გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, თომას ჰაკერის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა დასძენს, რომ იმ დღეებში რუსთაველის გამზირზე თავი საფრთხეში არ უგრძნიათ.
„ჩვენი, ბუნდესტაგის დელეგაცია, უნდა შეხვედროდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას. პარლამენტმა განგვიცხადა, რომ ისინი ვერ აგებდნენ პასუხს ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ქუჩაში იყო არეულობა. თუმცა დემონსტრაცია საღამოს იყო დაგეგმილი, ჩვენ შუადღეს გვქონდა შეხვედრა დაგეგმილი. გვითხრეს, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას. ეს იყო მათი განმარტება“, - განაცხადა 10 ივლისს თბილისში მორიგი ვიზიტით მყოფმა თომას ჰაკერმა რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად. პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ გაიმართა.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პარლამენტის დასახელებული მიზეზი ნამდვილი იყო, თუ მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს დელეგაციასთან შეხვედრა არ უნდოდათ, თომას ჰაკერმა განაცხადა:
„ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა შეთავაზება, რომ სხვაგან, მაგალითად, ჩვენთან, სასტუმროში, შევხვედროდით ან შევხვედროდით პარლამენტის უფრო მცირე დელეგაციას. ჩვენ მთელი საღამო დავდიოდით რუსთაველზე, ასევე - მომდევნო დღესაც და თავი საფრთხეში არ გვიგრძნია... [მაგრამ] ასეთი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება“.
თომას ჰაკერი, რომელიც ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრია, არის თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე.
გერმანიის ბუნდესტაგის ის დელეგაცია, რომელზეც პარლამენტარი ჰაკერი საუბრობს, 28 აპრილიდან 2 მაისამდე იმყოფებოდა საქართველოში. ეს ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებით გამწვავდა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი, რომელმაც ხელახლა შეიტანა „აგენტების კანონი“ პარლამენტში. მმართველმა გუნდმა, ერთი მხრივ, საპროტესტო დემონსტრაციებისა და, მეორე მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანების მიუხედავად, ივნისში საბოლოოდ მიიღო იგი.
აპრილში გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაციას აკომპლექტებდნენ:
- კომიტეტის თავმჯდომარე კატრინ ბუდე (SPD);
- დეპუტატი მარტინ რაბანუსი (SPD - სოციალ-დემოკრატიული პარტია);
- მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები);
- თომას ჰაკერი (FDP - თავისუფალი დემოკრატიული პარტია).
გერმანიის საელჩოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 29 აპრილს, დაგეგმილი იყო ბუნდესტაგის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა.
თუმცა სხდომა, საელჩოს თანახმად, „საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თხოვნით გაუქმდა, რადგან ამ დღეს პარლამენტში შესაძლოა არ ყოფილიყო გარანტირებული უსაფრთხოება“.
პარლამენტის პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას მაშინ გამოუგზავნეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის წერილი ბუნდესტაგის დელეგაციისადმი, რომელშიც იგი განმარტავს, რომ შეხვედრა „გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გადაიდო“.
ბოლქვაძე „დამწუხრებით“ აღნიშნავს, რომ „ვითარება მოულოდნელად განვითარდა, რამაც მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვია“, თუმცა იქვე პირობას დებს, რომ ყველაფერს იღონებს შეხვედრისათვის შესაფერისი დროის გამოსაძებნად.
ასეთი შეხვედრა დღემდე არ ჩატარებულა.
ბუნდესტაგის დელეგაცია მაშინ შეხვდა ქართულ ანალიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კულტურის დარგში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლებს; ასევე ეწვია გერმანიის პარტნიორ სკოლას თელავში, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გერმანული ენის დიპლომის გამოცდის ჩაბარება; პირველ მაისს დელეგაციის წევრები წინანდალში დაესწრნენ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპულ კონცერტს.
„ორმხრივი კულტურული ურთიერთობების გარდა, შეხვედრების თემა იყო ადგილობრივი კულტურისა და მედიის სფეროს წარმომადგენელთა მდგომარეობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება“, - განმარტავდა გერმანიის საელჩო.
ამჟამად თბილისში ბუნდესტაგის მორიგი დელეგაცია იმყოფება. თომას ჰაკერი ამ დელეგაციაშიც შედის კოლეგებთან ერთად:
- რობინ ვაგენერი, ბუნდესტაგის წევრი („მწვანეებიდან“) და ამავე დროს გერმანიის მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში;
- კნუტ აბრაჰამი, ბუნდესტაგის დეპუტატი, საგარეო კომიტეტის წევრი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, CDU/CSU ფრაქცია;
- პრესკონფერენციას მოდერაცია გაუწია თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის უფროსმა მრჩეველმა, ევროპარლამენტის წევრმა 2014-2019 წლებში რებეკა ჰარმსმა.
10 ივლისს დეპუტატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორეს გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებები.
ელჩმა ფიშერმა განაცხადა, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი.
ფორუმი