Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“


„დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ XX საუკუნის კიდევ ერთი კლასიკური ნაწარმოები - ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ - გამოვიდა. თამარ ჯაფარიძის მიერ შესრულებული შესანიშნავი თარგმანი XXI საუკუნის ქართველ მკითხველსაც გააცნობს იმ სამყაროს, რომელსაც აქამდე დედნის ენაზე ან რუსულ თარგმანში ვეცნობოდით. ესაა მილერის გადმოქართულების ძალზე ზუსტი და ადეკვატური ცდა, რომელიც უკვე თამამად შეგვიძლია ბოლო ათწლეულების საუკეთესო პროზაული თარგმანების რიცხვს მივაკუთვნოთ.

ჩემს გადაცემაში სწორედ მთარგმნელი, ქალბატონი თამარ ჯაფარიძე მოვიწვიე, ვისთან ერთადაც, ცხადია, ჰენრი მილერის ენაზეც ვისაუბრეთ:
„რაც შეეხება უშუალოდ მის ენას. რთულია იმდენად, რამდენადაც ძალიან თავისუფალია მისი ენა. არც კი ვიცი როგორ ვთქვა. ლიტერატურული ენა რასაც ჰქვია, მთლად ასეთი არ არის, მხოლოდ ასეთი არ არის. ძალიან ფართო სპექტრის ენას იყენებს ჰენრი მილერი. აქ არის რეპორტაჟის ტიპის ჩანაწერები, იმიტომ რომ თვითონ ძალიან დიდხანს მუშაობდა გაზეთში და ეს ეტყობა, ეს რეპორტიორული სტილი, ჟურნალისტის... არის ასევე კრიტიკოსის ხმა, იმიტომ რომ კრიტიკულ წერილს წერდა უამრავს, უფრო მერე, ბოლო წლებში. ანუ კარგი კრიტიკოსი იყო, განათლებული. ფილოსოფიური ხმებიც არის... ძალიან პოლიფონიურია მისი ენა. ამას გარდა, ახალბედა, ინგლისურის საშუალოდ მცოდნე ადამიანისთვის, ასე რომ ვთქვათ, გასაგებად, რაღაც ნაწარმოებები შეიძლება წაიკითხოს და გაიგოს, მილერს კი ვერ გაიგებს. ანუ საკმაოდ ძარღვიანი და ოდნავ დღეისთვის უკვე მოძველებული ენაა, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე და თავისუფალი იყო“.

აი, ასეთი ძარღვიანი, რიტმული პროზა გადმოაქართულა თამარ ჯაფარიძემ და, ჩემი აზრით, შესანიშნავად გაართვა თავი ამ ამოცანას:

„სწორი ბრძანეთ, ეს ძალიან რიტმული პროზაა, მთლად პოეტურ პროზას, რა თქმა უნდა, ვერ დავარქმევთ, მაგრამ რიტმულია... სხვათა შორის, შეიძლება ამაში რაღაც გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ ძალიან უყვარდა მუსიკა - პოეზია არ უყვარდა იმდენად, რამდენადაც მუსიკა. პროფესიონალი მუსიკოსი არ იყო, მაგრამ ძალიან მაღალი დონის მოყვარული იყო, უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე (მხატვარიც იყო, სხვათა შორის, თუმცა, როგორც მხატვარი, აღიარებულია, როგორც მუსიკოსი – ნაკლებად)... იგივე ამ ნაწარმოებში ალაგ-ალაგ პირდაპირ სქემა შეიძლება დაიხატოს... მუსიკალურ ნაწარმოებებს, სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ყველაფერ ამას ახსენებს და თითქოს იმ რიტმში წერს – შეგნებულად თუ ძალაუნებურად, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ რიტმი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სწორხაზოვანი სიუჟეტური ქარგა არა აქვს ამ ნაწარმოებს, აშკარად იგრძნობა“.

თავისი მწერლური მეთოდის შესახებ თავად მილერიც არაერთხელ წერს. აი, მაგალითად, გადავშლით მის წიგნს 24-ე გვერდზე და ვკითხულობთ: „საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ ნაწერებში ერთი სტრიქონიც არ შევცვალო. ჩემი აზრების თუ ქმედებების გაპატიოსნების სურვილი არა მაქვს. ტურგენევის სრულყოფილებას დოსტოევსკის სრულყოფილებას დავუყენებდი გვერდით...“. არსებითად, ეს რომანი ლიტერატურული გავლენებიდან გამოღწევის მცდელობა იყო, ძალზე წარმატებული მცდელობა. ამის შესახებ მილერმა თავის 1962 წელს მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც აღნიშნა, სადაც ამბობდა, რომ „კირჩხიბის ტროპიკამდე“ მიმბაძველი იყო და ყველა მწერალი გავლენას ახდენდა მასზე, ნებისმიერ რამეს ისრუტავდა საყვარელი მწერლებისგან, მოკლედ, ლიტერატურით იყო შეპყრობილი, და უცებ, როგორც თავად ამბობს, თოკი გადაჭრა და ერთი ხელის მოსმით მოაშთო თავის თავში ლიტერატურა: „ჩემს თავს ვუთხარი: მხოლოდ ის უნდა შევქმნა, რაც შემიძლია, უნდა დავანახვო ყველას, თუ ვინ ვარ. სწორედ ამიტომ დავიწყე პირველ პირში წერა და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან დავწერდი იმის შესახებ, რაც ვიცოდი და რასაც ვგრძნობდი. ამან მიხსნა“.

„კირჩხიბის ტროპიკშიც“ პირველივე გვერდებზე წერდა დაახლოებით იმასვე ჰენრი მილერი, რომ ყველაფერი შემოეძარცვა, რაც ლიტერატურასთან აკავშირებდა, რომ დარჩა მხოლოდ ქილიკი, ცილისწამება, განქიქება: „წიგნის გარდა ყველაფერია – საზიზღრობა, უსაშველოდ დიდი შეურაცხყოფა, ხელოვნებისთვის შეფურთხება, ტრაკში ამორტყმული წიხლი თვით შემოქმედისთვის, ადამიანისთვის, ბედისწერისთვის, დრო-ჟამისთვის, სიყვარულისთვის, მშვენიერებისთვის – ნებისმიერი რამისთვის, რაც თავში მოგივათ!“... და აი, სწორედ ამ დროს ამბობს მთხრობელი, რომ ეს წიგნი გალობაა, ანუ საგალობელი.

ამ საგალობლებს რალფ უოლდო ემერსონის სიტყვები უძღვის წინ, რომელიც მისი დღიურებიდანაა აღებული და ეს ფრაგმენტი არსებითად ავტობიოგრაფიული წიგნებისა და დღიურის ფორმის რომანების მომავალს ეძღვნება:

„რომანს არა აქვს ერთი შეკრული სიუჟეტი. სიუჟეტი იკვრება იმით, რომ მთავარი გმირია ერთი და მისი ყოველდღიური ცხოვრება, დღიურივით, ჩანაწერებით ერთიანდება, ანუ დღიურის სქემა აერთიანებს რომანს“.

„კირჩხიბის ტროპიკი“ 1934 წელს გამოვიდა, როდესაც მწერალი უკვე 42 წლის იყო. მაშინ მილერი ჯერ კიდევ პარიზში ცხოვრობდა და ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირიც პარიზია, ქალაქი, სადაც კი არ კვდებიან, არამედ ცხოვრობენ – ცხოვრობდა დანტე, ბალზაკი, ზოლა, სტრინდბერგი, უაილდი, ჯოისი... ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ისიც დაწერა, მილერი პარიზში მაშინ ჩავიდა, როცა ყველა უკვე შინ ბრუნდებოდაო. თუმცა, ამის მიუხედავად, ჰენრი მილერმა მაინც გამოჰკრა ხელი საკბილოს, შეიძლება ითქვას, მან სწორედ პარიზში იპოვა თავისი თავი.

დიდხანს არ ვისაუბრებ რომანის ბედზე. როგორც იცით, ეს წიგნი გამოსვლისთანავე აიკრძალა და აშშ-ში მხოლოდ 1961 წელს გამოვიდა. მთავარი ბრალდება, რა თქმა უნდა, პორნოგრაფიულობა იყო:

„რაც შეეხება პორნოგრაფიულობას... რა თქმა უნდა, პორნოგრაფიული ლიტერატურაც არსებობს, კინოც არსებობს და ა.შ. და მას სულ სხვა ფუნქცია აქვს. აქ კი სხვა რამეა მთავარი. ასეთი მომენტები, ასე ვთქვათ, ძალიან გულწრფელი, უხეში ნატურალიზმი ზოგადად ამ პერიოდის ლიტერატურაში (და მარტო ლიტერატურაში არა, სხვათა შორის, არამედ თეატრშიც, განსაკუთრებით) ძალიან შემოდის, რადგან ითვლება, რომ ეს ადამიანის გაშიშვლება, იგივე ეროტიკული სცენები და სხვა ყველაზე გასაგებია ადამიანისთვის, იმიტომ რომ არის ყველაზე ადამიანური“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანმა თავის სამშობლოში 2 ათწლეულზე მეტ ხანს დააგვიანა, მან მაინც ბევრი რამ შეცვალა, დიდი გავლენა იქონია. თუნდაც ბიტნიკები, ძალიან აფასებდნენ მილერს და ბევრ რამეში ჰბაძავდნენ კიდეც. ეგ კი არა, 90-იანების დასაწყისში მილერმა საქართველოსაც კარგად შემოუტია. მაშინ ამ კაცის ნაწერები ბევრს ნიშნავდა, ახლა კი დადგა დრო პირველი სრულყოფილი და, ჩემი აზრით, წარმატებული თარგმანიც წავიკითხოთ და ცოტა უკან მოვიხედოთ.
XS
SM
MD
LG