საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინის ფინანსური სტიმულირების პაკეტი დაგეგმილზე დიდი იქნება. ფონდის დირექტორ ქრისტინ ლაგარდის თქმით, უკრაინას 5 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გადაეცემა, რაც ქვეყანაში ეკონომიკის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. ფონდის მიერ მობილიზებული უკრაინის ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის სრული თანხა 40 მილიარდს შეადგენს. აქედან 17.5 მილიარდი დოლარი გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყო.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, დეივიდ ლიპტონი განმარტავს, რომ პაკეტი დახმარებას უკრაინის ეკონომიკის აღდგენის თითქმის ყველა ეტაპზე ითვალისწინებს, მათ შორისაა პირველ რიგში სტაბილიზაციის ფაზა, შემდეგ - ეკონომიკის ზრდის და ბოლოს განვითარების ფაზა. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკრაინაში უკვე გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, რათა ბიუჯეტი და ფინანსები ქვეყანაში უფრო კონტროლირებული გახდეს.
„ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რეალურად მხოლოდ ხელშემწყობის როლი გვაკისრია. მოხარულები ვართ, რომ უკრაინას ისეთ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ, რომელიც ძირითადად პირველ ფაზას - ეკონომიკის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს, რათა მომავალი ზრდისთვის და განვითარებისთვის აუცილებელი ბაზისი შეიქმნას“ - აცხადებს ის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალი იარესკომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკრაინის ომით დაზარალებულ ეკონომიკას აღდგენისთვის გაცილებით მეტი დაფინანსება ესაჭიროება. ვაშინგტონში შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ -ჯეიკობ ლიუსთან- შეხვედრის შემდეგ იარესკომ განაცხადა, რომ აღნიშნული პაკეტი მხოლოდ საბანკო სისტემის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და მომავალი განვითარების ხელშეწყობას ის ვერ შეძლებს.
რაც შეეხება ფონდის მიერ რეკომენდირებული ეკონომიკური რეფორმების მთელ სპექტრს, უკრაინის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მათი დანერგვის თანმიმდევრობა და განრიგი უკვე შეჯერებული და შეთანხმებულია. „მოკლევადიან პერსპექტივაში ზოგიერთი რეფორმა მტკივნეული იქნება... თუმცა, როგორც კი დასტაბილურებიდან ზრდის ფაზაზე გადავალთ, რიგით უკრაინელს შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნის და ხელფასის მატების იმედი ჰქონდეს. იმედია - პენსიებისაც“ - აღნიშნავს მინისტრი და უკრაინელებს გაძლიერების და რეფორმებისადმი გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდებს.
ნატალი იარესკოს თქმით, ცვლილებების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სტიმულირების პაკეტი უკრაინის ეკონომიკას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს და პირველადი შედეგები შესაძლოა რიგითმა უკრაინელმა უკვე 2016 წლიდან იგრძნოს:
„ჩემი მიზანია, რომ ზრდას უკვე 2016 წელს მივაღწიოთ, მესამე და მეოთხე კვარტალში კი ადგილობრივი ინვესტიციები ეკონომიკაში დაბრუნდეს. ბანკებმა კრედიტების გაცემა მისაღებ პირობებში უნდა დაიწყონ და გაიზარდოს უცხოური ინვესტიციების დაბანდების წილი“ - განაცხადა ნატალი იარესკომ, რომელიც შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქციის სტუმარი იყო.
მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს „აბსოლუტური აუცილებლობით“ ნაკარნახევი ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, ეს „ძალიან რთული“ პროცესია. თუმცა, რეფორმების დანერგვის გარდა, დღეს უკრაინას პრაქტიკულად „სხვა არჩევანი არ აქვს“.
იარესკოს თქმით, ყველაზე მძიმე სამუშაოები უკრაინამ დღეს, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პირველ ეტაპზე უნდა ჩაატაროს. ეკონომიკის დასტაბილურების პარალელურად, ბიზნესის განვითარებისთვის უფრო იოლი და ხელსაყრელი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რისთვისაც მწარმოებლებს ბიუროკრატიული ბაერიერები უნდა მოეხსნას და შემცირდეს ბიზნესზე დაწესებული გადასახადები.
უკრაინის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს განკარგვაში მყოფ საწარმოებში და ზოგადად მთავრობაში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაც ამ ეტაპზე სრულ აუცილებლობას წარმოადგენს. იარესკოს თქმით, კიევმა უნდა დაანახოს უკრაინელებს, რომ ის მხოლოდ ლოზუნგებით არ შემოიფარგლება და სიტყვას საქმედ აქცევს.