თბილისი და სოხუმი წლებია მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს. დიდი ხანია შეჩერებულია გალში - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM), თუმცა შესაძლოა ვითარება შეცვალოს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივამ: სოხუმი თბილისს შეხვედრების განახლებას არა გალში, არამედ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, მდინარე ენგურის ქვედა ნაწილის ერთ-ერთ კუნძულზე სთავაზობს.
სოხუმმა ეს წინადადება 2023 წლის 4-5 აპრილს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს გააცნო. აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ტუჟბას თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები აღარ იმართება იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც ე.წ. საზღვრის კვეთის რეჟიმმა წარმოშვა.
უკაცრიელი კუნძული
„პრობლემა ისაა, თუ რა დოკუმენტებით შემოვლენ საქართველოს წარმომადგენლები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ისინი დაჟინებით მოითხოვენ შიდა პასპორტებით შემოსვლას, ჩვენ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ნორმები, რომელთა მიხედვითაც ყველა უცხოელმა საზღვარი უნდა გადმოკვეთოს მხოლოდ საერთაშორისო პასპორტით. ამაში მდგომარეობს მთავარი წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად ჩვენ შევთავაზეთ მდინარე ენგურზე რაიმე სახის ნეიტრალური ტერიტორიის მოძებნის შესაძლებლობა“, - უთხრა ირაკლი ტუჟბამ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს სოხუმში.
ირაკლი ტუჟბა უთითებს, რომ მდინარე ენგურზე შეიძლება ასეთი „ნეიტრალური ტერიტორიების“ - კუნძულების მოძებნა, კარვის იქ გაშლა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM შეხვედრების გამართვა, მსგავსად ერგნეთის შეხვედრებისა:
„ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთში მუშაობს IPRM-ის მსგავსი ფორმატი, რომელიც ერგნეთში იმართება. არის რაღაც ანკლავი, ტერიტორია, რომელსაც, როგორც ვიცი, ნეიტრალური სტატუსი აქვს. სწორედ იქ დგამენ კარავს და ატარებენ შეხვედრებს. ჩვენ ვთავაზობთ მსგავს ვარიანტს. მაგრამ ქართველი მონაწილეები უარს ამბობენ ამ წინადადებაზე. თავს იკავებენ, რბილად რომ ვთქვათ“.
რადიო თავისუფლებას „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ზურაბ ბენდიანიშვილი ეუბნება, რომ არანაირი „ნეიტრალური ტერიტორია“ ერგნეთში არ არსებობს. IPRM-ის შეხვედრები ქართულ და ოსურ საგუშაგოებს შორის მდებარე ტერიტორიაზე იმართება.
პასპორტი - მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტი?
ჟენევაში სოხუმმა კიდევ ერთხელ დააყენა ე.წ. პასპორტების საკითხი - დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქეებს მიეცეთ აფხაზური პასპორტებით მოგზაურობის შესაძლებლობა, როგორც ამას, მათი თქმით, აკეთებენ ჩრდილოეთ კვიპროსში, ტაივანსა და კოსოვოში მცხოვრები ადამიანები.
„ჩვენ ვთავაზობთ აფხაზეთის ეროვნული პასპორტების აღიარებას სამგზავრო დოკუმენტად, რადგან ასეთი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში. ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არ ნიშნავს აფხაზეთის ავტომატურ აღიარებას - საუბარია გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაძლევაზე. ამ საკითხს დიდი ხანია ვაყენებთ, - ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, - ევროკავშირის წარმომადგენლები საკმაოდ ხისტ და, შეიძლება ითქვას, კონსერვატიულ პოზიციას იკავებენ. ამ მიმართულებით წინსვლა არ არის. ამ საკითხს ამერიკის დელეგაციის წინაშეც ვსვამთ. ამერიკელი კოლეგები, სულ მცირე, ცდილობენ მაინც აჩვენონ, რომ საკითხის მოგვარებას შეეცდებიან, თუმცა პრაქტიკულ განხორციელებაზე ჯერ საუბარი არ არის. ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი შეიცვალა. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წარმომადგენელია, ლუი ბონო. მასთან გვქონდა შეხვედრა. მის წინაშეც წამოვწიეთ ეს თემა. დაგვპირდა ვითარებაში გარკვევას“.
ირაკლი ტუჟბას თქმით, აფხაზეთში მცხოვრებ ბევრ ადამიანს აქვს მეორე, რუსეთის მოქალაქეობა, რაც, მიუხედავად მრავალი სირთულისა, საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალებას იძლევა, თუმცა მოსახლეობის დაახლოებით 25-30%, ძირითადად ახალგაზრდები, სხვადასხვა მიზეზის გამო არ ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას, შესაბამისად, ისინი მოკლებული არიან აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრების შესაძლებლობას.
მეორე ფრონტის ექო ჟენევაში
ჟენევაში გაიჟღერა „მეორე ფრონტის“ გახსნის თემამაც. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიუღებელია „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტი მცდელობა, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან „ამიერკავკასიაში“ გადაიტანოს, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, რომ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მეორე ფრონტი“ გახსნას.
„მეორე ფრონტის“ საკითხი თავის გამოსვლაში დააყენა დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამაც, რამაც, ირაკლი ტუჟბას თქმით, ქართულ დელეგაციაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, საპროტესტო აქციებს, რომლებიც თავდაპირველად საშინაო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, შემდეგ კი საგარეო პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა. ცნობილი პოლიტიკოსების მხრიდან იყო მოწოდება, გაიხსნას "მეორე ფრონტი". ჩვენ კარგად ვიცით ვისზეა საუბარი, როცა ვსაუბრობთ "მეორე ფრონტზე", ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ევროპელები, კერძოდ, ბატონი კლაარი გვარწმუნებს, რომ ევროკავშირი არ არის დაინტერესებული რეგიონში დაძაბულობის ესკალაციით. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთ განცხადებებს ყოველთვის ვერ ვენდობით“, - თქვა ტუჟბამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლაშა დარსალიას თქმით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა, რაც რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას უკავშირდება.
„მიმდინარე რაუნდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხზე მსჯელობისას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რის გამოც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხზე დისკუსია“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზურმა მხარემ კვლავ მოითხოვა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.
„მოვუწოდეთ მოლაპარაკების ქართველ მონაწილეებს, დაეწყოთ მუშაობა მინიმუმ ტექსტის შემუშავებაზე. როგორც ყოველთვის, კატეგორიული უარი მივიღეთ. ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა იყოს შეთანხმებული და ხელმოწერილი. თბილისი ცდილობს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს რუსული ელფერი მისცეს. ეს არის ის მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც მრავალი წელია ხელს გვიშლის მთავარი საქმის დაწყებაში“, - ამბობს ირაკლი ტუჟბა.
თანათავმჯდომარეები
შეხვედრის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა პრესისთვის კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, მონაწილეებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
თანათავმჯდომარეებმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა დევნილთა საკითხის სრულფასოვნად განხილვა ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო. მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმდნენ დისკუსიების გაგრძელების საჭიროებაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი, სავარაუდოდ, 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.