Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება მოეწყო


ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება ზუგდიდში
ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება ზუგდიდში

ინტერნეტით გავრცელებული, მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ამსახველი, ვიდეომასალის ზუგდიდის ბულვარში ჩვენების ფაქტს მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვა. გასულ ღამეს ეს თემა სოციალურ ქსელშიც მწვავე განხილვის საგანი გახდა. „ფეისბუქის“ მომხმარებელთა უმრავლესობამ დაგმო ადამიანის სასტიკი წამების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტი. მათი თქმით, ჩვენების ინიციატორები ისეთივე მოძალადეები არიან, როგორც ამ ვიდეოს შემქმნელები, მით უფრო მაშინ, როცა ჩვენება მიმდინარეობს სამეგრელოში, რეგიონში, სადაც წამების მსხვერპლნი ცხოვრობენ და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია.

წამების კადრები უჩვენეს ზუგდიდის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ბულვარში, იქ, სადაც ბავშვები და მოზარდები ხშირად იკრიბებიან. კადრების ჩვენების ორგანიზატორი მოძრაობა „საზოგადოებრივი დარბაზია“, რომლის წევრებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც არიან. „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე სოსო ლაგვილავა წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენების ფაქტს საზოგადოების მოთხოვნით ამართლებს:

„ხალხის, საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები გვეჩვენებინა. ჩვენ, „საზოგადოებრივმა დარბაზმა“, გავაკეთეთ ის, რომ ეს ადგილი შევარჩიეთ, დაველოდეთ, რომ შებინდდებოდა და ვუჩვენეთ ეს ამაზრზენი კადრები. ეს არის ენით უთქმელი. სხვათა შორის, ბავშვები გავარიდეთ. მოსახლეობის ნაწილს ვაჩვენეთ“.

სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად დიდ ეკრანზე კადრის რამდენჯერმე ჩვენების ფაქტს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც დაესწრო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ არის ვიდეომასალის ჩვენების ორგანიზატორი, თუმცა აღნიშნა, "ეს კადრები ყველამ უნდა ნახოსო":

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ, რომ შევცვალოთ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, უნდა ნახონ, რა ხდებოდა".

ფილმის ჩვენებამდე ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ასევე „საზოგადოებრივი დარბაზის“ ინიციატივითა და თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყო. აქციის ორგანიზატორებმა გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის წამების ფაქტები. ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის ყოფილი პროკურორის და ამჟამად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას სახლთან მივიდნენ. სახლის ტროტუარსა და ჭიშკარზე გააკეთეს წარწერა: „გაუქმებულია“.

„არა ძალადობას. ოცდამეერთე საუკუნეში, დღევანდელ ეპოქაში რომ ასეთი ძალადობის ამსახველი ფაქტები ვრცელდება სოციალურ ქსელში, ეს ჩვენი სირცხვილია“,- განუცხადა ჟურნალისტებს მადონა მაქაცარიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ბიბლიოთეკის დირექტორმა.

უკრაინულმა ვებგვერდმა tube.ua-მ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში, გადაღებული ვიდეომასალა, სათაურით - „როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეოში ჩანს მამაკაცზე სექსუალური ძალადობა. უცნობი პირები მამაკაცს ამ წამების შედეგად „აღიარებით ჩვენებას“ ართმევენ ვიდეოდან გაურკვეველი დანაშაულის შესახებ.

XS
SM
MD
LG