25 ივნისს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიხსნა ექვსდღიანი მასშტაბური კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ“, რომელშიც ასი წლის წინანდელი კავკასიის დამოუკიდებლობაზე მომუშავე თითქმის ყველა ცნობილი მკვლევარი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ისტორიკოსმა და ამ კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა კობახიძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან კონფერენციისთვის თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ 1918-1921 წლების კავკასიის დამოუკიდებლობის საუკეთესო მკვლევრები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში ქართული საზოგადოების წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარდგებიან:
„ზოგი მათგანი ამ საკითხს 1950-70-იანი წლებიდან სწავლობს - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საქართველოში ამ პერიოდის შესწავლა შეუძლებელი იყო. და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები ყველანი ერთად შეიკრიბნენ, თანაც, თბილისში, სადაც ასი წლის წინ გამოცხადდა ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის დამოუკიდებლობა“.
კონფერენცია თსუ-ს შემდეგ გაგრძელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მისსავე ფარგლებშია დაგეგმილი საზაფხულო სკოლაც, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ, ფაქტობრივად, ამომწურავი ინფორმაცია პირველი რესპუბლიკის ყველა ასპექტის შესახებ.
თბილისს სტუმრობენ ისეთი ცნობილი მკვლევრები, როგორებიც არიან ერიკ ლი, რიჩარდ ჰოვანესიანი, სტივენ ჯონსი და სხვები. ისინი ქართველ ისტორიკოსებთან ერთად შეეცდებიან მიმოიხილონ 1918-1921 წლების კავკასიაში მიმდინარე პროცესები.
სტივენ ჯონსისთვის საინტერესოა დაკვირვება იმაზე, თუ რას მიაღწიეს იმ სამ წელიწადში: "როგორი იყო მართვის ის მოდელი, რომლის მიღწევაც სურდათ; როგორი იყო მათი ლიბერალური კონსტიტუცია; რა რთულ პირობებში სურდათ რეფორმების განხორციელება, რომელთაგან ზოგი გაატარეს კიდეც, ზოგიც ვერ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ასეთი სერიოზული რეფორმების გასატარებლად მაშინ ქვეყანაში არ არსებობდა სათანადო ეკონომიკურ-პოლიტიკური პირობები. ისინი ცდილობდნენ ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი რეფორმები გაეტარებინათ ქვეყანაში, რომელსაც არ ჰქონდა ფული, რომელსაც არ ჰყავდა სამოქალაქო საზოგადოება და მუდმივი მუქარის ქვეშ იმყოფებოდა რუსეთის მხრიდან და არანაირ დახმარებას არ იღებდა დასავლელ ევროპისა თუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ის, რასაც მათ მიაღწიეს, იყო საკმაოდ შთამბეჭდავი“.
ამ კონფერენციის ფარგლებში წაკითხული მოხსენებები ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად) წიგნად შეიკვრება, რაც, ბექა კობახიძის შეფასებით, ისტორიკოსებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია - მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ საკითხზე, თან ინგლისურად, ლიტერატურა ძალიან ცოტაა. ამიტომ ეს ახალი გამოცემა პირველი რესპუბლიკის შესახებ წიგნების თაროზე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.