Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერცხლის ქუჩის ოქრომჭედელი


თბილისის ძველ უბნებში ჯერ კიდევ აღმოაჩენთ ისეთ ადგილებს ან ადამიანებს, წარსულის ამბებს რომ ჰყვებიან და ინახავენ. სად არიან ქალაქში შემორჩენილი ძველი ხელოსნები, მკერავები და ოქრომჭედლები? რას ჰყვებიან და როგორ იცვლება მათი ცხოვრება და სამუშაო გარემო დროსთან ერთად?

თბილისში, „იარმორკაზე“, ძველი სომხური ეკლესიის წინ, ერთი პატარა სახელოსნოა. კედელზე გამოკრული ცნობა იუწყება, რომ მე-19 საუკუნეში ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობდა და მუშაობდა ხელოსანი ტიგრან ავეტისიანი. მას შემდეგ თითქმის 150 წელი გავიდა და ვერცხლის ქუჩაზე ახლაც მუშაობს იმავე სახელისა და გვარის მქონე ხელოსანი - ოქრომჭედელი ტიგრან ავეტისიანი. ცნობა სიამაყით აქვს გამოკრული ტანადი ქერა ქალბატონების პლაკატების გვერდით. ტიგრანი 61 წლის წინ თბილისში დაიბადა, მახათას მთაზე. მერე ერევანში ყანწების დამზადების ხელობა ისწავლა. არქეოლოგობა სურდა და ოცნება რომ ვერ აიხდინა, ძველ ნივთებამდე და ძვირფას ლითონებამდე სხვა გზით მივიდა.

„ერევანში რომ ვისწავლე, ორი წელი მერე ჯარში ვიყავი. იქაც ვხატავდი რაღაცებს. აქ რომ ჩამოვედი 77 წელს, თბილისის ოქროს ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ორი-სამი თვე მოწაფე ვიყავი, მერე ხელოსანი გავხდი. ვერ ვიფიქრებდი, რომ ოქრომჭედელი გავხდებოდი. მე არქეოლოგობა და ძველი ნივთების ძებნა მინდოდა. ახლა ძველი ნივთები თვითონ მოდიან ჩემთან და მე რესტავრაციას ვუკეთებ. დიდ სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმის კეთებით“.

უკვე 38 წელია, ოქრომჭედელია, თუმცა რაღაც ახლის სწავლას ყოველდღიურად ცდილობს. თავის საქმეში ყველაზე მეტად სწორედ ეს მოსწონს - ახალი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნივთების კეთება, როცა საკუთარი იდეებისა და ფანტაზიის გამოყენებაც უწევს და რუტინულ სამუშაოს შემოქმედებით პროცესად აქცევს:

„ნებისმიერი ნივთის გაკეთებას რომ ვიწყებ, ვფიქრობ, როგორი გამოვა. სასიამოვნოა, რომ დაამთავრებ, შენც მოგეწონება და შემკვეთსაც. სულ თვალებში ვუყურებ და ასე ვატყობ, მოეწონათ თუ არა. ოქროს ქარხანაში ხუთი წელი ვმუშაობდი. იქ 100-200 ერთნაირი ბეჭედი უნდა დამემუშავებინა. ბოლოს ატანა აღარ მქონდა ამ საქმისა და რობოტივით ერთი და იმავე ნივთების კეთების“.

თითქმის ყველა ლითონზე მუშაობს - ოქრო, ვერცხლი, ბიჟუტერია. შემკვეთი ისედაც ცოტაა და ცდილობს ყველას მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მისთვის საინტერესო ნივთების კეთების საშუალება ყოველდღე არ აქვს. ყველაზე ხშირად ბეჭდებს ბუდიდან ამოვარდნილ თვლებს ვუბრუნებო, ჰყვება. ამ საქმეს თავს მაინც ვერ ანებებს. იმასაც ამბობს, კარგი ხელოსანი რომ დადგე, მომთმენი და საქმის ერთგული უნდა იყოო:

„ნიჭიც საჭიროა, სიყვარულიც და ადამიანებთან ურთიერთობაც. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ახლა იმდენი ხელოსანია, ერთი-ორი დღე ისწავლიან, ჩამოსხმაზე მუშაობენ და ამბობენ, ოქრომჭედლები ვართო. ორ კვირაში რომ რამეს ისწავლი, არ ნიშნავს, რომ ოქრომჭედელი ხარ“.

19 წელი ლესელიძის ქუჩაზე მუშაობდა. შენობა, სადაც სახელოსნო იყო, დახურეს. კარგად ნაცნობი უბნიდან შორს წასვლა არ სურდა და 6 წლის წინ ახალი სახელოსნო იქვე, ვერცხლის ქუჩაზე, გახსნა. იცის, რომ, მისი სეხნიის მსგავსად, ამ ქუჩაზე უამრავი ხელოსანი ცხოვრობდა და მუშაობდა. ახლა სულ ორნი არიან - თვითონ და მკერავი ქუჩის მეორე მხარეს. თუ საქმე არ აქვს და შეკვეთის მოლოდინშია, ხან ტელევიზორს უყურებს, ხან კი ფერადი ფოტოებიდან მოღიმარი ქალბატონების კამპანიით ირთობს თავს. ყვავილებიც აქვს და აკვარიუმში თევზებიც დაცურავენ, ოღონდ არა ოქროსი.

„ეს ფოტოები ენერგიას მაძლევენ. სადაც არ უნდა იყოს, სილამაზე სილამაზეა. აბა, შტანგისტი ხომ არ ვარ, კაცების სურათები დავკიდო. თან ოთახიც გასარემონტებელია, ჭერი და კედლები იშლება და ცარიელი რომ არ იყოს და რამით შევავსო, იმიტომაც ვაკრავ. ეს თევზები უკვე ერთი თვეა, რაც მყავს, კაქტუსები კიდე ჩემი ეზოდან მოვიტანე. ცივა, მეშინია არ გაიყინონ“.

ჩვენს დროში ასეთ ხელობებს ბევრი აღარავინ სწავლობს. ახალგაზრდებს ახლა სხვა ვნებები და ოცნებები აქვთ. დაკარგული ლალებისა და ზურმუხტების საძებნელად სხვა გზას ადგებიან, ამიტომ მოწაფეები ტიგრანთანაც იშვიათად მოდიან:

„შარშან ერთ ბიჭს ვასწავლე, სამი თვის მერე მითხრა: „ძია ტიგრან, მე უკვე მარტოც შემიძლია მუშაობაო. მოსკოვის პროსპექტზე გახსნა სახელოსნო და ახლაც მირეკავს და მეკითხება, რა როგორ გააკეთოს. მეორე მოწაფეც მყავდა, პატარ ბიჭი, 16 წლის. დილაობით, სანამ მე მოვიდოდი, 9 საათზე უკვე აქ იყო და მელოდებოდა, საღამოს კიდე ჩემთან ერთად გადიოდა. ახლა ჩემზე კარგადაც აკეთებს რაღაცებს, მაგრამ მე მიხარია, მოწაფემ რომ ოსტატს აჯობა“.

ოქრომჭედლის სახელოსნო პატარაა, თუმცა ბევრ ნივთს და კიდევ უფრო ბევრ და საინტერესო ამბავს იტევს, რომლებიც ტიგრანმა წლების მანძილზე დააგროვა ძვირფას ქვებსა და ადამიანებთან მეგობრობით.

XS
SM
MD
LG