Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომ ვეიტსი - „Bad As Me“


რადიოპროექტი - „ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ“, ალბათ, მოგეხსენებათ. ერთ-ერთ მათგანთან, კერძოდ კი ბიჭიკოსთან, ახლო ნათესაურ კავშირში ვარ შემჩნეული და ამ საპატიო მიზეზის გამო, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. როგორც ასაკით უფროსმა, ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ზრუნვა სხვას არავის ანდო და როკ-მუსიკის მუღამებსაც მან მაზიარა. მისი წყალობით, “ბიტლზებზე” ფეხადგმული, კლასიკოსებს, “ლედ ზეპელინს”, „პინკ ფლოიდსა“ თუ „ბლექ საბათს“ ვეზიარე. წვრთნის პროგრამა კი, 1990 წელს, ფრედი მერკურის დაბადების დღეზე - 5 სექტემბერს, საზეიმოდ დაიხურა დაუნდობელი სმით.
ტომ ვეიტსის Bad As Me
ტომ ვეიტსის Bad As Me
please wait

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00
გადმოწერა


სენსეი ბიჭიკო ცოტა უცნაური კაცია, ზოგჯერ თვითგვემა სიამოვნებს. სინანულით ამბობს ხოლმე: „თაობები გამიზრდია, მაგრამ, რად გინდა, ვინ მიფასებსო...“. სადღაც მართალია, რადგან საბოლოო ჯამში, ვუღალატე და ჯაზისკენ გავუხვიე, თუმცა გაწეულ ამაგს ნამდვილად ვერ დავუკარგავ. თუნდაც იმიტომ, რომ ტომ ვეიტსი პირველად სწორედ მან მომასმენინა. ერთხელ მითხრა: მოდი ბიჭო, ჭეშმარიტებას გაზიაროო და ისეთი სახით ჩართო სიმღერა, გეგონებოდა მისი დაწერილი, ნამღერი და არანჟირებული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი 20 წლის წინ დატრიალდა, სიმღერაც ზუსტად მახსოვს და პირველი შთაბეჭდილებაც - ვიღაც გადარეული ბიძა მღეროდა, ჩახლეჩილი, უხეში ხმით, ფეხების ბაკუნით, უცნაური რითმებითა და საცეკვაო მოტივებით.

მერე „მწვანე ტალღაზე“ დავიწყეთ მუშაობა. სად იყო მაშინ კომპიუტერი და ე.წ. „ემპეტრი“, ამიტომ სასურველი სიმღერა რომ ეთერში გაგვეშვა, აუდიოკასეტები ფანქრით ან თითით უნდა გადაგვეხვია. განსაკუთრებით ისინი ვწვალობდით, ვისაც ოდნავ დიდი თითი გვქონდა. ამ უცნაური საქმიანობის ოსტატი კი სალომე ასათიანი გახლდათ, როგორც მაიკლ ჯორდანი ბურთს, კასეტას ისევე ოსტატურად აბზრიალებდა და ზუსტად სასურველ სიმღერაზე აჩერებდა. დღემდე არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა, ხეზე ცოცვა არ უსწავლებია.

სალომე ტომ ვეიტსის ბალადაზე - Blue Valentines-ზე იყო განსაკუთრებულად გაწაფული, ეს ალბომი ყველას გვიყვარდა. რა თქმა უნდა, ვეიტსის სხვა სიმღერებსაც ვთავაზობდით მსმენელს, თუმცა, ხომ იცით, როგორი ამოჩემება გვჩვევია - ამ ბალადის გარდა სხვა არაფრის გაგონება არ სურდათ და ჩვენც იქამდე ვატრიალეთ, სანამ მთელი ალბომი შავ სიაში არ შეიტანა მრისხანე დირექციამ.

ტომ ვეიტსმა, ალბათ, სწორედ ამ ულამაზესი, სასიყვარულო ბალადით მოიკიდა ფეხი თბილისში, მისი ალბომებიც ნელ-ნელა ჩნდებოდა მელომანთა კოლექციებში და ე.წ. „ვეიტსისტების“ კლანიც იკვრებოდა. ჩემს გარშემო ასეთი - ზემოხსენებული ბიჭიკო, მაგაზე „უარესი“ სალომე ასათიანი და ჩემი მეგობარი - ნინო კალანდიაა, რომელმაც ამას წინათ, ისეთი გემრიელი ბლოგი გამოაცხო მუსიკოსზე, დანაშაულია, არ წაიკითხო.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენში ტომ ვეიტსის მუსიკას ბევრი ყვარობს. არცაა საჭირო. სადაც კენი გარეტის კონცერტზე, როგორც კიტ ჯარეტზე მივიდნენ, ეს გასახარიცაა. თანაც, ვეიტსი იმ ერთეული არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის მუსიკაც იმდენად უკომპრომისო, გულწრფელი და ნაღდია, ყველაზე ნიჭიერი სნობიც კი წახდება - ვერ იმიტირებს მოდელირებულ სიამოვნებას, ატრიალებული თვალის კაკლებით.

ეს სიმღერა ტომ ვეიტსის ახალი სტუდიური ალბომიდანაა, რომელსაც „Bad As Me“ ჰქვია და 25 ოქტომბერს გამოვიდა. მას 7 წელი ველოდით. კრიტიკოსები, რომელთაც ცივი გონებით ანალიზი მოეთხოვებათ, ალბათ, მკაცრ და მშრალ ტექსტებს გამოაცხობენ. მაგალითად, ასეთს: „რომ ტომ ვეიტსი თანამედროვე მუსიკალური სამყაროს გამორჩეული ფლაგმანია“, ან ასეთს: „ახალ ალბომში მუსიკოსი არ ღალატობს ჩვეულ
ელწერას, ებრძვის კონსონანსებსა და ალტერაციის ნიშნებს, თავის ფესვებს არ წყდება და დისონანსების ჩამატებით არღვევს დამკვიდრებულ ბლუზურ თუ როკ კანონიკას“.

მართალი გითხრათ, კრიტიკოსების ასეთი შეფასებების არასოდეს მესმოდა, არც ამაზონზე ვარსკვლავების რაოდენობით გამომიტანია რომელიმე ალბომზე დასკვნები. მითუმეტეს, ტომ ვეიტსის შემთხვევაში.

მას ერთ ინტერვიუში უთქვამს - „თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც არ ფუჭდებაო. ტუტანხამონის სამარხი რომ გახსნეს, მრავალი ათასი წლის წინ ჩატანებული თაფლი უნახავთ, ისეთივე ახალი და გემრიელი, როგორც პირველ დღესო“. ჰოდა, დიდი ეჭვი მაქვს ამ სევდითა და ირონიით გაჯერებულ სიმღერებსაც 7 წელი მოხუფული ინახავდა. გავსინჯე და განცდისა თუ შეგრძნებების დონეზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ეს თაფლივით გემრიელი ალბომი ნამდვილად დაგვანაყრებს და ცივ ზამთარსაც გადაგვატანინებს.
XS
SM
MD
LG