საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პირველი ენციკლოპედია-ლექსიკონი უკვე არსებობს. წიგნის გამოცემა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 ივნისს გაიმართა.
„როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, „სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი კი რჩება“, ეს წიგნიც რომელშიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სფეროს შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი, ასე დარჩება“, - გვითხრა თსუ-ს პროფესორმა, ენციკლოპედიის მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი შველიძემ.
ამ ენციკლოპედია-ლექსიკონზე ორ წელზე დიდხანს მუშაობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, უნივერსიტეტის თუ მოწვეული მკვლევრები. 554 გვერდი დაიწერა - 940 საენციკლოპედიო სტატია მომზადდა - ამბები ეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრებს, დიპლომატიურ წარმომადგენლებს, სამხედრო პირებს, საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელ პოლიტიკოსებს, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რესპუბლიკის კანონებს, რეფორმებს, მოვლენებს... ყველაფერს, რაც 191801921 წლებში ხდებოდა.
„ეს ენციკლოპედია სამაგიდო წიგნად იქცევა ყველასთვის, ვისაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოს ეს პატარა „ოქროს ხანა“ აინტერესებს“.
სამხედრო თემაზე სტატიები ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძეს ანდეს, ის ერთ-ერთია იმ 30 ავტორს შორის, ვინც წიგნზე იმუშავა.
„აქ იპოვით პოლიტიკოსებს, სამხედროებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, იმდროინდელ გაზეთებს, ინფორმაციას იმ სამ წლებში მომხდარი ამბების თაობაზე... ეს პირველი ენციკლოპედიაა და შესაძლოა, რამე ხარვეზის ჰქონდეს, თუმცა ძალიან ვეცადეთ, რომ იმ სამ წელზე მაქსიმალურად მოგვეგროვებინა ინფორმაცია და ამ ერთ წიგნში მოგვექცია“.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ენციკლოპედია-ლექსიკონის ყდას მაშინდელი სამფერა დროშა და პირველი რესპუბლიკის გერბი ამშვენებს.