Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამდენი ემიგრანტი საქართველოს არასდროს ჰყოლია? - რატომ და სად მიდიან სამშობლოდან


მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა და საქართველოში გამოქცეულმა ძირითადად რუსმა მიგრანტებმა ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყვეს ხელი, საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ბულგარეთზეც ღარიბია.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა და საქართველოში გამოქცეულმა ძირითადად რუსმა მიგრანტებმა ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყვეს ხელი, საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ბულგარეთზეც ღარიბია.

ბოლო ათ წელში ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა* - 163 ათასზე მეტი წავიდა.

მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, რასაც მთავრობა საკუთარი გონივრული პოლიტიკით ხსნის, მოქალაქეები ქვეყანას მაინც ტოვებენ.

ამ სტატიაში ვარკვევთ:

  • რეკორდული მიგრაციის მიზეზებს;
  • რატომ არ აისახება მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე;
  • ნიშნავს თუ არა შემცირებული სიღარიბე, კეთილდღეობის ზრდას.

პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოდან მიგრაციის ზრდას ორი მიზეზით ხსნის: პირველი - ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენა და მეორე - “გახსნილი საზღვრები”. რაშიც იგულისხმება 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება.

“...წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები ბევრად მძიმე იყო… თუ ეკონომიკა წინ არ წაიწია და ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ დავუახლოვდებით, რა თქმა უნდა, უარყოფითი მაჩვენებლები შენარჩუნდება”, - ამბობს კობახიძე გაზრდილ მიგრაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა და საქართველოში გამოქცეულმა ძირითადად რუსმა მიგრანტებმა ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყვეს ხელი, საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ბულგარეთზეც ღარიბია. 2023 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8212 დოლარამდე გაიზარდა, ბულგარეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი თითქმის 16 ათასი დოლარია.

“სინამდვილეში, კობახიძე რასაც ამბობს [ეკონომიკური კუთხით განსხვავება და ვიზალიბერალიზაცია], ტრუიზმებია [გაცვეთილი ჭეშმარიტება - რ.თ.]... ამის ახსნა ხელისუფლების მხრიდან არავის სჭირდება... უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ არსებობს დამატებითი ინსენტივი [სტიმული - რ.თ.] იმისა, რომ მოქალაქეები უცხოეთში არ წავიდნენ. ხელისუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს, რომ აქ უკეთესი ეკონომიკური ვითარება შექმნას. ცუდი ის კი არ არის, რომ წასვლის შესაძლებლობა გაუჩნდათ, არამედ ის, რომ ამის სურვილი აქვთ”, - ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის [GRASS] მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

რატომ არ აისახა მაღალი ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე?

პანდემიის შემდეგ საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, თუმცა ეკონომიკასთან ერთად ასევე ძალიან მაღალი იყო ინფლაცია. 2022 წელს იმ მომსახურებასა და საქონელზე, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებისას იყენებს, ფასების ორნიშნა ზრდა იყო. შარშან ინფლაცია კი შემცირდა, მაგრამ უკვე გაძვირებული პროდუქტი ისე აღარ გაძვირებულა, თუმცა არც გაიაფებულა.

“ეკონომიკური ზრდით მიღებული კეთილდღეობა [მოსახლეობაში] არათანაბრად ნაწილდება, თან დროში დაყოვნებაც ახასიათებს. მისგან განსხვავებით, ინფლაცია მოქალაქეებზე დაუყოვნებლივ აისახება. პოსტპანდემიურ საქართველოში ინფლაციის უზარმაზარი ზრდა იყო. ქვეყანაში ცხოვრება ერთბაშად გაძვირდა”, - ამბობს კვარაცხელია.

სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზე?

საქართველოში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, რასაც მთავრობა საკუთარ წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას მიაწერს. აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, რასაც საქსტატი აქვეყნებს, აჩვენებს, უკიდურეს გაჭირვებაში მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს.

კვარაცხელიას შეფასებით, სიღარიბის შემცირებაზე გავლენა იმანაც იქონია, რომ სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. დღეს საქართველოში საარსებო შემწეობას 655 ათასზე მეტი ადამიანი იღებს, პანდემიის შემდეგ შემწეობის მიმღებების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შემწეობის მოცულობა შემცირდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია - შემწეობის მოხსნის შიშით ბენეფიციარებს აიძულებენ, არჩევნებზე ხმა მმართველ პარტიას მისცენ.

“რასთან მიმართებითაც [სიღარიბე] მცირდება, ის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალი იყო. აბსოლუტური სიღარიბე ქვეყანაში მაინც რჩება. ამას გარდა, როცა სიღარიბეზე ვსაუბრობთ, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: როცა ადამიანმა სიღარიბე ეკონომიკური სარგებლის შედეგად დაძლია და მეორე - სოციალური შემწეობის ხარჯზე”, - ამბობს GRASS-ის ეკონომისტი და ამატებს: „ხელისუფლება ქმნის პრობლემებს, რომელსაც შემდეგ ან უმკლავდება, ან ვერა. ამით საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას აჩენს, რაც შემდეგ უკვე ადამიანს წასვლისკენ უბიძგებს”.

ვის თვლის საქსტატი ემიგრანტად?

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ემიგრანტად მიიჩნევს საქათველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის ჯამი) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

რეალური მიგრაციული ვითარების გასაგებად მნიშვნელოვანია მიგრაციული სალდოს დანახვა, ანუ სხვაობისა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის.

2020 წელს თუ არ ჩავთვლით, როცა პანდემიის გამო ქართველი ემიგრანტები დაბრუნდნენ, ქვეყანას ყოველთვის უარყოფითი მიგრაციული სალდო ჰქონდა, ანუ უფრო მეტი ადამიანი მიდიოდა უცხოეთში, ვიდრე სამშობლოში ბრუნდებოდა. ასევე გამონაკლისი იყო 2022 წელიც, როცა საქართველოში რუსი მიგრანტები შემოვიდნენ.

შარშან საქართველოს 163 480 მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ხოლო 91 896 შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს 71 584 ათასით მეტმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

მიგრანტების გაზრდილი წვლილი ეკონომიკაში

უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ. წლიდან წლამდე იზრდება აქ გამოგზავნილი თანხა და, შესაბამისად, მათი წვლილი ეკონომიკაში. შარშან ემიგრანტებმა 4.1 მილიარდ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, აქედან თითქმის 1.3 მილიარდი დოლარი - ევროკავშირის ქვეყნებიდან.

* საქსტატის ინფორმაციით, მოქალაქეობის მიხედვით მიგრაციის სტატისტიკის გამოქვეყნება 2012 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში 2012 წლის შემდეგ შარშან რეკორდულად ბევრი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG