Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგეგმილი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში


„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოპოვების ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს. კანონპროექტით, რომლის ინიციატორიცაა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დგინდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას გასათვალისწინებელი საკითხები. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს. ცვლილებების თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, სხვათა შორის, ყურადსაღები გარემოება იქნება, თუკი სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს, თუკი ის არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუკი პირი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაშია წასული.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იქნება შემდეგი გარემოებებიც: განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს; სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ისეთ ინვესტიციას ახორციელებს, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს; სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების, ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით გააგრძელოს.

კანონპროექტის თანახმად, დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუკი ის აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

სიახლეა მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება. კერძოდ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წილს ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება პრეზიდენტის კომპეტენცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში. კერძოდ, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია. მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/დაკარგვის წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით, ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებისა. გარდა ამისა, აღარ იქნება შესაძლებელი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისათვის პირდაპირ პრეზიდენტისათვის მიმართვა.

კანონპროექტის მიხედვით, იზრდება ასევე მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზი. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე, გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, 2-წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 5 წლამდე.

რაც შეეხება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მიღება დაბადებით ან ნატურალიზაციის გზით არის შესაძლებელი. არსებობს ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების ხუთი სახე: მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა, ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ამავდროულად, აქვს უძრავი ქონება, მუშაობს ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე.

გამარტივებული წესით მოქალაქეობა შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც, კანონიერ საფუძველზე, უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში (საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში). ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

რაც შეეხება მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებასა და წარდგინებას განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტო. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაშიც, ამა თუ იმ პირის მოქალაქეობის საკითხს შინაგანი რწმენის საფუძველზე ადგენს სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელიც მას 1 კვირის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2013-2017 წლებში კომისიის მიერ განხილული იქნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი, რომელთაგან 23 011 საქმეზე დადებითი დასკვნის სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა. კომისიის დადებითი დასკვნების 86 % შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული ან საქართველოში დაბადებული და, ამავდროულად, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

“მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

XS
SM
MD
LG