Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ს უკრაინაში არჩევნები სურს: მშვიდობისკენ წინსვლა თუ საჩუქარი პუტინს?

აშშ-ს უკრაინაში არჩევნები სურს: მშვიდობისკენ წინსვლა თუ საჩუქარი პუტინს?


დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 2024 წლის სექტემბერში
დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 2024 წლის სექტემბერში

აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ჩატარდეს არჩევნები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით, თუ კიევი მოახერხებს რუსეთთან ზავის დადებას მომავალ თვეებში. შესაძლებელი არჩევნების პერსპექტივა უკრაინასაც წაადგება პოლიტიკურად და აშშ-ის მცდელობასაც, შეწყდეს ომი მომავალ თვეებში. 

აშშ-ის პრეზიდენტის პირობამ, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესახებ, სხვა მიმართულება შეიძინა მას მერე, რაც მისმა წარგზავნილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ისურვებდა შეიძლება წელსვე, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ზავი იქნება მიღწეული.

კით კელოგის გამონათქვამმა წინ წამოწია უკრაინის პოლიტიკის აქტუალური, დელიკატური საკითხი, რადგან იზრდება აშშ-ის ძალისხმევა სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ, ხოლო კრემლი ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციას, როცა ლაპარაკობს მის არალეგიტიმურობაზე.

Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 1 თებერვალს, კელოგმა თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები „უნდა ჩატარდეს“ და უნდა ჩატარდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების მერე, რომელიც, მისი თქმით, შეიძლება რამდენიმე თვეში იქნეს მიღწეული.

„დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობას ჩაუტარებია არჩევნები ომის დროს. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - უთხრა კელოგმა Reuters-ს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიისთვის სასარგებლოა. ამაშია მტკიცე დემოკრატიის ხიბლი: გყავთ რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა“.

ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ თუ აირჩევენ, ომს დაასრულებს ინაუგურაციამდე, თუმცა არ უთქვამს, როგორ აპირებს ამის მიღწევას. ტრამპი ვარაუდობდა, რომ გამოიყენებდა „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკას კიევისა და მოსკოვის მიმართ, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაესხა.

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგად მუშაობს მიხაილ ალექსეევი, რუსეთის და უკრაინის საკითხთა სპეციალისტი, რომელიც თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, უფრო საფიქრებელია, არჩევნების თემა წინ წამოწია იმის იმედად, რომ ეს გააიოლებდა მოლაპარაკების პროცესს. მაგრამ, თქვა მან, რუსეთმა შეიძლება იხეიროს ამით, რაც, მისი შეფასებით, „კრემლის მხრიდან ყურადღების გადატანის საშიში ტაქტიკა და პოლიტიკური ხრიკია“.

პუტინმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებისთვის ღიაა, მაგრამ ბევრ ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ მას კეთილი ზრახვები ამოძრავებდეს და ფიქრობენ, რომ ის ყველა მოლაპარაკებას გამოიყენებს, რათა შეიქმნას მოთამაშის იმიჯი, რომელიც მზად არის თანამშრომლობისთვის, მოიგოს დრო უკეთესი პოზიციების დასაკავებლად უკრაინაში, სადაც უკვე თვეების მანძილზე წარმატებას აღწევს, მართალია დიდი მსხვერპლის ხარჯზე.

„თუ პუტინი კიდევ მოახერხებს დრო გაწელოს რამდენიმე თვით, მაშინ ის ბრძოლის ველზე ახალ წარმატებას მიაღწევს“, - ამბობს ალექსეევი.

პუტინმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. ის ამტკიცებს, რომ ზელენსკის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა უნდა დასრულებულიყო 2024 წლის მაისში, მარტში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას საომარ მდგომარეობაში, რომელიც ზელენსკიმ შემოიღო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მას მერე ძალაშია, არაერთხელ გახანგრძლივების შემდეგ.

ამის მიუხედავად, უკრაინელები საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას 2023 წლიდან განიხილავენ.

აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი, ტრამპის მოკავშირე, მაშინ კიევში ჩავიდა და ზელენსკის მოუწოდა, ჩაეტარებინა არჩევნები განრიგის თანახმად, რადგან კონგრესში იზრდებოდა რესპუბლიკელების წინააღმდეგობა რამდენიმეთვიანი ბლოკადის შემდეგ, რამაც ზიანი მიაყენა კიევის პოზიციას ბრძოლის ველზე, სადაც მისი ჯარები ამერიკის იარაღზე არიან დამოკიდებული.

ამავე დროს, ბევრი უკრაინელი, ოპოზიციის ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით, ომის პერიოდში არჩევნების ჩატარებას არ ემხრობოდა. ისინი გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ რთულ ისტორიულ პერიოდში, ეს საზოგადოებას გახლეჩდა.

მათი აზრით, კენჭისყრა საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დასახლებულ პუნქტებს მუდმივად უშენს ცეცხლს.

არის ასევე სხვა არაერთი პრობლემა, რომლებსაც უკრაინა წააწყდება, თუ ის შეეცდება არჩევნების საომარ ვითარებაში, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მალევე ჩატარებას. ექვს მილიონამდე ადამიანი უცხოეთში გაიქცა, ოთხ მილიონამდე მოქალაქე ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული, ერთი მილიონი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, რაც კენჭისყრაში მათ მონაწილეობას ართულებს. ესენი, ერთად, შეადგენენ უკრაინის მოსახლეობის მეოთხედს.

ამ ფაქტორებზე ზელენსკიმ მიუთითა ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს YouTube-ზე გამოქვეყნდა.
"არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ფუნდამენტური ადამიანური ფაქტორებიც... როგორ მოახერხებენ [ჯარისკაცები] სანგრებიდან ხმის მიცემას? როგორ უნდა მისცეს ხმა ადამიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან? მილიონობით ადამიანმა? როგორ? ნუთუ აღარ გვაღელვებს, რას ფიქრობენ ისინი, ვის სურთ ხმა მისცენ?"- თქვა ზელენსკიმ, რომელმაც ახსენა

ასევე უკრაინელები, რომლებიც "ამ ომის გამო იძულებული გახდნენ უცხოეთში გაქცეულიყვნენ".

„არჩევნები და სრულმასშტაბიანი ომი შეუთავსებელია," - ნათქვამია 2023 წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერა სამოქალაქო საზოგადოების 100-მა ჯგუფმა. "ეს ძალიან საშიში იდეაა და ლეგიტიმურობას დაუკარგავს როგორც თვითონ პროცესს, ასევე არჩეულ ორგანოებს და მეტად სავარაუდოა, გამოიწევს მთლიანად ქვეყნის დესტაბილიზაციას.“

„ეს საყოველთაოდაა აღიარებული, ამიტომ, იმის მტკიცება, რომ ზელენსკი არ არის ლეგიტიმური ხელისუფალი, აბსოლუტური სისულელე და აბსურდია“, - განაცხადა ალექსეევმა.

წელს, 2 იანვარს, ზელენსკიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ 2025 წელს არჩევნების ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება მიგვიყვანს ომის "ცხელი ფაზის" დასრულებამდე, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუქმოთ საომარი მდგომარეობა.

მსგავსი რამ მან მორგანთან ინტერვიუშიც თქვა. "რა თქმა უნდა, ომი დასრულდება - მისი აქტიური ფაზა დასრულდება. და როცა საომარი მდგომარეობა გაუქმდება, უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს აუცილებელია - ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და ეს მისი არსებითი ნაწილია," - თქვა მან.

"მაგრამ ერთი რამ გაიგეთ: ყველამ იცის, ახლა რომ საომარი მდგომარეობა გავაუქმოთ, ეს ზუსტად ისაა, რაც პუტინს სურს. ეს ნიშნავს, რომ არმიის დიდი ნაწილი შინ დაბრუნდება - და სამართლიანად. თუ არ იქნება საომარი მდგომარეობა, ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან... და ვინც დაგვიცავს ჩვენ?"

კელოგის ხსენებული განცხადების შემდეგ ზელენსკის ასისტენტმა Reuters-ის სააგენტოს უთხრა, რომ „თუ მისი გეგმა ცეცხლის შეწყვეტისა და არჩევნებისგან შედგება, ეს არაა სწორი გეგმა, მხოლოდ ამ ორი რამით პუტინს ვერ შეაშინებთ“.

ზელენსკი და მისი მთავრობა ამტკიცებენ, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტია იქნება გადამწყვეტი პირობა ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

ამას წინათ პარიზში ვიზიტისას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომელმაც ზელენსკისთან წააგო 2019 წლის არჩევნები და მომავალ კენჭისყრაში შესაძლებელი პრეტენდენტი იქნებოდა, უარყო ომის პირობებში არჩევნების ჩატარება და თქვა, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი „გამარჯვებული“ იქნება პუტინი.

პოროშენკო ფიქრობს, რომ პუტინი შეეცდება პროპაგანდითა და „მეხუთე კოლონის“ გამოყენებით ძირი გამოუთხაროს უკრაინას საარჩევნო კამპანიის დროს.

ვაშინგტონში ანალიტიკური Wilson Center-ის თანამშრომელი და ინდიანის შტატში Ball State University-ის პროფესორი სერგეი ჟუკი იზიარებს პოროშენკოს შეშფოთებას. რადიო თავისუფლებას ჟუკმა უთხრა, რომ კრემლს შეუძლია, პროპაგანდის თავისი ძლიერი მანქანა და პრორუსული ელემენტები უკრაინაში გამოიყენოს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის არჩევნების დროს.

„ვშიშობ, რომ მომავალი არჩევნების დროს რუსული დეზინფორმაციით, რომელიც ერთობ ეფექტიანია, ისინი ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანიას წამოიწყებენ და გაიმარჯვებენ. ეს იქნება საქართველოში კონტრრევოლუციის ვარიანტი“, - თქვა მან და იგულისხმა საქართველოში ავტორიტარული, პრორუსული მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში კრემლთან ხანგრძლივი მტრული ურთიერთობის შემდეგ.

ჟუკი თვლის, რომ პუტინის უარყოფითი დამოკიდებულება ზელენსკისადმი პირადი ხასიათისაა. მისი თქმით, ის კიდევ უფრო გაძლიერდა მას მერე, რაც ყოფილი კომიკოსი სათავეში ჩაუდგა თავისი ქვეყნის თავდაცვას რუსეთის უფრო ძლიერი და უკეთ აღჭურვილი შეიარაღებულ ძალების წინააღმდეგ და მთელ მსოფლიოში პატივისცემა მოიპოვა, რთულ მდგომარეობაში ჩააყენა კრემლის მმართველი, რომელიც მოელოდა, რომ ზელენსკის ხელისუფლებას ჩამოაშორებდა და უკრაინას რამდენიმე კვირაში დაიმორჩილებდა.

ზელენსკის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა მას მერე, რაც 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიბრუნეს რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მაგრამ ახლა, როცა ფართომასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება და რუსეთი აღმოსავლეთში წარმატებას აღწევს, ზელენსკის პოპულარობა მცირდება.

ჟუკი და ალექსეევი ზელენსკის ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიიჩნევენ გენერალ ვალერი ზალუჟნის, რომელიც უკრაინის დაცვას მეთაურობდა ომის დაწყების პირველ ორ წელიწადს,

უკრაინის პრეზიდენტმა პოპულარული გენერალი 2024 წლის თებერვალში ჩამოაშორა თანამდებობას სტრატეგიაზე კამათის შემდეგ, ხოლო ადგილობრივი მედია წერდა, რომ ზელენსკი შეშფოთებული იყო მაღალი რანგის ოფიცრის პოლიტიკური ამბიციების გამო.

ალექსეევი თვლის, რომ ზალუჟნის მოსვლა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე პუტინისთვის გამარჯვება ვერ იქნება.

„ამით არ შესუსტდება უკრაინის ნება, წინააღმდეგობა გასწიოს“, - ამბობს ის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG