„როცა [ინციდენტის შემდეგ] ცესკოს წევრები წამოიშალნენ, იქ მანდატური იყო, რამდენიმე ადამიანი იყო, არც ვიცნობ მათ პირადად - ფიზიკურად ცდილობდნენ ჩემს გაყვანას დარბაზიდან. ვეუბნებოდი, რა უფლებით-მეთქი?! სხდომიდან გაძევებას სჭირდება თავისი შესაბამისი საფუძველი, კენჭისყრა და ასე შემდეგ. ცესკოს წევრი ვარ და არავის აქვს უფლება, ძალით დამატოვებინოს დარბაზი“, - გიორგი სიორიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი გაძევების დროს, სხდომა ჯერ ფორმალურად შეწყვეტილი არ იყო და ახსოვს ასევე სიტყვები - „ასე გვითხრეს, გვიბრძანესო“.
სხდომის განახლების შემდეგ, გიორგი სიორიძე ჩვეულებრივად დაბრუნდა დარბაზში და პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ მასზე „ფიზიკურად იძალადეს“. მის მიმართ იყო რეპლიკა, რომ - ოპოზიციონერებს ერთი სახე აქვთ.
„მორიგ პროვოკაციას აქვს ადგილი“, „თუ გაგაძევეს, აქ როგორ იმყოფებით მაშინ“, - ასე გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარე სიორიძის პროტესტს გაძევებასთან დაკავშირებით.
გიორგი სიორიძე სხდომაზე 26 ოქტომბრის არჩევნების არშემდგარად გამოცხადებას მოითხოვდა.
„2263 უბანზე, ჩვენი ამომრჩევლების 90%-ისთვის ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული. შესაბამისად, კონსტიტუციის პრინციპი, არჩევნების ფარულობისა და თავისუფლების შესახებ, არის დარღვეული. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ახლა ცესკომ შეინარჩუნოს თავისი სახე, არჩატარებულად გამოაცხადოს არჩევნები და ორ თვეში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი, სამართლებრივი და სამართლიანი. ამის ნაცვლად, თქვენ ახლა გინდათ, რომ იმ რიცხვებს, რაც მოწოდებულია "ქართული ოცნების" მხრიდან, იმას დაარტყათ ბეჭედი“, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ცესკოში, გიორგი სიორიძემ. მან ცესკოს თავმჯდომარეს „ქართული ოცნების“ ნოტარიუსი უწოდა.
ცესკო აცხადებს, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა. „არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. მისი თქმით, შესაძლო დარღვევები პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უნდა შეისწავლოს.
ცესკოს პოზიციაა, რომ კონვერტის სწორად მოხმარების შემთხვევაში, ბიულეტენის უკანა მხარეს გაჟონილი მარკერის ლაქა არავისთვის იქნებოდა ხილული.
26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა მოაწერეს ხელი. გიორგი სიორიძის თქმით, „ძლიერი საქართველო“ შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას გეგმავს.
მანამდე, კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი საღებავი შეასხა და „შავი ლაქა“ უწოდა. ცესკომ კირთაძეს უჩივლა და შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული „სერიოზული ეჭვები“.
ფორუმი