პარლამენტმა კენჭი უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს წევრობის იმ სამ კანდიდატს, რომლებიც პრეზიდენტმა დაასახელა. ესენი გახლავთ თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ანა დოლიძე, სხვადასხვა დროს სამივე ინსტანციის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილო და ნონა თოდუა, რომელიც სამართლის პროფესორია. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, პრეზიდენტმა საკმარისი კონსულტაცია არ გაიარა მმართველ საკანონმდებლო გუნდთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში რეალურ გარდაქმნებს უფრთხის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, „საქართველოს პრეზიდენტს მოკავშირე არ ჰყავს სასამართლოს გაძლიერების საქმეში“. გიორგი აბაშიშვილის ეს შეფასება პარლამენტში კენჭისყრის იმ შედეგებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა ვერ შეძლევს საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის. გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ესაა დამარცხება სასამართლოს გაძლიერების გზაზე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში. დღეს პარლამენტმა ვერ მოახერხა მურუსიძე შეეცვალა დოლიძით, დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის. ფაქტიურად, ამით საქართველოს პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება. დღეს საქართველოს პარლამენტი - უმცირესობაც და უმრავლესობაც, ყველა ერთად - დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში“.
პარლამენტის სხდომას ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები და, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღიათ, თუმცა, პარტიის წარმომადგენლების მანამდე გაკეთებული განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარს მაინც არ უჭერდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა დასახელებულ კანდიდატებს, მთლიანობაში, პროცესთან მიმართებით შენიშვნები აქვს. მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობასთან მეტი კონსულტაცია უნდა გაევლო, სანამ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს დაასახელებდა. ამასთან, მან 2 წლის წინანდელი ვითარებაც გაიხსენა, როცა უმრავლესობამ პირველ ჯერზე მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მიერ დასახელებულ მოსამართლეობის კანდიდატებს, მაგრამ მეორედ იმავე კანდიდატებმა მხარდაჭერა მოიპოვეს. პრეზიდენტს მხოლოდ ორგზის აქვს პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა:
მე ვიცი, რომ ქალბატონ ანას კანდიდატურას მაგიტომ არ უჭერდა ვინმე მხარს, რომ იქნებ ის დამოუკიდებელი იყოს. სხვებზე არ მაქვს ასეთი წარმოდგენა, არ ვიცნობ, მაგრამ რატომ არ დაუჭირეს მხარი, ეგ უმრავლესობის იმ წევრებს უნდა ჰკითხოთ, ვინც არც ერთს არ დაუჭირა მხარი...ლევან ბერძენიშვილი
„შესაძლებელია, თავიდანვე მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო პრეზიდენტის მხრიდანაც. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი თანამშრომლობდეს ყველასთან, საუბრობდეს ყველასთან, - არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, საპარლამენტო ოპოზიციასთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, - გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა და ‘ქართული ოცნებისა’“.
პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად თებერვალში დაასახელა, მარტში კიდევ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა. გაჭიანურებული საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პრეზიდენტს ხელახალი კონსულტაციებისკენ მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობამ. ივნისის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც კონსულტაციების გაგარძელებაა საჭირო.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობამ სასამართლოზე ხელისუფლების გავლენის შემცირების შიშით არ დაუჭირა მხარი, კერძოდ, ანა დოლიძის კანდიდატურას:
„მე ვიცი, რომ ქალბატონ ანას კანდიდატურას მაგიტომ არ უჭერდა ვინმე მხარს, რომ იქნებ ის დამოუკიდებელი იყოს. სხვებზე არ მაქვს ასეთი წარმოდგენა, არ ვიცნობ, მაგრამ რატომ არ დაუჭირეს მხარი, ეგ უმრავლესობის იმ წევრებს უნდა ჰკითხოთ, ვინც არც ერთს არ დაუჭირა მხარი“.
მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ლალიაშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის „დაუსაბუთებელი უარი“ მაინც „არსებული სასამართლო სისტემის შენარჩუნების სურვილითაა“ განპირობებული, სასამართლოს სისტემისა, რომელსაც სხვა კანდიდატის, ანა დოლიძის, შეფასებით, „სრული ტრანსფორმაცია სჭირდება“:
„სასამართლო სისტემას სჭირდება არა მარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია. ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს და ახალი ხალხის შესვლას იქ. რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასამართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“.
ანა დოლიძის კანდიდატურა პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ წარუდგინა.
სამოქალაქო სექტორმა გააკრიტიკა 7 აპრილს პარლამენტის კომიტეტში გამოსვლისას ნონა თოდუას მიერ გაკეთებული განცხადებადა მას ჰომოფობიური უწოდა.