Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველოტური მშვიდობისთვის


ნოდარ ბერიძე ენგურის ხიდზე
ნოდარ ბერიძე ენგურის ხიდზე

ენგურის ხიდთან დაასრულა სამშვიდობო მსვლელობა ველოსიპედისტმა ნოდარ ბერიძემ, რომელმაც სტარტი 18 დეკემბერს აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე, წითელი ხიდიდან, აიღო. სპორტსმენმა მსვლელობა, სახელწოდებით "მშვიდობისა და მეგობრობის ხიდი", ჯუმბერ ლეჟავას სახელობის #6 ველოტურის ფარგლებში მოაწყო. ველოსიპედისტის განმარტებით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენგურის ხიდზე ყოფნა და სამშვიდობო მსვლელობის აქ დასრულება, რადგან თავად აფხაზეთის ომის მონაწილე იყო:

„ახლა ემოცია მაწვება ძალიან. ეს ე.წ. საზღვარი იმდენად ტკივილიანი და მოსაშუშებელია, რომ რაც მალე ჩაერთვება ყველა ქართველი და აფხაზი, მით უკეთესი იქნება“.

სპორტსმენის განცხადებით, ეს ასევე არის ერთგვარი მოსამზადებელი მსვლელობა 2016 წელს დაგეგმილი მასშტაბური ველოტურის წინ, რომელიც ასევე მშვიდობას მიეძღვნება. ნოდარ ბერიძის განმარტებით, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის #7 ველოტური 22 იანვარს დაიწყება და 850 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში ჩართული იქნება 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. ტურის მონაწილეებს 50 ათასზე მეტი კილომეტრის დაფარვა, 3 500-ზე მეტი ქალაქისა და დასახლებული პუნქტის გავლა მოუწევთ. სპორტსმენის თქმით, ეს მსვლელობა მთელ მსოფლიოს დაანახვებს, რომ საქართველოს მშვიდობა სურს:

„ეს იქნება სპორტი მშვიდობისთვის. მშვიდობის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას მთელ მსოფლიოში და საქართველო გამოდის როგორც მოწინავე, მედროშე კავკასიის რეგიონიდან. ეს კიდევ ერთხელ ინფორმაციულ ტალღად გადაუვლის მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, საუბრისთვის და... ერთი სიტყვით, რომ დასრულდეს ჩვენი საჭირბოროტო საკითხები, ასევე უკრაინაში, სირიაში და ა.შ.“.

ნოდარ ბერიძემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ მას, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილეს, აქვს სურვილი მოიტანოს მედლები და დაალაგოს ენგურის ხიდზე, რადგან, მისივე სიტყვებით, "ისინი ძმათა სისხლისმღვრელი ომის შედეგადაა მიღებული". მისი თქმით, ეს თემა ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რადგან არ იცის ვეტერანების დიდი ნაწილის აზრი. ნოდარ ბერიძეს ენგურის ხიდთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და სპორტსმენს უგულშემატკივრეს.

XS
SM
MD
LG