აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 23 წელია ზუგდიდში სხვადასხვა დაწესებულებებში ცხოვრობენ. მათი ნაწილი დროთა განმავლობაში ხელისუფლებამ ახალი საცხოვრებლებით დააკმაყოფილა, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ რჩება მძიმე პირობებში. საბავშვო ბაღებში, ყოფილ ტექნიკუმებსა თუ მიტოვებულ შენობებში ჩასახლებულთა მისამართით არაერთხელ ისმოდა ბრალდებებიც, რომ კანონის იგნორირებით იჭრებიან ყველგან, დამკვიდრდა ტერმინი - „უკანონოდ შეჭრილები“. ხშირ შემთხვევაში დევნილებს ბრალდებათ ისიც, რომ ავარიული შენობები გაურემონტებელია. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე განთავსებული საბავშვო ბაღები.
ზუგდიდის 17 საბავშვო ბაღიდან 13-ში ჯერ კიდევ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მერის, ირაკლი გოგოხიას, განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სურვილი სააღმზრდელო დაწესებულებებს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს, ვერ ხერხდება, რადგან იქ დევნილები იმყოფებიან:
„13 ბაღში ცხოვრობს დევნილი მოსახლეობა და ძალიან დიდი პრობლემაა. მე რამდენჯერმე მივმართე დევნილთა სამინისტროს, რომ გაითვალისწინონ ჩვენი ეს პრობლემა და ეტაპობრივად დავიწყოთ დევნილების დაკმაყოფილება ახალი საცხოვრებელი სახლით“.
პრეტენზიები აქვთ ბაღის გამგეებსაც. ამბობენ, რომ შენობაში არ აქვთ საკმარისი ფართი, რათა ბავშვებს საძინებელი და სასადილო ოთახები სათანადოდ მოუწყონ. ბაღების ადმინისტრაცია და მერია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოუწოდებს ახალი ბინების გადაცემისას უპირატესობა სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფთ მიანიჭოს.
ასეთი სურვილი თავად ამ შენობებში მცხოვრებთაც აქვთ, არც მათ უნდათ ავარიულ შენობებში ცხოვრება. ზუგდიდის ნომერ #7 ბაღი ერთ-ერთია იმ სააღმზრდელო დაწესებულებებს შორის, სადაც შენობის დიდი ნაწილი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებს აქვთ დაკავებული. კორპუსის მობინადრეები ამბობენ, რომ წლებია ახალი ბინის მოლოდინში არიან, თუმცა უშედეგოდ.
„ელემენტარული სველი წერტილი არ გვაქვს. წყალი ჭიდან დაგვაქვს. 22 წელია აქ ვცხოვრობ და ბინებზე საუბარი საერთოდ არ არის“, - ამბობს 25 წლის მანველა ფანცხავა.
მისი მეზობლები განმარტავენ, რომ ანტისანიტარიის გამო შენობაში მრავლად არიან მღრღნელები, ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბავშვები და უფროსებიც დაკბინეს.
„ჩვენი გადასვლა არ იქნა არაფრით. გვინდა გადასვლა. აქ მორიელმა შეგვჭამა, თაგვმა შეგვჭამა...“, - ამბობს 67 წლის გული ხუბულავა.
ანალოგიურ მდომარეობაში უწევთ ცხოვრებმა დევნილებს დანარჩენ ბაღებშიც, რადგან შენობების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში აცხადებენ, საბავშვო ბაღებში მცხოვრებთ ლოდინი დიდხანს არ მოუწევთ. როგორც მისი უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, 2კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში იწყება კიდევ ორის:
„პრიორიტეტული არის მხოლოდ მოქმედი საბავშვო ბაღები, რომლებიც დღეს ფუნქციონირებს“.
სამმართველოს უფროსის განმარტებით, გარდა იმისა, რომ პრიორიტეტი მიენიჭება მოქმედ საბავშვო ბაღებში მცხოვრებთ, ახალი საცხოვრებელი დევნილებს, როგორც სხვა შემთხვევაში, ქულების სისტემის მიხედვით გადაეცემათ.