Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტერიალზე უკრაინამ ავღანეთის თემაც დაჩრდილა


ნატო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ძალადობისაგან, - განაცხადა ორშაბათს ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნჯესკუმ. არა მხოლოდ მოვლენები უკრაინაში და ალიანსის სამომავლო გეგმები, არამედ საქართველოც იქნება ნატოს ორდღიანი მინისტერიალის მთავარი თემა. 4 დეკემბერს ალიანსის შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის 2013 წლის შემაჯამებელი მინისტერიალიც იმართება.

მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არ არის შეტანილი, უკრაინის საკითხი 2013 წლის ნატოს ბოლო მინისტერიალის მთავარი თემაა. ამაზე მეტყველებს დიდი რაოდენობით უკრაინელი ჟურნალისტების აკრედიტაცია ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და ასევე გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ მინისტერიალის დაწყების წინ გაკეთებული საგანგებო განცხადება, რომლის შინაარსიც ჟურნალისტებთან საუბარში რამდენჯერმე გაიმეორა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნჯესკუმ:

„ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ყველა და, მათ შორის, ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული თითოეული ადამიანის უფლება, ღიად და დემოკრატიულად გამოხატოს თავისი პოზიცია. ამასთანავე, მან ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისა და ძალის გამოყენებისაგან და დემოკრატიული გზით გადაჭრან არსებული უთანხმოება. გენერალურმა მდივანმა მოუწოდა უკრაინას, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეა, ბოლომდე დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმის შესაფასებლად, რა ეტაპზე ვიმყოფებით საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ბოლო ათწლეულში საქართველომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა...
ოანა ლუნჯესკუ
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ნატოს მინისტერიალს არ დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ 3 დეკემბერს ბრიუსელში ჩამოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც რუსეთ-ნატოს კომისიის სხდომას დაესწრება. ცხადია, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიმართ ჟურნალისტებს ბევრი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ კომისიის სხდომა დახურულია, მინისტერილის დღის წესრიგში კი ლავროვის პრესკონფერენცია ჩანიშნული არ არის.

ოფიციალურ პრესკონფერენციას არ გამართავს, თუმცა ჟურნალისტებს პრესცენტრის ფოიეში შეგვხვდება მაია ფანჯიკიძე, რომელიც 3 დეკემბერს ჩამოვა ბრიუსელში და საქართველოს დელეგაციასთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრები დახურულ კარს მიღმა შეაფასებენ საქართველოს ეროვნული პროგრამის მეხუთე ციკლს და, როგორც ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნჯესკუმ უთხრა ჟურნალისტებს, საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ რჩევასაც მისცემენ:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმის შესაფასებლად, რა ეტაპზე ვიმყოფებით საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ბოლო ათწლეულში საქართველომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. ვიმედოვნებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები დაარწმუნებენ საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გზა და უზრუნველყოს ვითარება, როდესაც ეჭვიც კი არ იარსებებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობაზე. ვიმედოვნებ, მინისტრები მიესალმებიან იმ დიდ წვლილს, რომელიც საქართველოს ნატოს ოპერაციებში შეაქვს“.

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძე თავის ამერიკელ კოლეგასთან - აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან - დახურულ კარს მიღმა გამართავს შეხვედრას. წინასწარი ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნისა და კონსულტაციების ოპერაციაში, რომელმაც 2014 წლის შემდეგ უნდა ჩაანაცვლოს ნატოს ISAF-ის ოპერაცია.
საკუთრივ ავღანეთის უსაფრთხოების საკითხებზე კი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში 4 დეკემბერს იმსჯელებენ. როგორც ალიანსის სარწმუნო წყაროები აცხადებენ, ნატო შემდგომშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ავღანეთის უსაფრთხოებაში. კერძოდ, 2014 წლის შემდეგ ალიანსის ქვეყნები ავღანეთში 8-დან 12 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნის საკითხზე მსჯელობენ. ამ და სხვა გლობალურ საკითხებს კი ნატოს მომდევნო სამიტი გადაწყვეტს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე უელსში გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG