Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავა საგუშაგოების გამო


ზარდიანთკარი
ზარდიანთკარი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ ზარდიანთკარში განთავსებული პოლიციური საგუშაგოების გაუქმებას მოითხოვს. ეს საკითხი თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განიხილა. სპეციალური განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამაც.
„სასაზღვრო რაიონში მუდმივი პროვოკაციები, აგრესიული რიტორიკა და სამხედრო პოტენციალის ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას რევანშისტული გეგმები აქვს და ვითარებას შეგნებულად ძაბავს“, – ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი ამ საგუშაგოებს, ოსური მოსაზღვრე გზის სათვალთვალოები უწოდა და მათი გაუქმება მოითხოვა.

რამდენიმე დღის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში პოლიციური საგუშაგოები განათავსეს. მანამდე ეს საგუშაგოები სოფლისგან მოშორებით, სოფელ მერეთთან მდებარეობდა. საგუშაგოების განთავსებამ ზარდიანთკარში ადგილობრივი ოსური მოსახლეობის პანიკა გამოიწვია და მან დახმარებისთვის დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა კი კვირას ზარდიანთკარში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ეს საგუშაგოები ომის დროს სოფლიდან წასული ქართული მოსახლეობის უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის განთავსდა.

4 წელია ზარდიანთკარელები გორის საბავშვო ბაღებში უსტატუსო დევნილებად ცხოვრობენ. ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებდნენ. ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მოქცეული სოფელი საქართველოს ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდებოდა, ამიტომ ქართველმა სამართალდამცავებმა საგუშაგოების განთავსებით სოფლის კონტროლი დაიწყეს და იქ დევნილების დაბრუნებას აპირებენ. სოფელში ქართველი პოლიციელების გამოჩენით შეშინებული ადგილობრივი ოსური მოსახლეობა დახმარების სათხოვნელად ცხინვალში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ოსები ცხინვალში ისე გადავიდნენ, რომ მათთვის რუს მესაზღვრეებს პრობლემები არ შეუქმნიათ. სხვა შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ ხოლმე. ოსური მხარე აღიარებს, რომ ზარდიანთკარი საქართველოს იურისდიქციაში შედის და იქ პოლიციელების მოქმედება ქვეყნის შიდა საქმეა, თუმცა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ქართველი სამართალდამცავების ქმედებას ნაჩქარევად მიიჩნევს და მოითხოვს საგუშაგოების ისევ მერეთის მიმართულებით გადაწევას.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაძაბულობის კერას არჩევნების წინ შეგნებულად ქმნის. მისი აზრით, თუ ზარდიანთკარი ოსურმა მოსახლეობამ დატოვა, მაშინ სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს, გალის მსგავსად, და პროცესი დიდი ხნით შეფერხდეს.

ქართული მხარე საგუშაგოების გაუქმებას არ აპირებს. ოსური მედიის ცნობით, ვითარება ზარდიანთკარში დაძაბული რჩება. მხარეები კი კონკრეტულ შეთანხმებას ვერ აღწევენ და მხოლოდ მოლაპარაკების გაგრძელებაზე თანხმდებიან. ზარდიანთკარში ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მანძილი დაახლოებით 100 მეტრია, ოსური მხარე ამ მანძილის გაზრდას 500 მეტრამდე ითხოვს და აცხადებს, რომ ეს შეთანხმებით არის მიღწეული და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას. აღსანიშნავია, რომ ერგნეთთან ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მანძილი 50 მეტრს არ აღემატება, მაგრამ იმ მიმართულებით ოსური მხარე პრეტენზიას არ გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG