ოლგა კარინა თავის დიაგნოზს ყოველთვის მალავს, როცა პოლიციასთან აქვს საქმე. არა იმიტომ, რომ რცხვენია ან ეშინია, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებულად არ მოექცნენ. ასე მოიქცა გასულ წელსაც ერთ-ერთ საქმეზე, სადაც დაზარალებული იყო. ამბის დეტალებზე რადიო თავისუფლებასთან არ საუბრობს, თუმცა გადაჭრით ამბობს, პოლიციას ჩემი სტატუსი რომ სცოდნოდა - შშმ პირი, პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით - დამჩაგრავდნენო.
„ჩემი სტატუსის არცოდნის შემთხვევაში პოლიცია ისე მომექცა, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ჩემს ადგილას, ანუ არ მქონდა განცდა, რომ ახლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის გამო არ დამიჯერებენ, ან დამინიშნავენ რაღაც დამატებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. სტიგმის გამო უნდობლობა მაღალია, გვისვამენ კითხვებს, რომლითაც ჩვენს დისკრედიტაციას ახდენენ, მაგალითად, ეჭვი შეაქვთ მომხდარში და შესაძლოა, დამნაშავეებად ჩვენ გამოგვიყვანონ“, - ამბობს ოლგა კარინა, „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ევროპული და საქართველოს ქსელების“ თავმჯდომარე. პროფესიული საქმიანობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას მას შემდეგ დაუკავშირა, რაც თავისი დიაგნოზის გამო სტაციონარში მეორედ მოხვდა.
ვის ექნება ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და რატომ?
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზანი დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.
ამ კანონპროექტის დაწერის საფუძველი „იარაღის შესახებ“ კანონი გახდა, სადაც წერია, რომ „იარაღის ქონის უფლება არ აქვს პირს, რომელიც დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან ფსიქიკურად“.
ამას გარდა, თუ ეს პრობლემები გაუჩნდა ადამიანს, რომელსაც იარაღი უკვე შეძენილი აქვს, შს სამინისტრო ვალდებულია მას იარაღი დაუყოვნებლივ ჩამოართვას.
„დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს სამართლებრივი ბაზა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებას აძლევს, მიიღოს ეს [ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - რ.თ.] ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი თავად ეს ადამიანი თანხმობას არ განაცხადებს. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ განაცხადებს თანხმობას, როდესაც მას კონკრეტული იარაღის ჩამორთმევა მოელის?“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ ამას არ ეთანხმება თავად ადამიანი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება ექნება, თანხმობის გარეშე მოიპოვოს ინფორმაცია იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონეების, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირების ბაზაშია.
ეს კანონი ჯანდაცვის სამინისტროს ავალდებულებს, სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, კერძო კომპანიებისგანაც მოიპოვოს ინფორმაცია მათზე, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის კურსს გადის.
ამ კანონპროექტით ჩვენ გამოვდივართ პოტენციურად სახიფათო ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობას საჭიროებს.
„ანუ ფაქტიურად ჩვენს კონფიდენციალურ მონაცემებს გაუზიარებენ უცნობ პირებს, ჩვენი თანხმობისა და ამ პროცესში ჩვენი ჩართულობის გარეშე. ეს არის ჩვენი უფლებების და ჩვენი კონფიდენციალური მონაცემების დაცვის უფლების პირდაპირი დარღვევა.
ამ კანონპროექტით ჩვენ გამოვდივართ პოტენციურად სახიფათო ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობას საჭიროებს“, - ამბობს ოლგა კალინა.
კანონპროექტის მიხედვით, იარაღის ტარების ლიცენზიის მიღების ან ჩამორთმევის შემთხვევაში, საინფორმაციო ბაზიდან პერსონალურ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო მოიპოვებს და დაამუშავებს. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში შეინახება. ეს იქნება სისტემა, რომელიც შსს-ს მომსახურების სააგენტოს აცნობებს, მაგალითად, პირზე, რომელსაც იარაღი აქვს, მაგრამ ერთ დღესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან, ალკოჰოლიზმთან ან ნარკომანიასთან საბრძოლველად რომელიმე დაწესებულებაში დარეგისტრირდა.
ასეთ შემთხვევაში მომსახურების სააგენტო ვალდებულია, იარაღის ფლობის ლიცენზია შეაჩეროს და ამის შესახებ მფლობელს აცნობოს კიდეც. იგივე წესი ვრცელდება მართვის მოწმობაზეც.
ბუნდოვანება კანონპროექტში და უფლებების დარღვევის საფრთხე
- ვინ მოხვდება ბაზაში და რა კრიტერიუმებით?
- რამდენ ხანში ერთხელ გააახლებენ ბაზას და რაზე დაყრდნობით?
- თუ ერთხელ ბაზაში მოხვდი, სამუდამოდ იქ დარჩები?
- მოხვდებიან ამ ბაზაში ისინი, ვინც ანონიმურობის დაცვით კერძოდ მკურნალობენ?
ამ კითხვებზე პასუხს კანონის პროექტი არ იძლევა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, დეტალებს კანონის დამტკიცების შემდეგ მინისტრის ბრძანება დააზუსტებს.
რატომ არ ჩართეს კანონპროექტის შექმნის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფები? - ამ კითხვას სვამენ ისინი, ვისაც ეს კანონი, მიღების შემთხვევაში შეეხება.
როცა ადამიანი სამკურნალოდ მიდის, მათი ამ ბაზაში მოხვედრა ადამიანის უფლებების დარღვევაა და, ჩვენი აზრით, დისკრიმინაციულია.
„ამ ბაზაში მოხვედრას მთელი რიგი აკრძალვები მოჰყვება, კარგი გასაგებია, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ როცა ავადმყოფად უყურებ ადამიანს და ადამიანი სამკურნალოდ მიდის, მათი ამ ბაზაში მოხვედრა ადამიანის უფლებების დარღვევაა და, ჩვენი აზრით, დისკრიმინაციულია“, - ამბობს ნარკოპოლიტიკის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის „რუბიკონის“ გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ქარჩხაძე. მისთვის ნებისმიერი ტიპის საინფორმაციო ბაზა, სადაც ადამიანებს ერთი ნიშნით აერთიანებენ, დისკრიმინაციულია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს გურო იმნაძეს აინტერესებს, მოხვდებიან თუ არა ამ ბაზაში, მაგალითად, მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული მოქალაქეებიც.
„ეს კანონპროექტი რეალურად აჩენს რისკებს, რომ ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე, რომელიც ასეთ პროგრამაშია ჩართული, შემდგომ ეტაპზე წააწყდება ბარიერს, მაგალითად მართვის მოწმობის აღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვან გავლენას შეიძლება ახდენდეს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, შეიძლება ეკონომიკური შემოსავლის წყაროც იყოს ან მის საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. მეორე მხრივ, დღეს მოქმედი წესით, მეტადონის პროგრამაში ჩართვა მართვის უფლების შეჩერებას არ ითვალისწინებს“, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, გურო იმნაძე.
ოლგა კალინას აზრით, ეს საინფორმაციო ბაზა უსაფრთხოების მიზნებს, რის გამოც ის იქმნება, რამდენიმე მიზეზით ვერ პასუხობს:
პირველი - მისი თქმით, დიაგნოზი ადამიანის რეალური შესაძლებლობების, საჭიროების, შეზღუდვების ან საფრთხეების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა.
„დისპანსერები საფრთხეებსა და საჭიროებებს არ აანალიზებენ. ისინი ნიშნავენ მკურნალობას. ფსიქიკური ჯანმრთელობა მერყევია და დიაგნოზის გამო ადამიანის უფლებების ბლანკეტურად შეზღუდვა არ შეიძლება. ახლა მაგალითად ნორვეგიაში ვარ კონფერენციაზე, ხუთ ადგილას ვმუშაობ, პარალელურად კიდევ ვაკეთებ რაღაცებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიაგნოზი უცვლელია“, - განმარტავს ის.
მეორე - ამ საინფორმაციო ბაზამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსა და მიმართვიანობაზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. ოლგა კალინა დარწმუნებულია, რომ ადამიანებს აღარ მოუნდებათ გამოჯანმრთელება, რადგან ეცოდინებათ, რომ მათ უფლებებს შემდგომში დაარღვევენ. მათი ნაწილი მკურნალობის პროცესსაც შეწყვეტს.
„სახიფათო ადამიანებად ვართ გამოცხადებული საქართველოს მასშტაბით, არ ვიცით, ვინ რა იცის ჩვენზე და ამის მერე რატომ მექნება ბაზაში ჩემი მონაცემების დამატების სურვილი? თუ ადამიანი მალავს პრობლემას და არ მიმართავს დახმარების მისაღებად შესაბამის დაწესებულებებს, ეს ნაბიჯი მის ჯანმრთელობას გააუარესებს, რაც უსაფრთხოების რისკებსაც გაზრდის“, - ამბობს ოლგა.
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ადასტურებს, რომ საინფორმაციო ბაზაში ვერ მოხვდებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ის ადამიანები, რომლებიც მკურნალობაზე უარს ამბობენ და არსად რეგისტრირდებიან.
„ამ შემთხვევაში ვერ გაიგებს სახელმწიფო - რ.თ.], ჰო, თუ არ მკურნალობს ადამიანი, მაგრამ ჩვენ რა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენი გადაწყვეტილება დავაფუძნოთ? გვჭირდება დოკუმენტი, საბუთი. შეიძლება ყურმოკრული ინფორმაცია გვქონდეს, მაგრამ ამას ხომ ვერ დავეყრდნობით? ერთადერთი, ვინც ამაზე გადაწყვეტილებას იღებს, არის სამედიცინო დაწესებულება, ვისაც შეუძლია დასვას დიაგნოზი და თქვას, რომ ამ ადამიანს აქვს ეს კონკრეტული დიაგნოზი“, - ამბობს დარახველიძე.
„პაციენტის ისტორიისა და დიაგნოზის საფუძველზე დასკვნის გამოტანა - შეუძლია თუ არა მას მაგალითად მანქანის ტარება - ძველი სამედიცინო მიდგომაა“, - ამბობს ოლგა და ამატებს, რომ საქართველოს 2014 წლიდან შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენცია აქვს რატიფიცირებული, რომლის თანახმად ადამიანების შესაძლებლობები და საჭიროებები ინდივიდუალურად, ბიო-, ფსიქო-, სოციალური კვლევით უნდა შეფასდეს.
კიდევ ვის ექნება წვდომა პირად ინფორმაციაზე?
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის შემუშავების საფუძველი იარაღის ლიცენზიის გაცემა/ჩამორთმევის წესების დარეგულირება გახდა, მისი მოქმედება ამ კანონს სცდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა საერთო ბაზაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა, ცალკეულ პოლიციელებსაც ექნებათ წვდომა:
- იმ შემთხვევაში, თუ აფასებს ძალადობის განმეორების რისკს ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს;
- დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსებისას, პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით.
„როდესაც იზოლატორს ეცოდინება, რომ ადამიანი დამატებითი პრობლემის მქონეა, მის მიმართ დამატებით ღონისძიებებს გაატარებს, მაგალითად, არ ჩასვამენ სხვა პატიმრებთან ერთად და მოათავსებენ ისეთ სივრცეში, სადაც შეიძლება მეტი კონტროლი იყოს“, - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
სენსიტიური ინფორმაციის არაპროპორციულად დამუშავების რისკი
საინფორმაციო ბაზის შექმნის საჭიროების დასასაბუთებლად კანონპროექტის განმარტებით ბარათში დაწერილი არგუმენტები ერთი შეხედვით შეიძლება ლოგიკური ჩანდეს. საგზაო უსაფრთხოებისა და იარაღის ტარებაზე ლიცენზიების გაცემა/ჩამორთმევა ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ემყარებოდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოპოვებული ინფორმაციის არაპროპორციულად დამუშავების რისკი იზრდება.
„სხვა უწყებებისთვის ისეთი სენსიტიური მონაცემების დამუშავება და გაზიარება, როგორიცაა ჯანმრთელობა, ძალიან მკაცრად რეგულირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ, კანონპროექტი ამ სტანდარტებს ერთი შეხედვით შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს.
თუკი შსს ამ ინფორმაციას მოქალაქეებისთვის უფლებების შესაზღუდად გამოიყენებს, ბევრმა მოქალაქემ ნამდვილად შეიძლება უარი თქვას მათთვის სასიცოცხლო სერვისებზე, საიდანაც შემდეგ სამინისტრომ უნდა მიიღოს ინფორმაცია ამ ბაზების შესაქმნელად, ხო?
ასეთი ბლანკეტური მოწესრიგება, რომ ავტომატურად რაღაც ბაზაში მოხვედრის გამო შეიძლება მოქალაქეს რაღაც უფლებით სარგებლობაზე უარი ეთქვას, სერიოზული პრობლემაა”, - განმარტავს გურო იმნაძე.
„აპრიორი, რასაკვირველია, არცერთ უფლებას არ შეიძლება მიეცეს უპირატესობა მეორესთან შედარებით“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და ამატებს, რომ გადაწყვეტილებას მიმდინარე საჭიროებების გათვალისწინებით მიიღებენ:
„ერთ მხარესაა პერსონალური ინფორმაცია, მეორე მხარესაა საჭიროებები, რომელმაც ამ კანონმდებლობის შემუშავება განაპირობა. ყველა მონაცემი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოდექსის შესაბამისად დამუშავდება“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ.
საინფორმაციო ბაზის შექმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირების შესახებ 15 კანონში ცვლილებას მოითხოვს. პარლამენტს კანონპროექტების განხილვა ჯერ არ დაუწყია. იმ ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონი შეეხებათ, იმედს იტოვებენ, რომ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც მიეცემათ.