Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასკვნა რეკომენდაციის გარეშე: საქართველოსა და სხვების საკითხს ბრიუსელში ლიდერების დისკუსია გადაწყვეტს


ევროკავშირის საბჭოს საგარეო ურთიერთობების საბჭომ სამშაბათ საღამოს მიიღო დასკვნა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე
ევროკავშირის საბჭოს საგარეო ურთიერთობების საბჭომ სამშაბათ საღამოს მიიღო დასკვნა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე

სამშაბათს, 12 დეკემბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაფართოების პაკეტის განხილვისას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე კონკრეტული რეკომენდაციები არ გასცეს.

კვლავ ძალაში რჩება ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციები: კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ხოლო გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.

საბოლოო გადაწყვეტილება ამ ოთხ ქვეყანასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, - ესე იგი, ევროპის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებმა - 14-15 დეკემბერს, კონსენსუსის გზით.

დასკვნა შეეხება კიდევ ექვს ქვეყანას: მონტენეგროს, სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, კოსოვოსა და თურქეთს. თუმცა, დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანი ცვლილებები აქ მოსალოდნელი არ არის.

რა არის სიახლე?

დოკუმენტი, რომელიც 12 დეკემბერს საჯაროვდება, შედგენილია ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ წინმსწრებად მოიპოვა, ღიად იყო დატოვებული რეკომენდაციის ნაწილი - იყო შანსი, რომ საგარეო ურთიერთობების საბჭოს ლიდერებისთვის, ევროპული საბჭოსთვის, კონკრეტული გადაწყვეტილების რეკომენდაცია გაეცა.

საბოლოოდ, 12 დეკემბერს მიღებულ დოკუმენტში ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭომ ღიად დატოვა ეს საკითხი. ესე იგი, გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა მთლიანად დააკისრა ევროპულ საბჭოს.

ეს ნიშნავს, რომ 14-15 დეკემბერს, წინასაშობაო სამიტზე ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნების ლიდერების დისკუსია მოსალოდნელზე მწვავე იქნება. გაფართოების შესახებ მოსალოდნელი გადაწყვეტილებების ცენტრში უნგრეთი დგას პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინამძღოლობით.

12 დეკემბერსვე რადიო თავისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განუცხადა, რომ „მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა“.

ევროკავშირის ღირებულებების ერთგულება“

12 დეკემბერს საბჭოს მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ საბჭო მხედველობაში იღებს ევროკომისიის 8 ნოემბრის კომუნიკაციას საქართველოსთან დაკავშირებით და „ელის ევროპულ საბჭოში მომავალ დისკუსიას ამ საკითხზე“.

საგარეო ურთიერთობების საბჭო გადაწყვეტილების რეკომენდებისგან თავს იკავებს, მაგრამ სახავს პრიორიტეტებს, რაც ევროკომისიის ბოლო, 8 ნოემბრის დოკუმენტს ეფუძნება. კერძოდ:

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.

ძირითადი აქცენტები საქართველოზე

მოკლედ რომ შევაჯამოთ:

საქართველოს მოუწოდებენ, უერთგულოს ევროკავშირის ღირებულებებს, იმუშაოს რეფორმებზე, რათა დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრული პირობები.

მინისტრები „მხედველობაში იღებენ“ საქართველოს მოქალაქეების „უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ“, ხაზს უსვამენ ძლიერ საკანონმდებლო ბაზას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და გარკვეულ რეფორმებს; ასევე, აღნიშნავენ, რომ საჯარო მმართველობის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში გამოკვეთილია პროგრესი.

მეორე მხრივ, საბჭო მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, აირიდონ პოლარიზაცია და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში; უზრუნველყონ მედიის თავისუფლება.

ხაზგასმულია დეზინფორმაციასთან ბრძოლის საჭიროება - მათ შორის, ევროკავშირის ღირებულებებზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან, - და პრიორიტეტად არის დასახული დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რეფორმები.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, შექმნას მყარი საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის საჭიროებაზე, - რაც საქართველოს 40%-ზე დაბალი აქვს, როცა ორიოდე წლის წინ 60%-ს სცდებოდა - და მოუწოდებს ქვეყანას, გაზარდოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა.

რა წერია უკრაინაზე?

საბჭო მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის მიმართ.

როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, შემთხვევაში საბჭო აქებს უკრაინის წინსვლას დასახული მიზნისკენ, - „იმის მიუხედავად, რომ უკრაინას თავს ესხმიან“, - თუმცა გადაწყვეტილების რეკომენდაცია არც ამ ქვეყანაზე არის. ყველაფერი 14-15 დეკემბრის დისკუსიებზეა დამოკიდებული.

წერია იგივე: „საბჭო მხედველობაში იღებს ევროკომისიის 8 ნოემბრის კომუნიკაციას უკრაინასთან დაკავშირებით და ელის ევროპულ საბჭოში მომავალ დისკუსიას ამ საკითხზე“.

ასეთივე ჩანაწერებია მოლდოვასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით.

საბჭო ასევე აღიარებს უკრაინის ერთგულებას რეფორმებისადმი, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული ზომების მიმართ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამატებით განვითარების საჭიროებას.

ნახსენებია ოლიგარქების მოჭარბებული გავლენის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნათქვამია, რომ „საბჭო ელის ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას“ უკრაინისგან.

საბჭო მიესალმება უკრაინის „სტრატეგიულ ერთგულებას“ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მის მაღალ თანხვედრას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე, შემზღუდველ ზომებთან - სანქციებთან. საბჭო მოუწოდებს უკრაინას, გააგრძელოს ეს პოზიტიური ტენდენცია.

მოლდოვა

საბჭო აღიარებს მოლდოვის მნიშვნელოვან პროგრესს „რუსეთის ქმედებებისგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად“.

იგი მხარს უჭერს მოლდოვის რეფორმირების სურვილსა და მზადყოფნას ევროკავშირთან ურთიერთობების დაახლოებისთვის.

ყურადღება გამახვილებულია რეფორმების მდგრად პროგრესზე, განსაკუთრებით კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების მიმართულებით. ამასთან, ქვეყანას მოუწოდებენ, გააგრძელოს მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა და დეოლიგარქიზაცია.

საბჭო აღნიშნავს ბოლო ადგილობრივი არჩევნების დადებით ასპექტებს, მაგრამ ამავე დროს მოუწოდებს, რომ მიიღონ ზომები მომავალ არჩევნებში საგარეო ჩარევის წინააღმდეგ.

საბჭო მოლდოვას მოუწოდებს, გააგრძელოს სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ფინანსების მართვის გაძლიერება.

მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ არის გამოხატული, ისევე, როგორც მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირის გზასა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციებთან შესაბამისობაში.

ბოსნია-ჰერცეგოვინა

„საბჭო მხედველობაში იღებს ევროკომისიის 8 ნოემბრის კომუნიკაციას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით და ელის ევროპულ საბჭოში მომავალ დისკუსიას ამ საკითხზე“.

ამ ჩანაწერს მიღმა, საბჭო მოუწოდებს ქვეყანას, გააგრძელოს რეფორმები.

კერძოდ, საბჭოს ყურადღების ცენტრში მოექცა ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის ძირითადი პრიორიტეტების შესრულება, - მათ შორის, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები.

ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა მოუწოდეს ბოსნია-ჰერცეგოვინას, უარი თქვას „გამყოფ რიტორიკაზე“ და გამოხატეს შეშფოთება სერბთა რესპუბლიკაში მიღებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ არეგისტრირებს.

მსგავსი კანონი რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს და ანალოგიურის მიღება სცადეს 2023 წლის მარტში საქართველოშიც.

საბჭო ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუწოდებს კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

საბჭო ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში ბოსნია-ჰერცეგოვინამ „მნიშვნელოვნად გააუმჯობესა“ თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ამ ტენდენციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

კოსოვო

საბჭო წერს, რომ მიესალმება კოსოვოს ერთგულებას ევროპული რეფორმებისადმი, მაგრამ არაერთ საკითხზე გამოთქვამს შეშფოთებას.

მაგალითად, დადებითად აფასებს საარჩევნო რეფორმაზე მიღწეულ პროგრესს, მაგრამ გამოხატავს შეშფოთებას კანონის უზენაესობის, დანაშაულისა და კორუფციის შესახებ.

საბჭო მოუწოდებს კოსოვოს, განახორციელოს რეფორმები, დაუპირისპირდეს ძალადობას, იზრუნოს გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე და ჩაერთოს სერბეთთან დიალოგში - ევროკავშირის ფასილიტაციით.

საბჭო „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს ვითარებას ჩრდილოეთ კოსოვოში, - სადაც 50 000-მდე ეთნიკურად სერბი მოქალაქე ცხოვრობს და რომლებიც ეწინააღმდეგებიან კოსოვოს დამოუკიდებლობას და დედაქალაქად ბელგრადს აღიქვამენ.

საბჭო ამ რეგიონში დეესკალაციისა და ახალი ადგილობრივი არჩევნების საჭიროებას უსვამს ხაზს.

უწყება ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს კოსოვოსა და სერბეთის დიალოგს და ხაზს უსვამს ყოვლისმომცველი შეთანხმებისა და წინასწარი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

თურქეთი

საბჭოს თანახმად, ევროკავშირი დაინტერესებულია თურქეთთან სტაბილური ურთიერთობებით, მაგრამ „ღრმა შეშფოთებით“ უსვამს ხაზს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირის პრიორიტეტებს, მის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

„საბჭო აღნიშნავს, რომ თურქეთი აგრძელებს ევროკავშირისგან დაშორებას“, იხსენებს წინა ანგარიშებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რომ თურქეთის გაწევრების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და „შეუძლებელია, [ურთიერთობებში] ახალი თავები გაიხსნას“.

მონტენეგრო

ევროკავშირის საბჭოს ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭო მოუწოდებს მონტენეგროს ახალ მთავრობას, რომ სწრაფად განახორციელოს ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები პოლიტიკურ კონსენსუსზე დაყრდნობით.

ამასთან, საბჭო აღიარებს პროგრესს გაწევრების მოლაპარაკებებში, ასევე, საგარეო პოლიტიკის თანხვედრის კარგ მაჩვენებელს, მაგრამ მიუთითებს კანონის უზენაესობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე; ასევე, კორუფციასთან ბრძოლასა და მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური რეფორმების საჭიროებაზე.

ალბანეთი

საბჭო მიესალმება ალბანეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და „მოუთმენლად ელის მომდევნო ნაბიჯებს ალბანეთის გაწევრების მოლაპარაკებებში“. გაწევრების მოლაპარაკებები ალბანეთთან 2020 წელს დაიწყო.

დასკვნა ხაზს უსვამს „ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის“ საჭიროებას; შენიშნავს, რომ დადებითი დინამიკაა კანონის უზენაესობის, სასამართლოს რეფორმისა და საჯარო ადმინისტრაციის სექტორებში.

აქვე ხაზგასმულია ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიის თავისუფლების დაცვის გაძლიერების საჭიროება; ასევე, კორუფციასთან ბრძოლა. საბჭო ასევე აქებს ალბანეთის საგარეო პოლიტიკის თავსებადობას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

ჩრდილოეთი მაკედონია

ევროკავშირის საბჭოს ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭო აღიარებს ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესს, აქებს მის დაგეგმილ კონსტიტუციურ ცვლილებებს და მოუწოდებს პროცესის დაჩქარებისაკენ.

ამასთან, მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობისას ფოკუსში იქონიონ ევროკავშირის რეფორმები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და საჯარო მმართველობას.

საბჭო ასევე მოუწოდებს ჩრდილოეთ მაკედონიას, გააძლიეროს ფუნდამენტური უფლებების დაცვა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობა. „ძლიერად აქებს“ მის თანხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.

სერბეთი

საბჭო 12 დეკემბრის დასკვნაში, მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება პროგრესს გაწევრიანების მოლაპარაკებებში, სერბეთს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს კანონის უზენაესობის დაცვაზე.

საგარეო მინისტრები შეშფოთებას გამოხატავენ სერბეთში კორუფციის, მედიის თავისუფლებისა და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; ხაზს უსვამენ ომის დანაშაულებზე თანამშრომლობას და საარჩევნო რეკომენდაციების დაცვას.

აქცენტი დასმულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაზე - სერბეთს მოუწოდებენ, შეუერთდეს ევროკავშირის პოზიციებს, განსაკუთრებით რუსეთისა და ბელარუსის მიმართ.

საბჭო გმობს ძალადობას კოსოვოში და ხაზს უსვამს კოსოვოსთან დიალოგის საჭიროებას - ევროკავშირის მედიაციით - და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მოლოდინს.

XS
SM
MD
LG