ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად ლუის ბონო დანიშნა.
ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბონო იმუშავებს ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის საკითხზე.
ბონოს აქვს მრავალმხრივი და ორმხრივი მუშაობის მდიდარი გამოცდილება. ის საქმიანობდა ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს ოფისებში, ამასთან მუშაობდა საელჩოს დროებითი რწმუნებულის პოზიციაზე წმინდა საყდართან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბონოს დანიშვნა ასევე ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ამასთან - საქართველოსთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლს, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციის საკითხზე.
ლუის ბონოს წინამორბედი ფილიპ რიკერი თანამდებობიდან 2023 წლის დასაწყისში გადადგა.