ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ არსებული პრობლემების შესახებ ზუგდიდში დისკუსია მოეწყო. თემაზე სასაუბროდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები შეიკრიბნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თემის განვითარების ცენტრმა“ ზუგდიდის მასშტაბით 150 ქალი გამოკითხა მათთვის უმთავრესი პრობლემის დასადგენად. როგორც ცენტრის დირექტორი თამარ ცხონდია აცხადებს, ერთ-ერთი მწვავე საკითხი, რაზეც ინფორმაციას ქალების დიდი ნაწილი არ ფლობდა, ძუძუთი კვება და მისი თანმდევი პროცესები აღმოჩნდა.
„ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა და დისკუსია გვქონდა. შესაბამისად, ვიცით მათი საჭიროებების შესახებ. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მათთან. ეს ძალიან პრობლემური საკითხია და ეს მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ძალიან გამიჭირდა ამ პროცესის მართვა და მეც მათთან ერთად ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირბოროტო თემატიკაა“, განაცხადა თამარ ცხონდიამ.
დისკუსიის მონაწილე, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ნეონატოლოგის მედეა სიჭინავას თქმით, რომ არა დედების დადებითი გადაწყვეტილება ძუძუთი კვების თაობაზე, კვლევების თანახმად, ჩვილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნებოდა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, სადაც მსურველებს აწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას როგორც ძუძუთი კვების, ასევე სხვა პროცედურების შესახებ, თუმცა ეს არ არის საკმარისი მშობლების სრულად ინფორმირებისთვის:
„სასურველი იქნებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების მაღალ კლასებში ყოფილიყო ამ ტიპის ლექციები, სემინარები, საუბრები ან სადმე ქალაქში ყოფილიყო ადგილი გამოყოფილი, სადაც შეიძლება მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოძიება, მოსმენა და ა.შ.“.
ძუძუთი კვებაზე უარის თქმის ერთ-ერთ ფაქტორად ქალებმა სტერეოტიპული მიდგომები დაასახელეს, რომლის თანახმად, დედა, რომელსაც ჩვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, ამ საქმეს სამსახურს ვერ შეუთავსებს, და რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს პროცესი ბევრისთვის მიუღებლად ითვლება. დისკუსიაში ჩართულებმა მოიყვანეს იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც დედა ჩვილის ძუძუთი კვებას მუშაობის პროცესშიც ახერხებს.
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია ამბობს, რომ ძალიან გაუკვირდა, როცა პოლონეთში სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთი მონაწილე ახალგაზრდა ქალი ჩვილთან ერთად მივიდა:
„მთელი ერთი კვირის განმავლობაში ეს ჩვილი ბავშვი ჩვენთან ერთად იყო. ამას მართა ისე ლამაზად და ისე გემრიელად ახერხებდა... უთავსებდა ამ ტრენინგს და ჩვილის ძუძუთი კვებას“.
ორგანიზაცია „თემის განვითარების ცენტრი“ ქალებთან შეხვედრებს აწყობს პროექტის „ღია სახლი - ქალთა გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.