Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა - ვაშინგტონის და ლონდონის პოზიცია


შეერთებულ შტატებში და დიდ ბრიტანეთში გრძელდება დებატები იმის შესახებ, თუ როგორი პასუხი უნდა გაეცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებას

საერთაშორისო მონიტორები ადასტურებენ, რომ სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევენ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით შეთანხმება იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ კიევი ფოკუსირებას ეკონომიკაზე მოახდენს.

„დღეს ჩემი აზრით, არ მსურს რაიმე რჩევის მიცემა, მაგრამ მაინც: ისეთი დიდი ევროპული ქვეყნის ხელისუფლება, როგორიცაა უკრაინა, ჯერ ქვეყნის ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებაზე უნდა ზრუნავდეს: მიხედოს ეკონომიკას, სოციალურ სექტორს, ცივილურად მოაგვაროს ურთიერთობა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონთან და დონბასელთა კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა უზრუნველყოს“ - აცხადებს რუსეთის ლიდერი.

სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც უკრაინის ეკონომიკის მწყობრში ჩადგომას უშლის ხელს - ამბობს ამერიკის კონგრესში გამოსვლისას ჯონ კერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი:

„ომი უკრაინაში არ გახლავთ პრინციპულად დონეცკის, ლუგანსკის და დებალცევოსთვის ბრძოლა, დამერწმუნეთ. ეს მნიშვნელოვანია: ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევით მომხდარი ტერიტორიის დასაკუთრება. ამ გზით უკრაინაში წყალი იმღვრევა, რაც კერძო ინვესტიციების დინებას აფერხებს და უკრაინის ეკონომიკის წინსვლას ძალიან ართულებს“.

კონგრესში გამართულ მოსმენაზე კერი დაეთანხმა სენატორ კრის მერფის, რომელიც თვლის, რომ ამერიკამ მეტი უნდა იღონოს რუსეთის პროპაგანდისტული ომის წინააღმდეგ.

„ყოველდღიურად არ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი მოლდოვაში, საქართველოში, სერბეთში, მონტენეგროში ლატვიაში და ბალტიისპირეთის დანარჩენ ქვეყნებში. ისინი კიდევ უფრო სრულყოფენ ომის ისედაც ასიმეტრიულ მეთოდებს, ყიდულობენ მედიის საშუალებებს, ფულს უხდიან საჯარო პირებს. და მათ, ვისაც ვერ მოისყიდიან, აშინებენ“ - აღნიშნავს სენატორი მერფი.

კანონმდებლების ნაწილი რუსეთის შესაკავებლად თეთრ სახლს უკრაინის შეიარაღებისკენ მოუწოდებს. მათი აზრით, რუსეთს სხვა ენა არ ესმის. სამშაბათს ამ თემაზე მსჯელობა დიდი ბრიტანეთის პარლამენტშიც გაიმართა. პრემიერ დევიდ კამერონის თქმით, უკრაინაში ლეტალური იარაღის გაგზავნა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, დაპირებისამებრ, უკრაინას მთელ რიგ არალეტალურ იარაღს ვაწვდით: ღამის ხედვის ხელსაწყოებს და ჯავშანჟილეტებს. მათივე თხოვნით, შემდეგ თვეში ბრიტანული ძალების პერსონალს ვაგზავნით, რომლებიც უზრუნველყოფენ მომზადებას ტაქტიკური დაზვერვით დაწყებული, სამედიცინო მომსახურების ლოჯისტიკით დამთავრებული. ასევე ვამუშავებთ ქვეითთა საწვრთნელ პროგრამას, რომელიც უკრაინული ძალების ძლიერებას განამტკიცებს“ - აცხადებს დევიდ კამერონი.

ამერიკელი და ბრიტანელი ოფიციალური პირები თანხმდებიან იმაზე, რომ ორივე ქვეყნის მთავრობა მზად უნდა იყოს იმ ალბათობისთვის, რომ უკრაინაზე გავლენის განმტკიცების შემდეგ, რუსეთის სამიზნე სხვა ქვეყნებიც გახდებიან.

XS
SM
MD
LG