დიანა მახარაძე ამბობს, რომ ქორწინებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში მასზე მეუღლე ფიზიკურად, ოჯახი კი ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქმრის მშობლებს პირობითი სასჯელი, ქმარს კი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
23 წლის დიანა მახარაძე, მისივე ჩვენებით, გასული წლის ივლისში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, მისი ქმრის სახლის მეორე სართულის აივნიდან გადახტა. საავადმყოფოში მიყვანისას ექიმებს უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს გადავარდა აივნიდან. მოგვიანებით კი გამოძიებას უთხრა, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო.
ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ მისი თხოვნის მიუხედავად, ქმრის ოჯახმა არ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. დაელოდნენ ბათუმში მყოფ მის ქმარს, რომელმაც ცოლი მიღებული დაზიანებებით რამდენიმე საათის დაგვიანებით საკუთარი მანქანით წაიყვანა ხულოდან ბათუმში.
დიანა მახარაძის ქმრის, როლანდ მახარაძის და მისი მშობლების, ზურაბ და დარეჯან მახარაძეების წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"არ ვიცოდი, ეს ყველაფერი თუ ფსიქოლოგიური ძალადობა იყო"
სასამართლოზე დღეს დიანა მახარაძემ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრა. თქვა, რომ იყო არასრულწლოვანი, 15 წლის, როცა 20 წლის როლანდ მახარაძეს გაჰყვა ცოლად. როცა პირველი შვილი 16 წლისამ გააჩინა, პოლიცია სწორედ მაშინ დაინტერესდა არასრულწლოვანთან ქორწინების საქმით. მისივე თქმით, ქმრის ოჯახმა აიძულა, რომ ჩვენება მიეცა ქმრის სასარგებლოდ და ეთქვა, რომ წყვილს ქორწინებამდე სექსუალური კავშირი თანხმობით ჰქონდათ, დაფეხმძიმდა და ამიტომ დაქორწინდნენ:
„მაშინ არც კი ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობა იყო. ქმარი მაიძულებდა მათი ოჯახის წესებით მეცხოვრა. პირველად ხელი რომ დამარტყა, ერთი კვირის დაქორწინებული ვიყავით“, - დიანამ სასამართლოზე თქვა, რომ ქმარი პერიოდულად ფიზიკურად ძალადობდა. ძალადობის მოწმე არ არსებობს, რადგან, მისივე თქმით, ყველა შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი ოთახში მარტო იყო. ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა დედამთილი, ეჩხუბებოდა და საქმის კეთებას აიძულებდა: „ყანაში მუშაობას მაიძულებდა, მე კი არ შემეძლო. სამ მცირეწლოვან შვილს ვზრდიდი და ხშირად ღამეებს ვათენებდი. დილით ადრე ვერ ვდგებოდი“, - დიანა მახარაძემ სასამართლოზე თქვა, რომ ქმარი და მისი ოჯახი მუსლიმური სამოსის ტარებასაც აიძულებდნენ.
„ვინმე ატარებს ჩვენთან ჩადრს?“ - ჰკითხა დარეჯან მახარაძემ რძალს სასამართლო პროცესზე და განმარტა, რომ არც მის ოჯახში და არც სოფელში, სადაც ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ, ქალები მუსლიმურ სამოსს არ ატარებენ
"როდის გაიძულე?"
„როდის გაიძულე, ჩადრი დაგეხურა?“ - ჰკითხა როლანდ მახარაძემ ცოლს სასამართლო სხდომაზე.
„2021 წელს“, - უპასუხა დიანა მახარაძემ.
„მე და შენ 2014 წელს დავქორწინდით და თუ იძულება მინდოდა, რატომ თავიდანვე არ დაგაძალე? მე მუსლიმანი მორწმუნე ვარ, მაგრამ ჩვენთან ჩადრი არავის ახურავს“, - თქვა ბრალდებულმა როლანდ მახარაძემ სასამართლოზე. ის ამბობს, რომ მუსლიმური სამოსის დროებით ტარება ცოლის პირადი გადაწყვეტილება იყო.
დიანა მახარაძემ ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრისას, გაიხსენა, რომ როდესაც შვილების ძველი ტანსაცმელი დაწვა, დედამთილმა შეურაცხყოფა მიაყენა. მამამთილი კი, ზაფხულში მისი თანდასწრებით სახლში საცვლებით დადიოდა.
დარეჯან მახარაძე არ უარყოფს, რომ რძალთან უთანხმოება ჰქონდა: „ძალიან სცემდა ბავშვებს. თავში ურტყამდა მაგრად და ამაზე მქონდა ჩხუბი. ვეუბნებოდი, რომ თავში მაგრად ნუ ურტყამ, თორე პოლიცია დაგინახავს-თქო. მეც ქალი ვარ და ჩემი უფლებებიც ირღვევა“, - თქვა დარეჯან მახარაძემ.
„ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. მე უნდა დამეთმო. მე უნდა მეცა მშობლებისთვის პატივი. მე უნდა მომეთმინა, იმიტომ რომ იყო დედამთილის სტატუსით. მე ამ ყველაფერს ვეგუებოდი, იმიტომ რომ მეტი გზა არ მქონდა. მე სამი შვილი შემეძინა და მათ გამო ვიტანდი ამ ყველაფერს. მემუქრებოდა (ქმარი), ბავშვებს წაგართმევო“, - დაზარალებული ამბობს, რომ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნით დაემართა დეპრესია. ქმრის ოჯახმა კი ის, მისი თანხმობის გარეშე, წაიყვანა ბათუმში, ფსიქოლოგთან. მედიკამენტებით მკურნალობის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო: „თბილისშიც წამიყვანეს ფსიქოლოგთან. რაღაც წამლები დამინიშნა. მე არაფერი მაჩვენეს. დედამთილი მასმევდა. სულ მოვდუნდი და ვეღარც ვდგებოდი. ეს წამლები გამოვიტანე და დავწვი“, - ამბობს დაზარალებული.
ბრალდებულების ადვოკატმა ზაზა პაპიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაზარალებულის ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა 30 მარტს გახდება ცნობილი, შემდეგ სხდომაზე, როდესაც სასამართლო საქმის სხვა მოწმეებს გამოჰკითხავს.