ ჰექტარზე უფრო დიდი ტერიტორია, ყოველწლიურად ხდება საცხოვრებლად გამოუყენებელი.

2018 წელს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლი ამბობდა, რომ გვალვამ და წყლის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს „მასობრივი მიგრაცია“ და, საბოლოო ჯამში - კატასტროფა.

ირანი იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან კლიმატის ცვლილებას ახლო აღმოსავლეთში, სადაც ტემპერატურის მატება ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საშუალოდ მთელ მსოფლიოში.

ირანის მეტეოროლოგიური ცენტრის თანამშრომელმა აჰად ვაზიფემ ოქტომბერში განაცხადა, რომ ირანში ბოლო 50 წელიწადში ტემპერატურამ 2 გრადუსით მოიმატა.

მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ კლიმატის ცვლილება მხოლოდ ნაწილობრივ ახსნის ეკოლოგიურ კრიზისს, რომელშიც ირანია ახლა.

თეირანის წარუმატებელმა მცდელობებმა, მოეგვარებინა უწყლობის პრობლემები, კაშხლების და ირიგაციული პროექტების ჩათვლით, მხოლოდ მდინარეებისა და მიწისქვეშა წყაროების ამოშრობას შეუწყო ხელი.

კავე მადანიმ, გაეროს უნივერსიტეტის წყლის რესურსების, გარემოსა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორმა, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს უთხრა, რომ „წყლის მხრივ ირანის გაკოტრება“ მთავრობის მიერ არასწორმა მართვამ და ათეულობით კაშხლის მშენებლობამ გამოიწვია. „თეირანი უფრო მეტ წყალს იყენებს, ვიდრე მისი ბუნებრივი წყაროები სთავაზობენ“, - ამბობს ის. „ამიტომ, ხელისუფლება მოიხმარს მიწისქვეშა წყაროებს. ამის შედეგად გამოშრა ჭარბტენიანი არეალები, მდინარეები და ამას ახლა კლიმატის ცვლილებები ემატება“.

„ტემპერატურა იმატებს, მეტი მტვერია, იზრდება მიწის ეროზია, და გაუდაბნოება გაგრძელდება“, - ასეთია მადანის წინასწარმეტყველება. ის ადრე ირანის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

„სი-ო-სე-პოლის“ - 33-თაღიანი, 1602 წელს ალავერდი ხან უნდილაძის მიერ ისპაანში აგებული ხიდის ერთ-ერთი თაღი ახლა გამშრალ მდინარე ზაიენდერუდზე
„სი-ო-სე-პოლის“ - 33-თაღიანი, 1602 წელს ალავერდი ხან უნდილაძის მიერ ისპაანში აგებული ხიდის ერთ-ერთი თაღი ახლა გამშრალ მდინარე ზაიენდერუდზე

ირანის მთავრობის მიერ წყლის რესურსების ამ უხეირო მართვას მოსახლეობის მხრიდან მძაფრი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებსაც გვალვა ტანჯავს.

წყლის ნაკლებობას მოჰყვა კონფლიქტი მეზობელ ავღანეთთან. ორი ქვეყნის საზღვარზე სისხლიანი შეტაკება იყო მესაზღვრეებს შორის მაისში, როცა ირანმა მოითხოვა ავღანეთისგან მეტი წყლის გაშვება მდინარე ჰელმანდის ზედა წელზე აგებულ ქაჯაკის კაშხლიდან, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, განადგურების საფრთხის წინაშე მყოფი ჭარბტენიანი არეალის გამოსაკვებად.

სოციალური პრობლემები

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეკოლოგიური კრიზისი ირანში გამოიწვია მოსახლეობის რიცხვის სწრაფმა ზრდამ, თუმცა ზრდის ეს ტემპი ბოლო წლებში შემცირდა.

ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ამ ქვეყნის მოსახლეობა ორზე მეტჯერ გაიზარდა და 35 მილიონიდან 88 მილიონს მიაღწია. ამ დროს მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს.

ექსპერტების თანახმად, კლიმატური მიგრაციის გამო ზედმეტად გადატვირთულია ინფრასტრუქტურა და ირანის ქალაქებში ჩნდება სოციო-ეკონომიკური პრობლემები, სხვათა შორის იზრდება სიღარიბე, უსახლკაროთა რიცხვი და ჩნდება ჭარბი მოსახლეობა.

მკვლევარმა მოჰამად რეზა მაჰბუბფარმა ახალი ამბების საიტს, Rokna-ს 2021 წლის თებერვალში უთხრა, რომ თეირანში სახლდება ქვეყნის ბევრი კლიმატური მიგრანტი, დედაქალაქია მათი დანიშნულების საბოლოო წერტილი.

მისი შეფასებით: „ოფიციალური პირების განცხადების მიუხედავად, რომ თეირანში 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რეალურმა რიცხვმა 30 მილიონს მიაღწია“. მაჰბუბფარი ამით ახსნის, რომ „გაუწონასწორებელმა განვითარებამ“ ქალაქი იქამდე მიიყვანა, რომ ის „სოციალურ პრობლემებში იძირება“.

მოსახლეობის მოჭარბებამ აიძულა უფრო შეძლებული ადამიანები, თეირანიდან ქვეყნის ჩრდილოეთში, უფრო ნაყოფიერ - კასპიისპირა რეგიონებში გადასახლებულიყვნენ. „დედაჩემი, რომელსაც გული აწუხებს, დროის უმეტეს ნაწილს ატარებს ჩვენს ვილაში, ნოუშეჰრში“, - უთხრა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს თეირანელმა ქალმა, რომელიც მაზანდარანის ერთ-ერთ დიდ ქალაქს გულისხმობდა. მისი თქმით, „ქმართან ერთად, პენსიაზე გასვლის შემდეგ იქ გადასახლდება, რათა თეირანის ცუდ ამინდსა და დაბინძურებულ ჰაერს მოშორდნენ“.

რეზა აფლათუნიმ, რომელიც ირანის მიწის საკითხების ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, აგვისტოში განაცხადა, რომ მაზანდარანში ბოლო ორ წელიწადში 800 ათასი ადამიანი ჩასახლდა.

რეგიონის ხელისუფალნი ჩივიან, რომ მაზანდარანი ადამიანების მოზღვავებას ვეღარ აუდის.

XS
SM
MD
LG