Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები პრეზიდენტს, ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდნენ


პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა.

ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომელიც 11 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, 12 დეკემბერს შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

„მწვანეების“ წევრმა რაინიე ვან ლანშოტმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს „არალეგიტიმური ლიდერები“ უწოდა და ისინი „არაკონსტიტუციურ ქმედებებში“ დაადანაშაულა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“.

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ“, - წერს რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმაც:

„ჩვენ ვდგავართ თქვენი და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით“, - დაწერა მან X-ზე.

„ევროპარლამენტარები, იქნება ეს რეზოლუციებითა თუ საჯარო განცხადებებით, კვლავ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ადასტურებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„ისინი აქ ჩამოვიდნენ, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ ქართველ ხალხს მხარდაჭერა ევროპული მომავლის გადარჩენაში მაშინ, როდესაც ივანიშვილმა რუსეთის, რეპრესიებისა და ტერორის გზა აირჩია“, - თქვა მან.

სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ევროპარლამენტარებს არ აქვთ სხვა არჩევანი, „გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ“.

„არცერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც ის ექცევა“, - განაცხადა მან „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათთან არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის:

„ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ქვეყანაში; ასევე აქციები და დემონსტრანტების უკანონო დაკავება; ფიზიკური ანგარიშსწორება; ის, რასაც ვხედავთ ქუჩაში - ადამიანების გატაცებასა და მათ შორის სახლში მისვლა“.

მისი თქმითვე, განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტო არჩევნები: „დამატებით ვისაუბრეთ ყველა იმ ფაქტზე, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება“.

ევროპარლამენტარები დღეს, 12 დეკემბერს, საღამოს 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციაზე მისვლას გეგმავენ.

ევროპარლამენტარების დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია (EPP));
  • მიჰალ ჩერბა (EPP);
  • ნატალი ლუაზო („განაახლე ევროპა“ (Renew));
  • ბერნარდ გეტა („განაახლე ევროპა“);
  • ტობიას კრემერი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი");
  • რაინიე ვან ლანშოტი („მწვანეები“);
  • სერგეი ლაგოდინსკი („მწვანეები).

ფორუმი

XS
SM
MD
LG