ლარის კურსი მაისის ბოლოს ისევ დაეცა. 31 მაისს ერთ დოლარს 2.7997 ლარად იყიდით. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მიზეზია, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები. მიუხედავად რეკორდული ვარდნისა, ეროვნულ ვალუტას გამყარების შანსი მაინც აქვს. წინ ტურისტული სეზონია.
საქართველოს ეროვნული ბანკი (სები) ლარის ვარდნას მოკლევადიან რყევად მიიჩნევს. ამის შესახებ სების დირექტორმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება.
კობა გვენეტაძის განმარტებით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მოცულობის გაზრდაზე მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის რეზერვების აქტიურად შესყიდვის აუცილებლობა არ დგას.
ეროვნული ბანკი და ექსპერტები ლარის ყოველი გაუფასურების დროს ამბობენ, რომ რაც უფრო მატულობს საზოგადოებაში უარყოფითი მოლოდინი ლარის კურსის მიმართ, მით უფრო უფასურდება ეროვნული ვალუტა.
“თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ დღეს ლარი არ არის “სანდო ვალუტა” საქართველოში, რაც მისი კურსის ვარდნას იწვევს.
“გარკვეული სპეკულაციები და ნეგატიური მოლოდინებია ქვეყნის შიგნით. ეს ზრდის დოლარზე მოთხოვნას, აიძულებს მოსახლეობას გადაახურდაოს ლარები დოლარში და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გააუფასუროს ლარი. საზოგადოებაში განწყობას ქმნის მთავრობა, ოპოზიცია, მედია”, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.
ლარის მგრძნობელობა მაღალია მეზობელი ვალუტების კურსზეც. ექსპერტების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთში არსებული ვითარება.
რა შუაშია ლირა ლარის კურსთან
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ხელისუფლების თქმით იმას ნიშნავს, რომ მისი ვარდნა არც ლარისთვისაა კარგი. ლირა კი ერთი თვეა უფასურდება. ექსპერტების განმარტებით ამ პროცესის ეკონომიკური გავლენები ასეთია: თურქეთიდან იმპორტიორი კომპანიები დოლარში ყიდულობენ პროდუქციას. როდესაც თურქული ლირა უფასურდება, ეს იწვევს დოლარში გამოსახული თურქული პროდუქციის ფასის ზრდას. იმპორტიორები საქართველოდან კი ცდილობენ რაც შეიძლება ადრე იყიდონ დოლარი, რომ ნაკლები ჰქონდეთ გაძვირების ეფექტი.
ვახტანგ ჭარაია განმარტავს, რომ ეს მოვლენა, საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ თურქეთში ლირის გაუფასურებისას საქართველოში ცდილობენ მაქსიმალურად მალე დაეწიონ ამ მოვლენას. ამიტომ არის ლირის გაუფასურება გავლენის მომხდენი ლარზე.
ის ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურება ფასების ზრდის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია.
“დღეს რომ ლარმა დაიწყოს გამყარება, ფასების შემცირების ტენდენცია მაინც არ იქნება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პროდუქტის ფასში მხოლოდ დოლარი-ლარის გაცვლითი კურსი არ შედის. შეიძლება ლარი გამყარდეს, მაგრამ, პირობითად, სახელმწიფომ დამატებითი აქციზი შემოიღოს პროდუქტზე ან გაიზარდოს ტრანსპორტირების ხარჯები, რაც ფასზე აისახება”, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.
გაიზარდა თუ არა ფასები
ლარის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ბოლოდან დაიწყო. შედეგად:
● დღემდე ინფლაციამ 19% შეადგინა
● მოიმატა ფასებმა იმპორტირებულ პროდუქციაზე
2018 წლის დეკემბრიდან დაახლოებით 5-10 თეთრით გაძვირდა პური. მაშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო არასამართლიან კონკურენციასთან და საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა. მიზეზები ამ დრომდე არ არის დადგენილი.
რადიო თავისუფლებამ, 2019 წლის 30 მაისის მონაცემებით, რამდენიმე პროდუქტის ფასი შეადარა 2018 წლის აგვისტოში თბილისში ზუსტად იმავე პროდუქციის ფასებს და ასეთი სხვაობა მიიღო:
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელზე ფასების ზრდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პერსონალური ინფლაციის კალკულატორშიც ჩანს. 2018 წლის აპრილთან შედარებით, 2019 წლის აპრილში ამ ჯგუფში ფასის პროცენტული ცვლილება 5,9%-ია.
ლარის გაუფასურება ამ ეტაპზე ტურისტული სეზონის მოახლოებას დაემთხვა. ტურიზმი ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც ლარის გამყარებას უწყობს ხელს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზაფხული ლარზე დადებითად იმოქმედებს, თუ ვალუტის გაუფასურების სხვა ფაქტორებმა არ იმძლავრა.