Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა მხოლოდ „ვაგნერი“ - კიდევ რა კერძო სამხედრო დაჯგუფებებია რუსეთში


Redut-ის მებრძოლები სამხედრო წვრთნებზე, რუსეთის ქალაქ ტამბოვთან.
Redut-ის მებრძოლები სამხედრო წვრთნებზე, რუსეთის ქალაქ ტამბოვთან.

ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის ყველაზე ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი დამფუძნებელი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ „დენაციფიკაციამ“ უკრაინა მთელ მსოფლიოს გააცნო, „დემილიტარიზაციას“ კი შედეგად უკრაინის არმიის გაძლიერება მოჰყვა.

„უფრო ადრე, 9 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც რუსეთის სამხედრო სარდლობა კიდევ ერთხელ გამოლანძღა, პრიგოჟინი ჩიოდა, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტში მის მებრძოლებს ტყვია-წამალი არ ჰყოფნიდათ. შემდეგ კი კიდევ ერთ სამიზნეს შეუტია - რუსეთის სახელმწიფო საწარმო-გიგანტის, „გაზპრომის“ მიერ დაფინანსებულ უსაფრთხოების კერძო კომპანიას.

„რისთვის ხარჯავთ ხალხის ფულს, აგროვებთ ხალხს და შემდეგ მათ ხორცის საკეპ მანქანაში აგზავნით?“ - ამბობდა ის 9 მაისის ვიდეოში. „გეყოთ სისულელეები. ეს ომია!“

„ვაგნერის“ სახელი უკვე დიდი ხანია, რაც ბევრისთვის გახდა ცნობილი. უკრაინამდე ისინი მალიში, სუდანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იბრძოდნენ. თუმცა, მათ გარდა რუსეთს კიდევ ბევრი სხვა კერძო სამხედრო დაჯგუფება ჰყავს.

გაიცანით რუსეთის კერძო უშიშროების მზარდი კომპლექსის სხვა, ნაკლებად ცნობილი მოთამაშეები:

„რედუტი“

კომპანია „რედუტის“ მებრძოლები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრნენ, - წერს „მედუზა“. რედუტი დამოუკიდებელი თავდაცვისთვის მომზადებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას ნიშნავს.

რუსული გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ ცნობით „რედუტის“ მებრძოლები თავდაპირველად სირიაში მსახურობდნენ. ისინი იცავდნენ „გაზპრომის“ მიერ დაარსებული კომპანია „სტროიტრანსგაზის“ შენობებს. ეს კომპანია შემდეგ კრემლთან დაკავშირებულმა მილიარდერმა, გენადი ტიმჩენკომ შეიძინა.

„რედუტი“ რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურობს და მებრძოლების რეკრუტირებას იქ ახდენს. ისინი აცხადებენ, რომ ეძებენ 25 წელს გადაცილებულ კანდიდატებს, რომელთაც უკვე აქვთ სამხედრო სფეროში ან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება.

„რედუტის“ მიერ დაქირავების შეტყობინებები
„რედუტის“ მიერ დაქირავების შეტყობინებები

რადიო თავისუფლების გადაცემა Idel.Realities-მა მოიპოვა კონტრაქტის ასლი, რომელსაც „რედუტი“ თავის სამხედროებთან აფორმებს. დოკუმენტში არ არის ნახსენები არც უკრაინა და არც რაიმე სამხედრო ოპერაცია და „რედუტი“ მოხსენიებულია ქალაქ დონის როსტოვში ბაზირებულ სამშენებლო კომპანიად. რუსეთის ოფიციალურ რეესტრში მსგავსი კორპორაცია რეგისტრირებული არ არის.

კონტრაქტში მოხსენიებულია „სოციალური და ფსიქოლოგიური კვლევების რეგიონული ლაბორატორია“. მსგავსი ლაბორატორია მართლაც არსებობს - ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, გრუ-ს ქვედანაყოფია. მისი ოფიციალური სახელია სამხედრო ერთეული 35555.

ერთმა მამაკაცმა, რომელიც „რედუტში“ მსახურობდა, Idel.Realities-ს უთხრა, რომ კონტრაქტორებს უკრაინის დონბასის რეგიონში ჯერ კიდევ 2014 წლიდან აგზავნიდნენ და მათ ანაზღაურებას ნაღდი ფულით, აშშ დოლარებით უხდიდნენ. 2022 წლის შემდეგ კი ანაზღაურებას რუბლებით აძლევენ.

სხვა კონტრაქტორმა Idel.Realities-ს უთხრა, რომ მებრძოლები წვრთნას რუსეთის ქალაქ ტამბოვის სამხედრო დაზვერვის ბანაკებში გადიოდნენ.

„ჩირაღდანი“, „ნაკადი“ და „ალი“

„ვაგნერი“, კერძო სამხედრო კომპანია, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ტექნიკურად უკანონოდ ოპერირებს. თუმცა, სხვა კერძო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც უკრაინაშიც იბრძვიან, რუსეთის კანონებთან შესაბამისობით მოქმედებენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა წლის დასაწყისში „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „გაზპრომნეფტს“ უფლება მისცა, რომ შეექმნა „უშიშროების კერძო კომპანია“, რაც რუსეთის კანონმდებლობით ლეგალურია.

„ბიბისის“ რუსული სამსახურის მიხედვით, თავდაპირველად ამ დაჯგუფებას „გაზპრომნეფტ ოხრანა“ ერქვა და მას სათავეში ედგა სტანისლავ ბაუმანი, არხანგელსკის რეგიონის მოქმედი თავდაცვის მინისტრი.

თუმცა, პრიგოჟინის განცხადებებიდან და სხვა წყაროებიდანაც ირკვევა, რომ „გაზპრომს“ არაერთი კერძო შეიარაღებული ქვედანაყოფი ჰყავს.

ერთი მათგანი ცნობილია „პოტოკის“ (დინების) სახელით. მათ შესახებ ცნობილი აპრილში გახდა, როდესაც მისმა კონტრაქტორებმა ვიდეო ჩაწერეს, სადაც საბრძოლო მასალების ნაკლებობაზე ჩიოდნენ. ისინი ასევე აპროტესტებდნენ იმას, რომ თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კონტრაქტით სამსახურს შეჰპირდნენ, შემდეგ კი კომპანია „რედუტის“ მმართველობის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„დონის ბრიგადა“ და „დონბასის მოხალისეთა კავშირი“

დონის ბრიგადა „რედუტთან“ არის დაკავშირებული და შედგება მოხალისეებისგან, რომელთა უმეტესობაც კაზაკია. ბრიგადა აღნუსხულია რეზერვის ეროვნულ სისტემაში და ოფიციალურად არის დაკავშირებული თავდაცვის სამინისტროსთან.

დონის ერთმა მებრძოლმა, მაქსიმმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქ იმის გამო გაწევრიანდა, რომ „რედუტს“ კანდიდატებზე ასაკობრივი შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული. თუმცა, მისი მტკიცებით, „დონის ბრიგადისა“ და „დონბასის მოხალისეთა კავშირის“ წევრებს ფულს „რედუტი“ უხდის.

ალექსანდრ ბოროდაი, დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2014 წლის ივნისი.
ალექსანდრ ბოროდაი, დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2014 წლის ივნისი.

ჯარისკაცის თქმით, კონტრაქტორების ნაწილს „რედუტში“ აგზავნიან, სადაც დონის სპეციალური დანაყოფია შექმნილი. თუმცა, ფორმალურად ისინი „დონბასის მოხალისეთა კავშირის“ წევრებად ითვლებიან.

„დონბასის მოხალისეთა კავშირს“ ოფიციალური გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელში. მის თანახმად, ეს დაჯგუფება სამი ბატალიონისგან შედგება, რომლებიც როსტოვის რეგიონში გადიან წვრთნას.

„მორანი“, „სლავონიკი“, E.N.O.T.

სხვა რუსული სამხედრო და უშიშროების კომპანიები უკრაინის გარეთ მიმდინარე კონფლიქტებით, ან ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელებით არიან ცნობილი.

განსხვავებული ცნობები არსებობს „მორან სექიურითის“ წარმოშობასთან დაკავშირებით. New America Foundation-ის 2019 წლის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ კომპანია ჯერ ბელიზში დარეგისტრირდა, 2011 წელს, მომდევნო წელს კი - მოსკოვში. თავად კომპანიის მარკეტინგულ მასალებში კი გვამცნობენ, რომ ის 1990-იანი წლებიდან იცავდა რუსულ გემებს მეკობრეებისაგან. „მორანის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლიენტია „სოვკომფლოტი“, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი რუსეთის უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანია.

რუსული მედიასაშუალება „ფონტანკას“ ცნობით, „ვაგნერი“ თავიდან „სლავონიკის კორპუსის“ ბაზაზე შეიქმნა. ეს კერძო სამხედრო კომპანია ჯერ კიდევ 2013 შეიქმნა და მისი მებრძოლები ამავე წელს გამოჩნდნენ სირიაში.

ოფიციალურად კომპანია ვადიმ გუსევმა და ევგენი სიდოროვმა დააარსეს. 2014 წელს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ორივე მათგანი დააკავა. მოსკოვის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო უკანონო სამხედრო კომპანიის მართვაში და ციხე მიუსაჯა.

„ვაგნერის“ ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი იყო დმიტრი უტკინი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ვეტერანი, რომელიც მანამდე „მორანშიც“ მუშაობდა და „სლავონიკშიც“

დმიტრი უტკინი
დმიტრი უტკინი

უკრაინელმა მკვლევრებმა კიდევ ერთი კერძო კომპანია გამოავლინეს, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაში იღებდა მონაწილეობას. დაჯგუფებას E.N.O.T. ეწოდება და ის ნაციონალისტი აქტივისტის, იგორ მანგუშევის დაარსებულია.

საერთაშორისო საქმეთა პოლონეთის ინსტიტუტის 2018 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ E.N.O.T.-ის ჯარისკაცები შეუმჩნევიათ სირიაში, ტაჯიკეთსა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. ეს ჯგუფი ასევე აწყობს „პატრიოტულ“ საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკებს სერბიაში, მონტენეგროსა და ბელარუსში.

2018 წელს ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. დაკავებულებს, რომლებიც ფედერალური უშიშროების ან დაზვერვის სამსახურის წევრები იყვნენ, ბრალად ყაჩაღობა და გამოძალვა ედებოდათ. შარშან რომან ტელენკევიჩს, რომელიც ამ ჯგუფს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს გამოძალვის, მუქარისა და სხვა ბრალდებების გამო.

XS
SM
MD
LG