3 დეკემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ოთხ დეკემბერს იმოქმედებს, ასეთია:
- 1 აშშ დოლარი - 2,8746 ლარი;
- 1 ევრო - 3,0252 ლარი;
- 1 გირვანქა სტერლინგი - 3,6438 ლარი.
ბოლო ორ-ნახევარ წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროს ღირებულება სამლარიან ნიშნულს გადასცდა.
ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში თითქმის ოთხ ლარს აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე არ აპირებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.
ექვს დღეში, 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ლარი
- აშშ დოლართან მიმართებით 13.3 თეთრით გაუფასურდა;
- ევროსთან მიმართებით 13.5 თეთრით გაუფასურდა;
- გირვანქა სტერლინგთან მიმართებით 17.2 თეთრით გაუფასურდა.
ეს არის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური გაცვლითი კურსით 3 დეკემბერს დადგენილი მონაცემები, რომლებიც 4 დეკემბერს იქნება ძალაში.
როგორც წესი, სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ოფიციალური გაცვლითი კურსი.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, 2 დეკემბრის 20:00 საათისთვის, ლარის ღირებულება კიდევ უფრო გაუფასურებულია და ერთი აშშ დოლარი 2,86 ლარი ღირს.
ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.
წინა და პოსტსაარჩევნო პერიოდში ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო - დოლართან მიმართებით თითქმის არ შეცვლილა, და ოქტომბრის დასაწყისიდან ევრო და გირვანქა სტერლინგი გარკვეულ პერიოდებში იკლებდა კიდეც.
ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დიდი რაოდენობით რეზერვები გაყიდა.
მხოლოდ ოქტომბერში სებმა 591,1 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო „ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ:
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“, - თქვა მან.
ფორუმი