„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.
ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთშაბათ დილას, 24 ოქტომბერს, ჩაატარეს.
გელავას სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა. „მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი [ტექნიკური, საკომუნიკაციო მოწყობილობა - რ.თ.] . ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც“, - დაწერა სოფო გელავას ქმარმა, გიორგი ნონიაშვილმა (ნონიაშვილი პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერია).
სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ადვოკატები, შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, რომ ჩხრეკა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სახლებში ჩატარდა ერთი და იმავე გამოძიების ფარგლებში.
კერძოდ, გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:
- ფულის გათეთრება;
- თაღლითობა;
- გადასახადებისგან თავის არიდება.
ჯერ უცნობია, ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას კომენტარის თხოვნით და პასუხს ელოდება.
ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა.
განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია:
- 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;
- 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას.
„ატლანტიკური საბჭო“ 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტია.
ინფორმაცია განახლდება.
ფორუმი