Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომას ტრანსტრომერის „სანახევრო სამოთხე“


ტომას ტრანსტრომერი
ტომას ტრანსტრომერი
გამომცემლობა „ინტელექტის“ სერიაში „ნობელის პრემიის ლაურეატები“ ძალიან კარგი პოეტის, ტომას ტრანსტრომერის, კარგად მომზადებული კრებული გამოვიდა. 250 გვერდზე მეტი მოცულობის წიგნში პოეტის საუკეთესო ლექსებია შესული მისი ყველა პოეტური კრებულიდან, ბოლოში ტრანსტრომერის მოზრდილ ავტობიოგრაფიულ ტექსტს ნახავთ – „მოგონებები მხედავენ“, წინ კი წიგნს მთარგმნელის, მანანა კობაიძის, ვრცელი წინასიტყვაობა უძღვის.

ეს წიგნი საკმაოდ სრულ წარმოდგენას შეუქმნის ქართველ მკითხველს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოეტზე, თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრანსტრომერი ძალიან ცოტას წერდა. შესაბამისად, წიგნში მისი ყველა გამორჩეული ტექსტი მოხვდა და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ კრებულს პოეზიის მოყვარულებისთვის. ტრანსტრომერის შემოქმედების მოცულობით სიმცირეზე მთარგმნელმა მანანა კობაიძემაც ისაუბრა:

„საერთოდ სიტყვაძუნწ პოეტად ითვლება, ბევრს არ წერდა. კრებულებს შორის ყოველთვის რამდენიმე წელი იყო ხოლმე. თავად კრებულები მოცულობით მცირეა, მაგრამ თითოეულ სიტყვას მის ლექსებში აქვს ნამდვილი წონა, არც ერთი ცარიელი სიტყვა იქ არ არის, თვითონ არის ისეთი პოეტი, რომელიც თავის თავს გამუდმებით უდგას დარაჯად, რომ არ მისცეს საშუალება, რაღაცა ცარიელი სიტყვები წამოსცდეს, მხოლოდ გარეგნული სილამაზისთვის რამე თქვას. ასეთი რამ მის პოეზიაში არ არის“.

სწორედ ამიტომაა, რომ ტრანსტრომერის ბიბლიოგრაფია უფრო სქელტანიანია, ვიდრე მთელი მისი შემოქმედება. მისი პოეზია არაა სიტყვამრავალი და მდიდრული, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელი ლექსებიც აქვს. იგი ნათქვამს იშვიათად უბრუნდება, არ უყვარს დაზუსტებები და გამეორებები, მისი ყოველი სტრიქონი ყურადღებით უნდა წაიკითხო, რადგან იგი არაა ეფექტური სტრიქონების პოეტი, იგი უფრო მონოლითური პოეტია, უფრო რაღაც არქიტექტურულ ხატებს ქმნის, სადაც არაფერი მეორდება და დიდ ყურადღებას და ძალისხმევას ითხოვს მკითხველისგან, რათა ლექსი მთლიანობაში აღვიქვათ. ერთგან იგი პოეზიას აქტიურ მედიტაციას უწოდებს და ეს მის ლექსებზე ითქმის, პირველ რიგში, რადგან მისი ლექსები კი არ გადუნებს, არამედ მუდმივ სიფხიზლეს ითხოვს შენგან. მისი კითხვისას ვერ დაისვენებ, ისევე როგორც, მაგალითად, ელიოტის კითხვისას ვერ იგრძნობ შვებას. სხვათა შორის, ტრანსტრომერი თავის თავს ელიოტის შვილიშვილს უწოდებდა.

მისი სახეები ზოგჯერ სრულიად მოულოდნელია, აქვს მახვილგონივრული სტრიქონებიც, ხანდახან უცნაურად აკავშირებს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელ რაღაცებს, ზოგჯერ კი ტრადიციულ სახეებს აცოცხლებს ხოლმე. მასთან ლოლუები ამობრუნებული გოთიკაა, ამბობს, რომ მას ძალიან დაბალი ნაპირები აქვს და სიკვდილმა ორი დეციმეტრითაც რომ მოიმატოს, წაილეკება. სიკვდილზე კიდევ ასეთ რაღაცას წერს ერთგან:

„შუა ცხოვრებაში
სიკვდილი შემოგვივლის და
ზომას აგვიღებს. ვივიწყებთ ვიზიტს და
ვაგრძელებთ ცხოვრებას.
მაგრამ კოსტიუმის კერვა
უკვე დაიწყეს
იქ. სიჩუმეში“.


მის პოეზიაში ხანდახან სასოწარკვეთის, სინანულის თავაწყვეტილი შეტევებია, მას შეიძლება გზა აებნეს და მხოლოდ ისე მიაგნოს ყველაზე მთავარს, მისი ლექსი იზრდება, ავტორი კი თანდათან პატარავდება და მისთვის ადგილი აღარ რჩება: „აჰა, ბუდიდან გადმომაგდო. / მზად არის ლექსი“, მის ხელში პირსაპარსის ზუზუნი გუგუნში გადაიზრდება და იგი ვერტმფრენად გადაიქცევა, საიდანაც მფრინავი უყვირის: „თვალი გეჭიროს, / რასაც ხედავ, ბოლოჯერ ხედავ!“

ტომას ტრანსტრომერი შესანიშნავად იცნობს მუსიკას, - ეს მის სათაურებშიც ჩანს, - ზოგიერთი ლექსი კი ამა თუ იმ პიესის ილუსტრაციაა, ოღონდ არა რიგითი პოეტიზაცია, არამედ სრულიად განსხვავებული ხედვა. აი, მაგალითად, იგი უკრავს ჰაიდნს, გრძნობს მარტივ სითბოს ხელებში და, ბოლოს, ასეთ დასკვნამდე მიდის: „მუსიკა მინის სახლია დაღმართზე, / სადაც მოწყვეტილი ქვები მოგორავენ, ქვები მოფრინავენ, / ქვები გადაკვეთენ მინის სახლს გამჭოლად, / მაგრამ ყველა მინა მთელი გადარჩება“.

მის ბიოგრაფიაზე საუბრისას, როგორც წესი, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. საქმე ისაა, რომ 1990 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ პოეტმა მარჯვენა ხელის გამოყენებისა და მეტყველების უნარი დაკარგა, თუმცა ამის შემდეგ ტრანსტრომერმა კიდევ რამდენიმე წიგნი გამოსცა. რადგან ბიოგრაფიაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქ უნდა ვახსენოთ მისი ავტობიოგრაფიული ტექსტი „მოგონებები მხედავენ“, სადაც იგი უაღესად საინტერესო და გულახდილ დეტალებზე გვიამბობს. არ შემიძლია არ გავიხსენო ავადმყოფობით თავზარდაცემული ყმაწვილის განცდები, არა კონკრეტული დაავადების, არამედ ავადმყოფობის, როგორც ასეთის, წინაშე ძრწოლა. მას ეშინოდა სრულ სიგიჟეში არ ჩაძირულიყო, იმდენად ყოვლისმომცველი გახდა მისთვის ავადმყოფობის სამყარო, ავადმყოფობის ეს იმპერია, რომელიც მხოლოდ მუსიკით განდევნა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში თურმე ძალიან სწრაფად იზრდებოდა: „სემესტრის დასაწყისში, შემოდგომაზე, კლასში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი ვიყავი. გაზაფხულის სემესტრის ბოლოს კი ერთ–ერთი ყველაზე მაღალი. თითქოს ის შიში, რომელშიც ვცხოვრობდი, სიმაღლეში წასული მცენარის სასუქად ქცეულიყო“.

„წერენ ხოლმე, რომ გარეგნულად გაატარა ძალიან მშვიდობიანი ცხოვრება, მუშაობდა როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი – დილით მიდიოდა სამსახურში და ნაშუადღევს ბრუნდებოდა. ოჯახის მამა, რომელსაც ჰყავდა მშვენიერი მეუღლე და ორი ქალიშვილი, მაგრამ, ამავე დროს, ცხოვრობდა საშინლად დაძაბული სულიერი ცხოვრებით და მის პოეზიაში არის ეს სამყარო გამოხატული, სადაც იგი თვალს არ არიდებს არანაირ ტკივილს. ასეთია მისი ეს თითქოს უცნაურად გაყოფილი სამყარო, გარეგნულად ასეთი მშვიდი, ჩვეულებრივი ცხოვრება და შინაგანად სულ სხვა მდინარეები მიედინებოდა“.

ამ მდინარეებზე, განსაკუთრებით ბავშვობისდროინდელ ნაკადებზე იგი ძალიან ბევრს წერს ავტობიოგრაფიაში. აქ უაღრესად ზუსტი დაკვირვებებია და საინტერესო აბზაცებს შეხვდებით სკოლაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, ძალადობაზე და სხვა თემებზე. ბოლოს, ისევ პოეზიასთან დაკავშირებული ერთი მოგონებით მინდა დავასრულო. სხვათა შორის, ამით ამთავრებს ტრანსტრომერი თავის ავტობიოგრაფიას და, როგორც ჩანს, ეს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიაჩნდა. საუბარია კლასიკურ სალექსო საზომებზე, ძველ ბერძნულ და ლათინურ მეტრიკაზე, რომელსაც პოეტი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლის პერიოდიდანვე. წიგნის ბოლოს მას ერთი შემთხვევა მოჰყავს, თუ როგორ სკანდირებდა ჰორაციუსის სტრიქონებს მისი მკაცრი მასწავლებელი, ბოკენი, და შემდეგ როგორ ჯახირ-ჯახირ ათარგმნინებდა მოსწავლეებს ამ სრულყოფილი რიტმით გაწყობილ ტაეპებს, როგორ ჩამოჰქონდათ დედამიწაზე ეს მანათობელი რომაული ლექსი, „მაგრამ შემდეგ წუთს, შემდეგი სტროფით გვიბრუნდებოდა ისევ ჰორაციუსი ლათინურ ენაზე, განსაცვიფრებლად ზუსტი ლექსით. ამ მონაცვლეობამ, ერთი მხრივ, მსხვრევადს, ყოველდღიურსა და, მეორე მხრივ, მოქნილად ამაღლებულს შორის ბევრი რამ მასწავლა. ეს პოეზიის წინაპირობა იყო, ეს სიცოცხლის წინაპირობა იყო. ფორმის საშუალებით (დიახ, ფორმის!) შეიძლებოდა რაღაცის ამაღლება. მატლის ფეხები ქრებოდა და ფრთები იშლებოდა. ადამიანს იმედი არ უნდა დაეკარგა!“

ვერაფერი ვთქვი ამერიკელ პოეტზე, ტრანსტრომერის ინგლისურად მთარგმნელ რობერტ ბლაიზე. იმედია, მომავალში ცალკე ვისაუბრებ ამ ორი პოეტის მეგობრობას და მათი მიმოწერის მოზრდილ ტომს, რომელიც შვედურად 2001 წელს გამოვიდა, ინგლისურ ენაზე კი 2 თვეში, 2013 წლის აპრილში, გამოვა.
XS
SM
MD
LG